ერთპარტიული პარლამენტი

სამხარაძე: ბოკერია ალბათ ხუმრობდა, პარლამენტი ერთპარტიულიაო – ერთს+ერთი ორია

სამხარაძე, ბოკერია

"ალბათ, ხუმრობის ხასიათზე იყო, როცა თქვა, რომ პარლამენტი კიდევ უფრო ერთპარტიული გახდა". - პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას ეხმაურება. 

გიგა ბოკერიამ პატრიოტთა ალიანსის ყოფილი წევრების პარლამენტში შესვლაზე საუბრისას თქვა, რომ " ამ ხალხის შესვლა პარლამენტში არის ერთპარტიულობის დადასტურება."

"ცალსახაა, პარლამენტში შემოვიდა ახალი პარტია და ერთს რომ ერთი მიუმატოთ ორის ტოლია. სერიოზულად ამას ვერ აღვიქვამთ.

მგონი, თავის თავსაც ეწინააღმდეგება - როდესაც ევროპული საქართველო გამოეყო ნაციონალურ მოძრაობას მაშინ ის პარტია იყო და ევროპელი სოციალისტები რომ პატრიოტთა ალიანსს გამოეყვნენ, რატომ არ არიან პარტია? თავისივე მოქმედებებს შეეწინააღმდეგა ბოკერია და ამიტომ ვფიქრობ, ეს უფრო ირონიული განცხადება იყო და სერიოზული არა". - ამბობს სამხარაძე ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში. 

პარლამენტმა პატრიოტთა ალიანსის სამი წევრის - ფრიდონ ინჯიას, დავით ზილფიმიანისა და გელა მიქაძის სადეპუტატო უფლებამოსილება 5 იანვარს ცნო. ქართული ოცნება კი 2021 წლის 5 იანვრით დათარიღებულ საინფორმაციო ბიულეტენში უცხოელ პარტნიორებს აცნობებს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ "პარლამენტში შევიდა პირველი ოპოზიციური პარტია ევროპელი სოციალისტები ".

პრორუსული პარტიის სამმა წევრმა პარლამენტში ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილები დაიკავეს, რადგან მათ საკანონმდებლო ორგანოს მანტადებზე უარი განაცხადეს.

საპარლამენტო მანდატზე უარი არ უთქვამს პატრიოტთა ალიანსის სიის მე-4 ნომერს, ავთანდილ ენუქიძეს, თუმცა, იგი თანაპარტიელებს რიგგარეშე სხდომაზე მოგვიანებით შეუერთდა.

ფრიდონ ინჯიას თქმით, ის, ავთანდილ ენუქიძე, ზაზა მიქანაძე და დავით ზილფიმიანი აყალიბებენ პოლიტიკურ გაერთიანება ევროპელ სოციალისტებს და საკანონმდებლო ორგანოში ასე შედიან.

"ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ყველა ოპოზიციური პოლიტიკოსის ადგილი ქუჩაში არ არის, ის, ვისაც ამის მანდატი აქვს, ის უნდა იყოს პარლამენტში. ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს ამომრჩევლებს, მათ გადაწყვეტილებას, რაც არ უნდა მცირე იყოს ის, შევდივართ პარლამენტში იმისათვის, რომ ოპონირება გავუწიოთ მმართველ პარტიას". - თქვა ფრიდონ ინჯიამ.

პარლამენტის მანდატების გაუქმების მოთხოვნით პატრიოტთა ალიანსის სამმა წევრმა, ირმა ინაშვილმა, გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ 21 დეკემბერს მიმართეს. ცესკოს მიერ დამტკიცებული შედეგებითპატრიოტთა ალიანსმა არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 3.14% და 4 საპარლამენტო მანდატი მოიპოვა.

ირაკლი კობახიძე მათ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და თქვა, რომ "მნიშვნელოვანია, რომ პატრიოტთა ალიანსის რუსული შემადგენელი არ შემოვიდა პარლამენტში".

ოპოზიციის 60 დეპუტატიდან 54-მა ოფიციალურად თქვა მანდატზე უარი. პარლამენტარობაზე უარის თქმის მოთხოვნით პარლამენტისთვის მხოლოდ მოქალაქეებსგირჩის სამ და პატრიოტთა ალიანსის ერთ წევრს არ მიუმართავთ.

კომენტარები