დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპის უფროსი მრჩეველი რუსეთის საკითხებში თანამდებობიდან გადადგა

დონალდ ტრამპი
USnews.com

რაიან თალი, ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი და ევროპისა და რუსეთის საკითხებში დონალდ ტრამპის უფროსი მრჩეველი თანამდებობიდან გადადგა. თალის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის რამდენიმე თანამშრომლის თანამდებობიდან გადადგომა კაპიტოლიუმში დონალდ ტრამპის მხარდაჭერების შეჭრასთანაა დაკავშირებული.

როგორც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გამოცემა Reuters-ს ანონიმურად უთხრა, მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში თანამდებობას კიდევ რამდენიმე ადამიანი დატოვებს. წყაროზე დაყრდნობით Reuters-ი წერს, რომ დონალდ ტრამპის განცხადებას ძალაუფლების კანონის დაცვით გადაცემის შესახებ გარკვეულწილად უნდა ხელი შეშალა ადმინისტრაციის თანამშრომლების თანამდებობებიდან გადადგომისთვის.

თანამდებობები ასევე დატოვეს მეთ პოტინგერმა, ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრმა; მიკ მულვანიმ, საგანგებო ელჩმა ჩრდილოეთ ირლანდიაში, სარა მეთიუსმა თეთრი სახლის ვიცე პრესმდივანმა და სტაფანი გირშემმა პირველი ლედის შტაბის უფროსმა.

6 იანვარს აშშ-ს კონგრესი არჩევნების შედეგების დასამტკიცებლად და ახალი პრეზიდენტის გამოსაცხადებლად შეიკრიბა, თუმცა კონგრესის მუშაობას შენობაში შეჭრილმა დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა შეუშალეს ხელი. 

პოლიციას მათი შენობიდან გასაყვანად და წესრიგის აღსადგენად რამდენიმე საათი დასჭირდა. კანონმდებლები შენობიდან დაცვის თანხლებით გაიყვანეს. დედაქალაქში არეულობის აღსაკვეთად კომენდანტის საათი დაწესდა და მობილიზებული იყო ეროვნული გვარდია.

პოლიციის ინფორმაციით დაიღუპა 4 ადამიანი. მათ შორის არის ქალი, რომელიც კონგრესის შენობაში სროლისას დაიჭრა. სამმა პირმა კი დაზიანებები არეულობის დროს მიიღო. დააკავეს, სულ მცირე, 52 ადამიანი.

მოგვიანებით სხდომა განახლდა. რესპუბლიკელ კანონმდებელთა ნაწილმა სცადა, ხელი შეეშალა ბაიდენის გამარჯვების დამტკიცებისათვის. მათ გააპროტესტეს საარჩევნო კოლეგიის მიერ მიცემული ხმები რამდენიმე შტატში. ესენია ჯორჯია, პენსილვანია, არიზონა, ნევადა და მიჩიგანი. არიზონის, ნევადისა და მიჩიგანის შემთხვევაში პროცედურა დებატებამდე არ მისულა. დებატები კონგრესის ორივე პალატაში გაიმართა ჯორჯიისა და პენსილვანიის ხმების თაობაზე, თუმცა არცერთმა პალატამ ამ პროტესტს მხარი არ დაუჭირა.

აშშ-ს კონგრესმა ოფიციალურად დაადასტურა საარჩევნო კოლეგიის მიერ მიცემული ხმები, რომლის მიხედვითაც მომდევნო პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდება, ვიცეპრეზიდენტი კი - კამალა ჰარისი. ისინი მოვალეობის შესრულებას 20 იანვრიდან შეუდგებიან.

სენატორების ნაწილმა, რომელიც ამბობდა, რომ ბაიდენის გამარჯვების სერტიფიკაციას მხარს არ დაუჭერდა, კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრის შემდეგ პოზიცია შეიცვალა. მათ შორისაა ჯორჯიის სენატორი კელი ლოფლერი, რომელიც 5 იანვრას გამართული სენატის არჩევნების მეორე ტურში დემოკრატ კონკურენტთან დამარცხდა. პროტესტს მხარი არ დაუჭირა ტრამპის ერთ-ერთმა ყველაზე აქტიური მხარდამჭერმა ლინდსი გრემმაც.

"ერთადერთი, რის თქმაც შემიძლია, ის არის, რომ მე არ მიმათვალოთ. საკმარისია. ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი კანონიერად აირჩიეს და გახდებიან პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი 20 იანვარს". - თქვა მან.

ვაშინგტონში განვითარებული მოვლენების პარალელურად ცნობილი გახდა, რომ ლოფლერი და ჯორჯიის კიდევ ერთი მოქმედი რესპუბლიკელი სენატორი არჩევნების მეორე ტურში დემოკრატ ოპონენტებთან მარცხდებიან. შედეგად, რესპუბლიკური პარტია სენატში უმრავლესობას კარგავს.

კომენტარები