არჩევნები 2020

პატრიოტების სიით წარდგენილ 3 კანდიდატს ცესკოსთვის რეგისტრაციის გაუქმებისთვის არ მიუმართავს

პატრიოტთა ალიანსის პარტიული სიით წარდგენილ 3 კანდიდატს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით არ მიუმართავს. კანონის თანახმად, მას შემდეგ, რაც პარლამენტი პარტიის იმ წევრების მანდატებს გააუქმებს, რომლებმაც უკვე მიმართეს უწყებას შესაბამისი მოთხოვნით, მათ ადგილებს ადგილმონაცვლეობის პრინციპით ეს დეპუტატები დაიკავებენ.

როგორც ცესკოს მიერ 31 დეკემბერს გამოქვეყნებული განკარგულებითა და დანართით ირკვევა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პირადი განცხადებების საფუძველზე პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო სიის არაგამსვლელ ნაწილს, 125 წევრს უკვე გაუუქმა რეგისტრაცია, თუმცა პარტიული სიიდან ჩახსნისთვის არ მიუმართავთ სიის მე-5, მე-7 და მე-8 ნომრებს – გელა მიქაძეს, ფრიდონ ინჯიას და დავით ზილფიმიანს. 

პარტიის წევრის, ნანა დევდარიანის თქმით, "ვინც არაა პოლიტიკური გუნდის ნაწილი, არიან ბიზნესმენები და პარტიის დამფინანსებლები, მათ თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, შევლენ, თუ არ შევლენ".

პარლამენტი პატრიოტთა ალიანსის დეპუტატების პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს 4 იანვარს განიხილავს. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, პატრიოტთა ალიანსის 3 დეპუტატის მიერ მანდატებზე უარის თქმის მიუხედავად, ადგილომანცვლე დეპუტატების პარლამენტში შესვლა იურიდიულად სავსებით შესაძლებელია და ამის მაღალი ალბათობაც არსებობს.

პარლამენტის მანდატების გაუქმების მოთხოვნით პატრიოტთა ალიანსის სამმა წევრმა, ირმა ინაშვილმა, გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ 21 დეკემბერს მიმართეს. ცესკოს მიერ დამტკიცებული შედეგებით, პატრიოტთა ალიანსმა არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 3.14% და 4 საპარლამენტო მანდატი მოიპოვა.

ოპოზიციის 60 დეპუტატიდან 54-მა ოფიციალურად თქვა მანდატზე უარი. პარლამენტარობაზე უარის თქმის მოთხოვნით პარლამენტისთვის მხოლოდ მოქალაქეებსგირჩის სამ და პატრიოტთა ალიანსის ერთ წევრს არ მიუმართავთ.

კომენტარები