კორონავირუსი მსოფლიოში

ჯანმომ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა მსოფლიოს მასშტაბით გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა მსოფლიოს მასშტაბით გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა. 

როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, მსოფლიოს მასშტაბით Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გადაუდებელი მოხმარებისთვის დამტკიცება ნიშნავს, რომ ქვეყნებს შეუძლიათ დააჩქარონ და გაამარტივონ ვაქცინის დამტკიცებისა და მათი იმპორტის რეგულაციები. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება განვითარებად ქვეყნებს მეტად გაუმარტივებს ვაქცინის შეძენისა და გავრცელების პროცედურებს.

"ეს არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე გლობალური წვდომის მისაღებად, თუმცა, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ აუცილებელია, უფრო მეტი გლობალური ძალისხმევა, რათა უზრუნველყოფილი იყოს ვაქცინების საკმარისი რაოდენობა მთელი მსოფლიოს საჭიროებების დასაკმაყოფილებლად". – თქვა ჯანმოს გენერალური დირექტორის თანაშემწემ.

18 ნოემბერს ამერიკულ კომპანია Pfizer-ში განაცხადეს, რომ გერმანულ კომპანია BioNTech-თან ერთად განვითარებულ ახალი კორონავირუსის ვაქცინაზე გვიან ეტაპზე ჩატარებული კვლევის საბოლოო შედეგები აჩვენებს, რომ ის 95%-ით ეფექტიანია.  2 დეკემბერს დიდი ბრიტანეთი პირველი ქვეყანა გახდა, სადაც Pfizer/BioNTech-ის წარმოებული ახალი კორონავირუსის ვაქცინა ფართო გამოყენებისთვის დაამტკიცეს.

12 დეკემბერს აშშ-ში ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცეს. ევროკომისიამ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა ევროკავშირის ქვეყნებისთვის დაამტკიცა.

კომენტარები