არჩევნები 2020

ომბუდსმენი დაფინანსების კანონპროექტზე: არღვევს პარტიების კანონიერ უფლებრივ გარანტიებს

სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი უარყოფითად აფასებს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებულ ცვლილებებს, რომელსაც საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

"ინიცირებული ცვლილებები პოლიტიკური პარტიების თავისუფლებასთან ერთად მათ საკუთრების უფლებასაც ზღუდავს. მოქმედი კანონის შესაბამისად, ოპოზიციურ პარტიებს დაკმაყოფილებული აქვთ მათთვის წაყენებული ყველა მოთხოვნა – მიღებული აქვთ ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1% მაინც და წარდგენილი აქვთ წერილობითი თანხმობა, რაც საბიუჯეტო დაფინანსების მისაღებადაა საჭირო.

ევროსასამართლოს განმარტებით, "საკუთრება" მოიცავს მოთხოვნებსაც, ხოლო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია იცავს ლეგიტიმურ მოლოდინს მათი შესრულების თაობაზე. ინიცირებული კანონპროექტი მიზნად ისახავს უკვე დამდგარი მოთხოვნის გაუქმებას ოპოზიციური პარტიებისათვის, რაც საკუთრების შეზღუდვად უნდა იქნეს მიჩნეული. იგივე შეეხება პოლიტიკური პარტიებისათვის უფასო საეთერო დროით სარგებლობის შესაძლებლობის გაუქმებასაც". – ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველის ცნობით, მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო კანონმდებლობა, მათ შორის პარტიების დაფინანსებასთან თუ უფასო საეთერო დროის გამოყოფასთან დაკავშირებული რეგულაციები პარტიებს შორის იყოს შეთანხმებული და არ იყოს მხოლოდ ერთი სუბიექტის მიერ ექსკლუზიურად განსაზღვრული. სწორედ საარჩევნო რეფორმის ინკლუზიურად განხორციელება იყო კიდეც ეუთო/ოდირის უპირველესი რეკომენდაცია, რომლის შესასრულებლადაც პარტიებს შორის დიალოგის საფუძველზე მიმდინარე წლის ივლისში საარჩევნო რეფორმა განხორციელდა, მათ შორის პარტიების დაფინანსების ნაწილში. აღსანიშნავია, რომ კონკრეტული ნორმა, რომლის ერთგვარი რევიზიაც არის დაგეგმილი, სულ რამდენიმე დღის წინ, 4 დეკემბრიდან ამოქმედდა.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ მიიღოს წარმოდგენილი ცვლილებები, რადგან ის არღვევს პოლიტიკური პარტიებისათვის საქართველოს კანონმდებლობით უზრუნველყოფილ უფლებრივ გარანტიებს.

ერთპარტიულ პარლამენტში უკვე ინიცირებულია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შესატანი ცვლილება. კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მიიღებს მხოლოდ ის პარტია, რომელიც მისთვის განკუთვნილ პარლამენტის წევრის მანდატს ან მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს.

კანონპროექტში ასევე აღნიშნულია, რომ პარტია მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარი მაინც არასაპატიო მიზეზით გააცდენს მიმდინარე მოწვევის პარლამენტის წინა წლის ყველა პლენარულ სხდომას.

კომენტარები