არჩევნები 2020

რას ასწავლის კობახიძის წიგნი კობახიძეს ბოიკოტსა და დაფინანსებაზე?

ქართული ოცნების უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე, რომლის ინიციატივაც იყო სახელმწიფო დაფინანსების გაუქმება იმ პარტიებისთვის, რომლებიც საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ, თავის სახელმძღვანელო წიგნში საპირისპიროს ამტკიცებს. 

ირაკლი კობახიძე თავის ნაშრომში "პოლიტიკურ გაერთიანებათა სამართალი", რომელიც 2008 წელს გამოიცა, წერს: 

"დაუშვებელია, პოლიტიკურ პარტიას უარი ეთქვას სახელმწიფო დაფინანსებაზე მის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადების მიზეზით. პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრების განაწილების უმთავრეს საფუძველს წარმოადგენს პარტიების მიმართ გამოხატული საზოგადოებრივი მხარდაჭერის ხარისხი და არა მათი წარმომადგენლობა საკანონმდებლო ორგანოში". 

სქრინი: ალიკა კუპრავა

ქართული ოცნების ერთპარტიულმა პარლამენტმა კენჭი უყარა და პირველი მოსმენით მიიღო მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შესატანი ცვლილება, რომლის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მიიღებს მხოლოდ ის პარტია, რომელიც მისთვის განკუთვნილ პარლამენტის წევრის მანდატს ან მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს. კანონპროექტში ასევე აღნიშნულია, რომ პარტია მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარი მაინც არასაპატიო მიზეზით გააცდენს მიმდინარე მოწვევის პარლამენტის წინა წლის ყველა პლენარულ სხდომას.

გადაწყვეტილება უმრავლესობამ მას შემდეგ მიიღო, რაც ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები არ გამოხატავდა ქართველი ხალხის ნებას და არჩევნები გაყალბდა. 

კომენტარები