აფრიკის დასახლება

კალაძე: სახე ასე როგორ უნდა დაკარგოთ, ბავშვების საშუალებით "გაამძაფროთ" ყალბი ინფორმაცია?

"სახე ასე როგორ უნდა დაკარგოთ, ბავშვების საშუალებით "გაამძაფროთ" ყალბი ინფორმაცია?" - წერს თბილისის მერი, კახა კალაძე Facebook-ზე და დევნილთა სააგენტოს მიერ აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ ჩანგელიების ოჯახზე გავრცელებულ ინფორმაციას აქვეყნებს.

"რამდენიმე დღეა, თვალს ვადევნებ მედიაში ხელოვნურად შექმნილ ფეიკ კამპანიას უსახლკარო ოჯახებზე. ძალიან ვწუხვარ, რომ მოსახლეობის ნაწილი, მითუმეტეს სოცქსელების მომხმარებლები, აჰყვნენ ამ ამორალურ მანიპულაციას. ასე სახე როგორ უნდა დაკარგოთ ზოგიერთებმა, რომ ბავშვების საშუალებით "გაამძაფროთ" ყალბი ინფორმაცია?!.

ამის იქით რაღა დარჩა? შემდეგი მანიპულაციისთვის რას და როგორ გამოიყენებთ - წარმოდგენაც კი მზარავს! ვიტყოდი, სირცხვილია-ს, მაგრამ ბავშვების ფოტოების მოფრიალეებს, არა მგონია, ეს გრძნობა აწუხებდეთ". – წერს კალაძე. 

დევნილთა სააგენტოს მტკიცებით, ჩანგელიების ოჯახს ზუგდიდში სამოთახიანი ბინა 14 დეკემბერს გადასცეს. თუმცა, ადვოკატი, ანა არგანაშვილი ამბობს, რომ ოჯახს ბინის გასაღებიც არ აქვს და, მათივე ინფორმაციით, ზუგდიდში ამ კორპუსში ჯერ არავინ შესახლებულა.  

როგორც გიგი ჩანგელიას დედა, კესო მანდარია ტაბულასთან საუბარში ამბობს, ოჯახი 28 წელია, ბინას ელოდება და, მისივე თქმით, საცხოვრებელი ფართი არ აქვთ - "არც აგარაკი და არც მიწა." 

ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის გიგი ჩანგელიას სახლის ნგრევის შეწყვეტისთვის სასამართლოს 18 დეკემბერს მიმართა. გუშინ, 19 დეკემბერს, სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში უნებართვოს აშენებული შენობების დემონტაჟი 15 დეკემბერს დაიწყო.

დემონტაჟის პროცესის შეწყვეტისკენ მერიას მოუწოდებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. საიას განცხადების მიხედვით, შენობების ნგრევა მიუთითებს, რომ თბილისის მერიაში მგრძნობელობა არ აქვთ საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფის მიმართ.

ღია საზოგადოების ფონდი კი წერს, რომ მაშინ, როდესაც საქართველოს არ გააჩნია უსახლკარობის ადეკვატური სახელმწიფო პოლიტიკა და ამ პრობლემას ეფექტური სერვისებით ვერ პასუხობს, უსახლკაროთა მიერ აშენებული შენობების დანგრევა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა.

თუმცა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ თქვა, რომ ადამიანებს, ვის შენობებსაც ანგრევენ, სახლები და მიწები აქვთ და აფრიკის დასახლებაში მიზანმიმართულად ცდილობენ ტერიტორიების დატაცებას. მისივე თქმით, "ვისაც სახლი არ აქვს, არსებობს თავშესაფარი, რომელიც ნახევრად ცარიელია."

თავდაპირველად, კალაძემ უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟზე 25 ნოემბერს ისაუბრა. მაშინ მან მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელ ლევან ჯღარკავას დაავალა ქმედებები დაეწყოთ და დასძინა: "დავამთავროთ ეს უმსგავსობა".

26 ნოემბერს EMC-მ მერიას მოუწოდა, არ დაეწყოთ დემონტაჟის პროცედურები, დაეცვათ ამგვარ შენობებში მცხოვრები ადამიანები უსახლკარობისგან და უზრუნველეყოთ ისინი შესაბამისი მხარდაჭერით.

კომენტარები