აფრიკის დასახლება

კალაძე: 4 შვილს 4 ბინა ვუყიდე, მე-5 ისე მრჩება და მიწა უნდა მივიტაცო – ვერ იქნება არგუმენტი

instagram.com/kakhakaladze/

"ის ვერ იქნება არგუმენტი, რომ მე შევძელი, ოთხ შვილს ოთხი ბინა ვუყიდე, მეხუთე ისე მრჩება და სახელმწიფო მიწა უნდა მივიტაცო". – ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე აფრიკის დასახლებაში უნებართვოდ აშენებული შენობების ნგრევაზე საუბრისას.

"ირკვევა, რომ ბევრ მათგანს, ამ ადამიანებს, ვინც სახელმწიფო მიწებს იტაცებს, აქვს საცხოვრებელი სახლები, არაერთი. სხვადასხვა ქალაქებში, რაიონებში, სოფლებში, მათ შორის, დედაქალაქშიც და არა ერთი. 

ის ვერ იქნება არგუმენტი, რომ მე შევძელი, ოთხ შვილს ოთხი ბინა ვუყიდე, მეხუთე ისე მრჩება და სახელმწიფო მიწა უნდა მივიტაცო. ეს არაფერში არ ჯდება, ეს დამოკიდებულება, ეს მიდგომები. ღმერთმა ყველას შეაძლებინოს და 4 კი არა, 100 ბინა აყიდინოს. არგუმენტად რომ მოგყავს, რომ 4 ბინის ყიდვა შეძელი, მეხუთე შვილი ფორტეპიანოზე უკრავს თუ საქსაფონზე და მეზობლებს აწუხებს და ამის გამო მიწას იტაცებ, არ ვიცი, არაფერში ჯდება". – ამბობს კალაძე.  

აფრიკის დასახლებაში მცხოვრები ადამიანები ამბობენ, რომ სახლი, რომელიც თბილისის მერიამ უნდა დაანგრიოს, მათი ერთადერთი საცხოვრებელია და სხვა ფართი არ აქვთ. მათივე თქმით, დანგრევის შემთხვევაში უსახლკაროდ დარჩებიან.

თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში, თვალჭრელიძის ქუჩაზე უნებართვოდ აშენებული შენობების ნგრევა დღეს, 23 დეკემბერს განაახლა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ნგრევის პროცესი 7 საათზე დაიწყო და მერიის თანამშრომლებმა სახლებიდან გამოყარეს.

"მეძინა, გამომაგდეს და სახლი დამინგრიეს. 7-ზე მოვიდნენ. გვეძინა, გამოგვყარეს და დაგვინგრიეს. ორივე სახლში ვიყავით ხალხი. საწოლები, რაც მოვასწარით, გამოვიტანეთ. დანარჩენი სულ დალეწეს.  

გამოტანაც ვერ მოვასწარი, სულ ბულდოზერებით დაანგრიეს. 2010-დან ამ სახლს ვაშენებ. გაფრთხილება არ მოსულა, დილის 7 საათზე დაგვადგნენ და სახლი დაგვინგრიეს. 2010-ის მერე 4 დღის წინ იყო პირველი გაფრთხილება. [..] აფხაზეთიდან დევნილი ვარ, არაფერი ქონება არ მაქვს, სადაც უნდათ, იქ ნახონ" - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.  

თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში უნებართვოს აშენებული შენობების დემონტაჟი 15 დეკემბერს დაიწყო. 

დემონტაჟის პროცესის შეწყვეტისკენ მერიას მოუწოდებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. საიას განცხადების მიხედვით, შენობების ნგრევა მიუთითებს, რომ თბილისის მერიას მგრძნობელობა არ აქვთ საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფის მიმართ.

ღია საზოგადოების ფონდი კი წერს, რომ მაშინ, როდესაც საქართველოს არ გააჩნია უსახლკარობის ადეკვატური სახელმწიფო პოლიტიკა და ამ პრობლემას ეფექტიანი სერვისებით ვერ პასუხობთ, უსახლკაროთა მიერ აშენებული შენობების დანგრევა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა.

თუმცა თბილისის მერმა, კახა კალაძემ თქვა, რომ ადამიანებს, ვის შენობებსაც ანგრევენ, სახლები და მიწები აქვთ და აფრიკის დასახლებაში მიზანმიმართულად ცდილობენ ტერიტორიების დატაცებას. მისივე თქმით, "ვისაც სახლი არ აქვს, არსებობს თავშესაფარი, რომელიც ნახევრად ცარიელია."

თავდაპირველად, კალაძემ უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟზე 25 ნოემბერს ისაუბრა. მაშინ მან მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელ ლევან ჯღარკავას დაავალა, ქმედებები დაეწყოთ და დასძინა, "დავამთავროთ ეს უმსგავსობა".

26 ნოემბერს EMC-მ მერიას მოუწოდა, არ დაეწყოთ დემონტაჟის პროცედურები, დაეცვათ ამგვარ შენობებში მცხოვრები ადამიანები უსახლკარობისგან და უზრუნველეყოთ ისინი შესაბამისი მხარდაჭერით.

კომენტარები