აფრიკის დასახლება

აფრიკის დასახლებაში დაკავებულ პირს სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

ფორმულა/კადრი ვიდეოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ აფრიკის დასახლებაში პოლიციელზე ძალადობის მუხლით დაკავებულ პირს 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურორ თამარ იაკობიძის თქმით, სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

"სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა. მიიჩნია, რომ საქმეში არსებობდა მტკიცებულებები, რის გამოც გამოიყენა აღკვეთის ღონისძიება, თუმცა მიიჩნია რომ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება საჭირო არ იყო, შეუფარდა საპატიმრო გირაო 10 000 ლარის ოდენობით. ბრალდებულს არ უსაუბრია, თქვა, რომ ნაწილობრივ აღიარებს ბრალს". – თქვა იაკობიძემ.

აფრიკის დასახლებაში, სადაც მერია უნებართვოდ აშენებულ შენობებს ანგრევს, 12 ადამიანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს, ერთი კი პოლიციელზე ძალადობის მუხლით. მათგან 12 გუშინ, 16 დეკემბერს გაათავისუფლეს.

დემონტაჟის პროცესის შეწყვეტისკენ მერიას მოუწოდებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. საიას განცხადების მიხედვით, შენობების ნგრევა მიუთითებს, რომ თბილისის მერიას მგრძნობელიბა არ აქვს საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფის მიმართ.

ღია საზოგადოების ფონდი კი წერს, რომ მაშინ, როდესაც საქართველოს არ გააჩნია უსახლკარობის ადეკვატური სახელმწიფო პოლიტიკა და ამ პრობლემას ეფექტიანი სერვისებით ვერ პასუხობს, უსახლკაროთა მიერ აშენებული შენობების დანგრევა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა.

თუმცა, თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ ადამიანებს, ვის შენობებსაც ანგრევენ, სახლები და მიწები აქვთ და აფრიკის დასახლებაში მიზანმიმართულად ცდილობენ ტერიტორიების დატაცებას. მისივე თქმით, "ვისაც სახლი არ აქვს, არსებობს თავშესაფარი, რომელიც ნახევრად ცარიელია".

თავდაპირველად, კალაძემ უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟზე 25 ნოემბერს ისაუბრა. მაშინ მან მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელ ლევან ჯღარკავას დაავალა, ქმედებები დაეწყოთ და "დაემთავრებინათ ეს უმსგავსობა".

26 ნოემბერს EMC-მ მერიას მოუწოდა, არ დაეწყოთ დემონტაჟის პროცედურები, დაეცვათ ამგვარ შენობებში მცხოვრები ადამიანები უსახლკარობისგან და უზრუნველეყოთ ისინი შესაბამისი მხარდაჭერით.

კომენტარები