აფრიკის დასახლება

აფრიკის მაცხოვრებელი: კალაძემ მამაჩემის მიწა ახსენა, მასთან შეხება 32 წელია არ მქონია

აფრიკის დასახლების მაცხოვრებელმა თბილისის მერს, კახა კალაძეს უპასუხა, რომელმაც დღეს დასახლებაში მაცხოვრებელი შვიდი ადამიანი ჩამოთვალა და ამტკიცებდა, რომ ისინი და მათი მშობლები სხვადასხვა ადგილას მიწებს ფლობენ და საცხოვრებელი ადგილები აქვთ.

ნოდარ ბერიძის თქმით, მამამისს მართლაც აქვს კავთისხევში მიწა, თუმცა მას თავის მშობელთან შეხება უკვე 32 წელია არ ჰქონია და შესაბამისად, არც დამატებითი ქონება გააჩნია.

"კალაძე გამოსულა და ისევ იგივეს იმეორებს, რომ მამაჩემს აქვს გაფორმებული რაღაც 1 600 კვადრატული მეტრი, 32 წელია მამაჩემთან მე ურთიერთობა არ მაქვს, შეხება არ მაქვს. დედაჩემს ჰქონდა ინდ. მეწარმეობა, რაღაც კაფე-ბარი ჰქონდა, ჩემზე უნდა გამეკეთებინა და ვერ გავაკეთე და 1 თვეში დავხურეთ, ვერ ვამუშავეთ. მამაჩემს აქვს ქონება კავთისხევში, ეს რაღაც მიწა, არც ვიცი, იმიტომ რომ შეხება არ მაქვს. არანაირი ქონება, არანაირი მიწა, არანაირი შეხება მამაჩემთან არ მაქვს". – თქვა მან.

15 დეკემბერს აფრიკის დასახლებაში თბილისის მერიამ უნებართვოდ აშენებული შენობები დაანგრია, რასაც პროტესტი მოჰყვა. სამართალდამცველებმა ადგილზე 13 ადამიანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს. 

მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია თბილისის მერიას მოუწოდებდა, შეეწყვიტა დემონტაჟის პროცესი. 

საიას განცხადების მიხედვით, შენობების ნგრევა მიუთითებს, რომ თბილისის მერიას მგრძნობელობა არ აქვთ საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფის მიმართ.

ღია საზოგადოების ფონდი კი წერდა, რომ მაშინ, როდესაც საქართველოს არ გააჩნია უსახლკარობის ადეკვატური სახელმწიფო პოლიტიკა და ამ პრობლემას ეფექტური სერვისებით ვერ პასუხობთ, უსახლკაროთა მიერ აშენებული შენობების დანგრევა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა.

თუმცა, თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ ადამიანებს, ვის შენობებსაც ანგრევენ, სახლები და მიწები აქვთ და აფრიკის დასახლებაში მიზანმიმართულად ცდილობენ ტერიტორიების დატაცებას. მისივე თქმით, "ვისაც სახლი არ აქვს, არსებობს თავშესაფარი, რომელიც ნახევრად ცარიელია". 

თავდაპირველად, კალაძემ უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟზე 25 ნოემბერს ისაუბრა. მაშინ მან მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელ ლევან ჯღარკავას დაავალა, ქმედებები დაეწყოთ და "დავამთავროთ ეს უმსგავსობა".

26 ნოემბერს EMC-მ მერიას მოუწოდა, არ დაეწყოთ დემონტაჟის პროცედურები, დაეცვათ ამგვარ შენობებში მცხოვრები ადამიანები უსახლკარობისგან და უზრუნველეყოთ ისინი შესაბამისი მხარდაჭერით.

კომენტარები