აფრიკის დასახლება

კალაძე: არცერთი ნაგებობა, რომელიც დავანგრიეთ, არ იყო დასრულებული, მათში არ ცხოვრობდნენ

აფრიკის დასახლება, სადაც თბილისის მერიამ 15 დეკემბერს რამდენიმე უკანონო ნაგებობა დაანგრია
ანა არგანაშვილი

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არცერთი ნაგებობა, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა, არ იყო დასრულებული და მასში არ ცხოვრობდნენ ადამიანები". – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პოლიტიკურმა პარტიებმა "ცილისმწამებლური, სამარცხვინო, დანაშაულებრივი" განცხადებები გააკეთეს, "თითქოს მერიამ ხალხი გამოიყვანა დასრულებული სახლებიდან და ღია ცის ქვეშ დატოვა".

"გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს თაღლითურ სქემასთან, რომლის უკან დგანან გარკვეული პირები, რომლებიც ეკონომიკური სარგებელის მიღების მიზნით უბიძგებენ მოქალაქეებს კანონდარღვევისკენ. თბილისის მერია შესაბამის უწყებას მიაწვდის ყველა მასალას, რათა დაიწყოს საქმის მოკვლევა". – აცხადებს კახი კალაძე და აღნიშნავს, რომ "სახელმწიფოს პრინციპული პოზიციაა, მიწების დატაცება და უკანონო მშენებლობები არ იყოს დაშვებული და თუ სადმე მსგავსი ქმედება ხორციელდება, აღიკვეთოს".

"რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებსაც არ გააჩნიათ საცხოვრებელი, თბილისის მერიაში მოქმედებს სპეციალური პროგრამა, რომლის წლიური ბიუჯეტი შეადგენს, დაახლოებით, 7 მილიონ ლარს. ჩვენ ყოველწლიურად ასეთ ადამიანებს, ასეთ ოჯახებს ვეხმარებით, ვისაც საცხოვრებელი არ გააჩნია,  გაგვყავს ქირით და, რა თქმა უნდა, მომავალშიც ამ პროგრამის განხორციელებას ვაპირებთ, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ იმ ოჯახებს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს". – თქვა თბილისის მერმა.

კახა კალაძე ამბობს, რომ "ქვეყანაში ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს, გვყავს ბევრი ადამიანი, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა, მაგრამ ეს ადამიანები პატივს სცემენ კანონს, შეზღუდვებს, რეგულაციებს, ყველაფერს იმას, რაზეც დგას სახელმწიფო".

"რომ არა კანონისადმი პატივისცემა, დღეს ყველა ეს ადამიანი შეძლებდა სახლის უკანონოდ აშენებას და თქმას, რომ ეს მისი საკუთრებაა და მას არ უნდა შევეხოთ. ეს არის უსამართლობა და არავინ, არცერთი კანონმორჩილი მოქალაქე არ დაეთანხმება მსგავს უკანონობას. 

ჩვენ კარგად გვესმის, რომ ქვეყანაში სახარბიელო სოციალური ფონი კვლავ არ არის, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, თუმცა, სახელმწიფოს კუთვნილი მიწების დატაცება, მოპარვა წახალისებული არ და ვერ იქნება, ყოველ შეთხვევაში ჩემი მერობის პირობებში. 

ფაქტია, რომ ბოლო წლებში მოქალაქეებმა, რომელთაც აქვთ უძრავი ქონება რეგიონებში, ასევე, ზოგს სხვის სახელზეც უფიქსირდება ქონება, დაიწყეს უკანონო მშენებლობები თბილისში, სახელმწიფო მიწებზე. ეს მიწა არ არის კერძო პირის საკუთრება, ეს არის ჩვენი, თითოეული ამ ქვეყნის მოქალაქის ქონება და ეს პროცესი ამ ფორმით ვერ გაგრძელდება". – აცხადებს კახა კალაძე და აღნიშნავს, რომ აფრიკის დასახლებაში უკანონო მშენებლობის 12 ფაქტი აქვთ გამოვლენილი.

"მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ რამდენჯერმე გააფრთხილა კანონდამრღვევები როგორც სიტყვიერად, ისე წერილობით, სამწუხაროდ, გაფრთხილებას რეაგირება არ მოჰყოლია, რომ მათ თავადვე განეხორციელებინათ დემონტაჟი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად დემონტაჟის პროცესი დაიწყო". – ნათქვამია თბილისის მერის განცხადებაში.

აფრიკის დასახლებაში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მათ ქართული ოცნების დეპუტატი, სოზარ სუბარი ფართების დაკანონებაში დახმარებას დაპირდა, თუ მას არჩევნებში მხარს დაუჭერდნენ.

სამგორის მაჟორიტარი კანდიდატი სოზარ სუბარი წინასაარჩევნო კამპანიის დროს აფრიკის დასახლებაში მოსახლეობას ხვდებოდა, სადაც ფართების დაკანონებაზეც იყო საუბარი. ის ამბობდა, რომ "შესწავლა ინდივიდუალურად უნდა მოხდეს, რათა პროცესი კანონიერ ჩარჩოში მოექცეს". გარდა ამისა, სუბარის თქმითვე, აფრიკის დასახლება არის "ერთის მხრივ ულამაზესი", ხოლო მეორე მხრივ, უბანი, რომელსაც ყველაზე მეტი პრობლემა აქვს.

"ზოგიერთ შემთხვევაში ეს არის სახლები თუ ნაკვეთები, რომლებიც ჯერ კიდევ აქ მცხოვრები ადამიანების მშობლებს ეკუთვნოდათ 60, 70-იანი წლებიდან მოყოლებული და დღემდე არ არის დაკანონებული. ბუნებრივია, ასეთი საკითხები სასწრაფო გადაწყვეტას საჭიროებს. ვპირდები ამ ადამიანებს, ყოველდღიურად ვიცხოვრებ მათთან ერთად, სანამ ეს პრობლემა არ გადაწყდება". – ამბობდა სოზარ სუბარი.

აფრიკის დასახლებაში, სადაც მერია უნებართვოდ აშენებულ შენობებს ანგრევს, 8 ადამიანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს

დემონტაჟის პროცესის შეწყვეტისკენ მერიას მოუწოდებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. საიას განცხადების მიხედვით, შენობების ნგრევა მიუთითებს, რომ თბილისის მერიას მგრძნობელიბა არ აქვთ საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფის მიმართ.

ღია საზოგადოების ფონდი კი წერს, რომ მაშინ, როდესაც საქართველოს არ გააჩნია უსახლკარობის ადეკვატური სახელმწიფო პოლიტიკა და ამ პრობლემას ეფექტური სერვისებით ვერ პასუხობთ, უსახლკაროთა მიერ აშენებული შენობების დანგრევა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა.

თუმცა, თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ ადამიანებს, ვის შენობებსაც ანგრევენ, სახლები და მიწები აქვთ და აფრიკის დასახლებაში მიზანმიმართულად ცდილობენ ტერიტორიების დატაცებას. მისივე თქმით, "ვისაც სახლი არ აქვს, არსებობს თავშესაფარი, რომელიც ნახევრად ცარიელია."

თავდაპირველად, კალაძემ უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟზე 25 ნოემბერს ისაუბრა. მაშინ მან მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელ ლევან ჯღარკავას დაავალა, ქმედებები დაეწყოთ და "დავამთავროთ ეს უმსგავსობა."

26 ნოემბერს EMC-მ მერიას მოუწოდა, არ დაეწყოთ დემონტაჟის პროცედურები, დაეცვათ ამგვარ შენობებში მცხოვრები ადამიანები უსახლკარობისგან და უზრუნველეყოთ ისინი შესაბამისი მხარდაჭერით.

კომენტარები