აფრიკის დასახლება

ბოკერია: მათი მიწა იყო – ხალხს დაპირდნენ, ცინიზმი, გადაგდება ივანიშვილის რეჟიმის ნიშანია

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, სიცრუე, გადაგდება, ცინიზმი და კანონის უზენაესობის აბუჩად აგდება, რაც დღეს აფრიკის დასახლებაში ხდება, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის "სამარკო ნიშანია".

გიგა ბოკერია ამბობს, რომ არსებობს მტკიცებულებები, რომ ქართული ოცნება არჩევნებზე მხარდაჭერის სანაცვლოდ, ხალხს, რომელსაც დღეს, პანდემიის დროს, ზამთარში, ქუჩაში ტოვებს, ფართების დაკანონებას დაჰპირდა.

"ის რასაც დღეს ვხედავთ აქ, არის შედეგი და გაგრძელება ივანიშვილის რეჟიმის სამარცხვინო პოლიტიკის, როცა არ არსებობს კანონის უზენაესობა, დაპირებები როცა კეთდება, რომ თქვენია ეს მიწა, ეს ნიშნავს გადაგდებას და თან წახალისებას ადამიანების, რომ ასე მოიქცნენ, როცა ამდენი წელი აშენებდნენ ეს ადამიანები ამას და უბრალოდ სხვადასხვა ამოცანებისათვის აქამდე კი არ გაარკვიეს ვითარება, არამედ დღევანდელ ძალადობამდე მიიყვანეს და კერძო საკუთრების მაგივრად, მთავრობას აქვს ხელში ამხელა ქონება და მანიპულირებს შემდეგ ადამიანების ბედით და ვიმეორებ, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით და გვაქვს მტკიცებულებები, რომ ამ ხალხს პირდაპირ დაპირდნენ და კონტრაქტი დაუგდეს, რომ მათი მიწა იყო, რათა მხარდაჭერა მოეპოვებინათ. ეს ყველაფერი, ეს ცინიზმი, სიცრუე, გადაგდება და კანონის უზენაესობის აბუჩად აგდება ყველა ეტაპზე, არის ივანიშვილის რეჟიმის სამარკო ნიშანი". – ამბობს გიგა ბოკერია.

სამგორის მაჟორიტარი კანდიდატი, სოზარ სუბარი, წინასაარჩევნო კამპანიის დროს აფრიკის დასახლებაში მოსახლეობას ხვდებოდა, სადაც ფართების დაკანონებაზეც იყო საუბარი. ის ამბობდა, რომ "შესწავლა ინდივიდუალურად უნდა მოხდეს, რათა პროცესი კანონიერ ჩარჩოში მოექცეს". გარდა ამისა, სუბარის თქმითვე, აფრიკის დასახლება არის "ერთის მხრივ ულამაზესი", ხოლო მეორე მხრივ, უბანი, რომელსაც ყველაზე მეტი პრობლემა აქვს.

"ზოგიერთ შემთხვევაში ეს არის სახლები თუ ნაკვეთები, რომლებიც ჯერ კიდევ აქ მცხოვრები ადამიანების მშობლებს ეკუთვნოდათ 60, 70-იანი წლებიდან მოყოლებული და დღემდე არ არის დაკანონებული. ბუნებრივია, ასეთი საკითხები სასწრაფო გადაწყვეტას საჭიროებს. ვპირდები ამ ადამიანებს, ყოველდღიურად ვიცხოვრებ მათთან ერთად, სანამ ეს პრობლემა არ გადაწყდება". – ამბობდა სოზარ სუბარი.

დღეს, აფრიკის დასახლებაში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მათ ქართული ოცნების დეპუტატი, სოზარ სუბარი ფართების დაკანონებაში დახმარებას დაპირდა, თუ მას არჩევნებში მხარს დაუჭერდნენ.

აფრიკის დასახლებაში, სადაც მერია უნებართვოდ აშენებულ შენობებს ანგრევს, ბოლო ინფორმაციით, 8 ადამიანია დაკავებული. შსს-ს ცნობით, ისინი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.

დემონტაჟის პროცესის შეწყვეტისკენ მერიას მოუწოდებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. საიას განცხადების მიხედვით, შენობების ნგრევა მიუთითებს, რომ თბილისის მერიას მგრძნობელიბა არ აქვთ საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფის მიმართ.

ღია საზოგადოების ფონდი კი წერს, რომ მაშინ, როდესაც საქართველოს არ გააჩნია უსახლკარობის ადეკვატური სახელმწიფო პოლიტიკა და ამ პრობლემას ეფექტური სერვისებით ვერ პასუხობთ, უსახლკაროთა მიერ აშენებული შენობების დანგრევა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა.

თუმცა, თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ ადამიანებს, ვის შენობებსაც ანგრევენ, სახლები და მიწები აქვთ და აფრიკის დასახლებაში მიზანმიმართულად ცდილობენ ტერიტორიების დატაცებას. მისივე თქმით, "ვისაც სახლი არ აქვს, არსებობს თავშესაფარი, რომელიც ნახევრად ცარიელია."

თავდაპირველად, კალაძემ უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟზე 25 ნოემბერს ისაუბრა. მაშინ მან მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელ ლევან ჯღარკავას დაავალა, ქმედებები დაეწყოთ და "დავამთავროთ ეს უმსგავსობა."

26 ნოემბერს EMC-მ მერიას მოუწოდა, არ დაეწყოთ დემონტაჟის პროცედურები, დაეცვათ ამგვარ შენობებში მცხოვრები ადამიანები უსახლკარობისგან და უზრუნველეყოთ ისინი შესაბამისი მხარდაჭერით.

კომენტარები