აფრიკის დასახლება

გირჩი: გამოყრის ნაცვლად, მიწები და შენობები ფაქტობრივ მფლობელებს საკუთრებაში უნდა გადაეცეს

ფორმულა/კადრი ვიდეოდან

"იმის ნაცვლად, რომ "აფრიკის" იერსახის შენარჩუნების საბაბით მერიამ ხალხი ქუჩაში გამოყაროს, ეს მიწები და ზედ არსებული შენობა-ნაგებობები მათ ფაქტობრივ მფლობელებს კერძო საკუთრებაში უნდა გადაეცეს". – ასე ეხმაურებიან გირჩში აფრიკის დასახლებაში სახლების დემონტაჟის პროცესს, რომელიც თბილისის მერიის დაკვეთით სრულდება.

აფრიკის დასახლებაში მერია უნებართვოდ აშენებულ შენობებს ანგრევს. ადგილზე 8 ადამიანი დააკავეს. თბილისის მერი კახა კალაძე კი ამბობს, რომ ამ ადამიანებს აქვთ სახლები და მიწებიც და აფრიკის დასახლებაში მიზანმიმართულად ცდილობენ ტერიტორიების დატაცებას.

დემონტაჟის პროცესის შეწყვეტისკენ მერიას მოუწოდებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. საიას განცხადების მიხედვით, შენობების ნგრევა მიუთითებს, რომ თბილისის მერიას მგრძნობელიბა არ აქვთ საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფის მიმართ.

ღია საზოგადოების ფონდი კი წერს, რომ მაშინ, როდესაც საქართველოს არ გააჩნია უსახლკარობის ადეკვატური სახელმწიფო პოლიტიკა და ამ პრობლემას ეფექტური სერვისებით ვერ პასუხობთ, უსახლკაროთა მიერ აშენებული შენობების დანგრევა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა.

თუმცა, თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ ადამიანებს, ვის შენობებსაც ანგრევენ, სახლები და მიწები აქვთ და აფრიკის დასახლებაში მიზანმიმართულად ცდილობენ ტერიტორიების დატაცებას. მისივე თქმით, "ვისაც სახლი არ აქვს, არსებობს თავშესაფარი, რომელიც ნახევრად ცარიელია."

თავდაპირველად, კალაძემ უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟზე 25 ნოემბერს ისაუბრა. მაშინ მან მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელ ლევან ჯღარკავას დაავალა, ქმედებები დაეწყოთ და "დავამთავროთ ეს უმსგავსობა."

26 ნოემბერს EMC-მ მერიას მოუწოდა, არ დაეწყოთ დემონტაჟის პროცედურები, დაეცვათ ამგვარ შენობებში მცხოვრები ადამიანები უსახლკარობისგან და უზრუნველეყოთ ისინი შესაბამისი მხარდაჭერით.

კომენტარები