აფრიკის დასახლება

სუბარი აფრიკის დასახლებაზე: ვერ დავპირდებოდი ვერაფერს, რაც არ ჯდება კანონის ფარგლებში

ტვ პირველი

"მე ყველას ვპირდებოდი ერთსა და იმავეს, სადაც შესაძლებელი იქნება, გავაკეთებთ, დავეხმარებით გაფორმებაში". – ამბობს სამგორის მაჟორიტარი კანდიდატი სოზარ სუბარი აფრიკის დასახლებაში სახლების დემონტაჟის პროცესზე, რომელიც თბილისის მერიის დაკვეთით სრულდება. მისი თქმით, თბილისის მერიამ ბოლო წლებში რამდენიმე ათასი სახლი დააკანონა, თუმცა, არის ადგილები, სადაც "ძალიან ძნელია დახმარება".

"ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით პარლამენტში ვიყავი, როცა ეს პროცესი დაიწყო. როცა დავინტერესდი, მითხრეს, რომ ეს არის სახლები, რომლებიც ბოლო ორი-სამი თვის მანძილზე აშენდა.

მართლა ვერ დავპირდებოდი ვერავის ვერაფერს, რაც არ ჯდება კანონის ფარგლებში, არის არაერთი დასახლება, სადაც ადამიანებს აშენებული აქვთ წლების წინ სახლები, ცხოვრობენ, ბავშვებს იქ ზრდიან, ხეხილი აქვთ დარგული, მათ ვპირდებოდით, რომ მაქსიმალურად დავეხმარებოდით, თუმცა, ამ ადამიანებს შორისაც იყო ხალხი, ვინც მეუბნებოდა, რომ ჰქონდა 1 400 კვ.მ შემოღობილი, 1 800 კვ. მეტრი. ასეთ ადამიანებს ბოდიში, მაგრამ ყველას ვეუბნებოდი - ვერ დაგპირდებით, რომ თბილისში 1 800 კვ.მ-ის დაკანონებაში მოგეხმარებით, მაგრამ მინიმუმ საცხოვრებელში მოგეხმარებით, სადაც კანონი მოგვცემს საშუალებას.

ადამიანები, რომლებმაც ბოლო 2-3 თვეში ააშენეს და მათ აქვთ სხვა საცხოვრებელი, ასეთ შემთხვევაში კანონს მართლა ყველა უნდა დავემორჩილოთ". – ამბობს სუბარი.

სამგორის მაჟორიტარი კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიის დროს აფრიკის დასახლებაში მოსახლეობას ხვდებოდა, სადაც ფართების დაკანონებაზეც იყო საუბარი. ის ამბობდა, რომ "შესწავლა ინდივიდუალურად უნდა მოხდეს, რათა პროცესი კანონიერ ჩარჩოში მოექცეს". გარდა ამისა, სუბარის თქმითვე, აფრიკის დასახლება არის "ერთის მხრივ ულამაზესი", ხოლო მეორე მხრივ, უბანი, რომელსაც ყველაზე მეტი პრობლემა აქვს.

"ზოგიერთ შემთხვევაში ეს არის სახლები თუ ნაკვეთები, რომლებიც ჯერ კიდევ აქ მცხოვრები ადამიანების მშობლებს ეკუთვნოდათ 60, 70-იანი წლებიდან მოყოლებული და დღემდე არ არის დაკანონებული. ბუნებრივია, ასეთი საკითხები სასწრაფო გადაწყვეტას საჭიროებს. ვპირდები ამ ადამიანებს, ყოველდღიურად ვიცხოვრებ მათთან ერთად, სანამ ეს პრობლემა არ გადაწყდება". –ამბობდა სოზარ სუბარი.

დღეს, აფრიკის დასახლებაში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მათ ქართული ოცნების დეპუტატი, სოზარ სუბარი ფართების დაკანონებაში დახმარებას დაპირდა, თუ მას არჩევნებში მხარს დაუჭერდნენ. 

აფრიკის დასახლებაში, სადაც მერია უნებართვოდ აშენებულ შენობებს ანგრევს, ბოლო ინფორმაციით, 8 ადამიანია დაკავებული. შსს-ს ცნობით, ისინი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.

დემონტაჟის პროცესის შეწყვეტისკენ მერიას მოუწოდებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. საიას განცხადების მიხედვით, შენობების ნგრევა მიუთითებს, რომ თბილისის მერიას მგრძნობელიბა არ აქვთ საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფის მიმართ.

ღია საზოგადოების ფონდი კი წერს, რომ მაშინ, როდესაც საქართველოს არ გააჩნია უსახლკარობის ადეკვატური სახელმწიფო პოლიტიკა და ამ პრობლემას ეფექტური სერვისებით ვერ პასუხობთ, უსახლკაროთა მიერ აშენებული შენობების დანგრევა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა.

თუმცა, თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ ადამიანებს, ვის შენობებსაც ანგრევენ, სახლები და მიწები აქვთ და აფრიკის დასახლებაში მიზანმიმართულად ცდილობენ ტერიტორიების დატაცებას. მისივე თქმით, "ვისაც სახლი არ აქვს, არსებობს თავშესაფარი, რომელიც ნახევრად ცარიელია."

თავდაპირველად, კალაძემ უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟზე 25 ნოემბერს ისაუბრა. მაშინ მან მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელ ლევან ჯღარკავას დაავალა, ქმედებები დაეწყოთ და "დავამთავროთ ეს უმსგავსობა."

26 ნოემბერს EMC-მ მერიას მოუწოდა, არ დაეწყოთ დემონტაჟის პროცედურები, დაეცვათ ამგვარ შენობებში მცხოვრები ადამიანები უსახლკარობისგან და უზრუნველეყოთ ისინი შესაბამისი მხარდაჭერით.

კომენტარები