აფრიკის დასახლება

ჩიხრაძე აფრიკის დასახლებაზე: არჩევნები დამთავრდა და დაიწყეს ნამდვილი სახის გამოჩენა

ფიქრია ჩიხრაძე
ლელო

"არჩევნები დამთავრდა და ხელისუფლებამ დაიწყო თავისი ნამდვილი სახის გამოჩენა. ღია ცის ქვეშ ტოვებენ უმწეო ადამიანებს - ბავშვებს, მოხუცებს, ორსულ ქალებს". – ასე ეხმაურება ლელოს სამგორის რაიონის მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი, ფიქრია ჩიხრაძე აფრიკის დასახლებაში დემონტაჟის პროცესს, რომელიც თბილისის მერიის დაკვეთით სრულდება.

"სამგორის რაიონის ქიზიყის ქუჩაზე დღეს არსებული ვითარება სცდება რაიმე სახის ადმინისტრაციულ თუ სამართლებრივ რეაგირებას. ზამთრის ცივ დღეებში, მძვინვარე პანდემიის პირობებში ადამიანების გამოყრა საცხოვრებელი სახლებიდან და ამ სახლების მიწასთან გასწორება არის უდიდესი უპასუხისმგებლობა და ანტიჰუმანური აქტი". – ამბობს ფიქრია ჩიხრაძე.

აფრიკის დასახლებაში, სადაც მერია უნებართვოდ აშენებულ შენობებს ანგრევს, ბოლო ინფრომაციით, 8 ადამიანია დაკავებული. შსს-ს ცნობით, ისინი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.

დემონტაჟის პროცესის შეწყვეტისკენ მერიას მოუწოდებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. საიას განცხადების მიხედვით, შენობების ნგრევა მიუთითებს, რომ თბილისის მერიას მგრძნობელიბა არ აქვთ საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფის მიმართ.

ღია საზოგადოების ფონდი კი წერს, რომ მაშინ, როდესაც საქართველოს არ გააჩნია უსახლკარობის ადეკვატური სახელმწიფო პოლიტიკა და ამ პრობლემას ეფექტური სერვისებით ვერ პასუხობთ, უსახლკაროთა მიერ აშენებული შენობების დანგრევა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა.

თუმცა, თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ ადამიანებს, ვის შენობებსაც ანგრევენ, სახლები და მიწები აქვთ და აფრიკის დასახლებაში მიზანმიმართულად ცდილობენ ტერიტორიების დატაცებას. მისივე თქმით, "ვისაც სახლი არ აქვს, არსებობს თავშესაფარი, რომელიც ნახევრად ცარიელია."

თავდაპირველად, კალაძემ უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟზე 25 ნოემბერს ისაუბრა. მაშინ მან მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელ ლევან ჯღარკავას დაავალა ქმედებები დაეწყოთ და "დავამთავროთ ეს უმსგავსობა."

26 ნოემბერს EMC-მ მერიას მოუწოდა, არ დაეწყოთ დემონტაჟის პროცედურები, დაეცვათ ამგვარ შენობებში მცხოვრები ადამიანები უსახლკარობისგან და უზრუნველეყოთ ისინი შესაბამისი მხარდაჭერით.

კომენტარები