აფრიკის დასახლება

ხოშტარია აფრიკის დასახლებაზე: სრული არაადამიანობა, ცხოველური მოპყრობაა მოქალაქეების მიმართ

ფოტო: ტბელ აბუსერიძე

ევროპული საქართველოს წევრი, ელენე ხოშტარია აფრიკის დასახლებაში უნებართვოდ აშენებული შენობების ნგრევას ეხმაურება. ხოშტარიას თქმით, პანდემიის დროს შენობების დემონტაჟი "სრული არაადამიანობა" და "ცხოველური მოპყრობაა ადამიანების მიმართ". 

"პირველ რიგში, ეს არის სრული არაადამიანობა. სიცივეში, პანდემიის დროს, პოლიციელების ჯარი არის მოსული, არაფერს ეუბნებიან, ადამიანებს იჭერენ და ბულდოზერებით უნგრევენ სახლს. რაც შეეხება უკანონობას და ამაზე აპელირებას, უკანონობა ის გაიხსენონ, თაბორის მთა რომ აჩუქეს ბიძინა ივანიშვილს 1 ლარად. კანონს რომ თავი დავანებოთ, ეს არის ცხოველური, არაადამიანური მოპყრობა ადამიანების მიმართ, ტალახში ზელენ ხალხს და ისე მიჰყავთ, იმიტომ რომ თავის სახლს იცავენ. 

არაკონსტიტუციურიც არის, არაადამიანურიც არის, ამორალურიც არის და არის სახე ამ თავგასული უკონტროლო ხელისუფლების, არჩევნების წინ რომ ჰპირდებოდა, რასაც გინდათ, გაგიკეთებთო და არჩევნების მერე ასე ეპყრობა, ეს არის მათი სახე". – ამბობს ხოშტარია ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში. 

აფრიკის დასახლებაში, სადაც მერია უნებართვოდ აშენებულ შენობებს ანგრევს, ბოლო ინფორმაციით, 8 ადამიანია დაკავებული. შსს-ს ცნობით, ისინი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.  

დემონტაჟის პროცესის შეწყვეტისკენ მერიას მოუწოდებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. საიას განცხადების მიხედვით, შენობების ნგრევა მიუთითებს, რომ თბილისის მერიას მგრძნობელობა არ აქვთ საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფის მიმართ. 

ღია საზოგადოების ფონდი კი წერს, რომ მაშინ, როდესაც საქართველოს არ გააჩნია უსახლკარობის ადეკვატური სახელმწიფო პოლიტიკა და ამ პრობლემას ეფექტური სერვისებით ვერ პასუხობთ, უსახლკაროთა მიერ აშენებული შენობების დანგრევა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა. 

თუმცა, თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ ადამიანებს, ვის შენობებსაც ანგრევენ, სახლები და მიწები აქვთ და აფრიკის დასახლებაში მიზანმიმართულად ცდილობენ ტერიტორიების დატაცებას. მისივე თქმით, "ვისაც სახლი არ აქვს, არსებობს თავშესაფარი, რომელიც ნახევრად ცარიელია." 

თავდაპირველად, კალაძემ უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟზე 25 ნოემბერს ისაუბრა. მაშინ მან მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელ ლევან ჯღარკავას დაავალა ქმედებები დაეწყოთ და "დავამთავროთ ეს უმსგავსობა."

26 ნოემბერს EMC-მ მერიას მოუწოდა, არ დაეწყოთ დემონტაჟის პროცედურები, დაეცვათ ამგვარ შენობებში მცხოვრები ადამიანები უსახლკარობისგან და უზრუნველეყოთ ისინი შესაბამისი მხარდაჭერით.

კომენტარები