ევროპული საქართველო

ბოკერია გვარამიაზე: ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის მიუღებელია მისი რიტორიკა ელჩების მიმართ

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების სტანდარტებითაც კი, მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ მიმდინარეობს "სამარცხვინო და ამაზრზენი დევნა", ეს არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ელჩების საწინააღმდეგო კამპანია დაიწყოს. 

გიგა ბოკერიას კამპანია "პრინციპულად, მორალურად და პრაგმატულად" არასწორად მიაჩნია და ვარაუდობს, რომ ამას ბიძინა ივანიშვილი მთელი ოპოზიციის წინააღმდეგ გამოიყენებს. ამის შესახებ ოპოზიციონერმა ლიდერმა 14 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. 

"ბატონი ნიკა გვარამია უკვე დიდი ხანია, არის ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიების სამიზნე, მათ შორის სამარცხვინო, ამაზრზენი, ძალიან მძიმე ფორმებით როგორც მისთვის, ისე მისი ოჯახისთვის. ეს ყველას კარგად გვესმის. მიუხედავად ამისა, ჩემთვის პირადად და ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის კატეგორიულად მიუღებელია ის რიტორიკა, რაც გვესმის, არამარტო ბატონი ნიკასგან, არამედ სხვებისგანაც დიპლომატებთან მიმართებით". – ამბობს გიგა ბოკერია. 

ევროპული საქართველოს ლიდერის განმარტებით, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ სტრატეგიული მოკავშირეების, თავისუფალი სამყაროს დიპლომატები საქართველოს მეგობრების წარმომადგენლები და მაშინაც კი, როდესაც ისინი "ძალიან ცდებიან", ეს არ იძლევა მათ წინააღმდეგ კამპანიის წარმოების საფუძველს. 

"ცნობილი და გაცვეთილი ანდაზა რომ გამოვიყენო – ნაბან წყალს ბავშვი არ უნდა გადააყოლო, როდესაც ასეთ დაპირისპირებაში ვართ ივანიშვილის რეჟიმთან და როდესაც ყველამ კარგად ვიცით, როგორ გამოიყენებს ამ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი". – თქვა გიგა ბოკერიამ. 

კომენტარები