არჩევნები 2020

საქართველოს ისტორიაში პირველად პარლამენტი ერთპარტიულად შეიკრიბა

ტაბულა

საქართველოს ისტორიაში პირველად პარლამენტი ერთპარტიულად შეიკრიბა. არცერთი ოპოზიციური პარტია დარბაზში არ შესულა. მმართველი გუნდის დეპუტატი კი პროტესტისა და საბჭოთა ჰიმნის ფონზე შევიდნენ შენობაში. 

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად ოპოზიციურმა პარტიებმა გააფორმეს მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც პარტიის ხელმძღვანელები ცესკოდან თავიანთ პარტიულ სიებს გამოითხოვენ და პოლიტიკოსები ინდივიდუალურად იტყვიან უარს თავიანთ მანდატებზე. 

თუმცა მემორანდუმზე ხელი არ მოუწერიათ გირჩს, რესპუბლიკურ პარტიასა და ალეკო ელისაშვილის მოქალაქეებს. როგორც გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, პარტია მხარს უჭერს მემორანდუმს, უბრალოდ, "ცერემონიები" არ უყვარს. 

მიუხედავად იმისა, რომ ეს პარტიები კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან, მოლაპარაკებების დასრულებამდე მანდატებზე უარის თქმას არ გეგმავენ. 

ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც ბარიერი გადალახეს, 31 ოქტომბერს გამართული არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ფასილიტატორების მონაწილეობით, მოლაპარაკებების 4 რაუნდი გაიმართა, რის შემდეგაც ზოგიერთმა ოპოზიციურმა ძალამ დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გარეშეც, რაც ოპოზიციის მთავარი და საერთო მოთხოვნა იყო, შეიძლება განიხილოს პარლამენტში შესვლა. 

კომენტარები