არჩევნები 2020

თალაკვაძე: ოცნება განმეორებით არჩევნებს ან მასთან დაკავშირებულ ვერსიას არ განიხილავს

"არის რეალური ალბათობა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა შევძლოთ შეთანხმება ყველაზე მთავარ და მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც გამოიწვევს პოლიტიკურ სტაბილურობას და გრძელვადიანი თანამშრომლობის საშუალებას მოგვცემს". – ასე შეაფასა ქართული ოცნების ერთერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასთან მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი. მისი თქმით, ხელისუფლების და ოპოზიციის პოზიციები საარჩევნო რეფორმის გაგრძელებასთან დაკავშირებით ერთმანეთს დაუახლოვდა.

"შესაძლებელია სრულიად, რომ ეს გახდეს შეთანხმების მთავარი საგანი... სხვა საკითხებზე ქართული ოცნების პოზიცია არ შეცვლილა, პანდემიის მიუხედავად, ორ მილიონამდე ჩვენმა მოქალაქემ გააკეთა თავისი არჩევანი, ჩვენ არ გვაქვს საფუძველი, რომ ეჭვქვეშ დავაყენოთ მათი არჩევანი, კიდევ ერთხელ მინდა, განვაცხადო, ქართული ოცნების მხრიდან განმეორებითი არჩევნები ან რაიმე მასთან დაკავშირებული, მიახლოებული ვერსია არ განიხილება". – ამბობს თალაკვაძე. 

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა, რიგგარეშე, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

ამ საკითხებთან დაკავშირებით ქართულ ოცნებასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით, უკვე ოთხი შეხვედრა გაიმართა. ამ დრომდე უცნობია მოლაპარაკებების ზუსტი დეტალები, თუმცა, ევროპული საქართველის ლიდერის, დავით ბაქრაძის ცნობით, არის 4 ძირითადი საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია ოპოზიციისთვის და რაზეც მიდის საუბარი. 

პირველი ორი საკითხი უკავშირდება რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. მესამე საკითხი არის საარჩევნო სისტემის შესაძლო ცვლილებები. მეოთხე საკითხი კი, საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომლებიც განაპირობებს საარჩევნო გარემოს შეცვლას.

"პირველ ორ საკითხთან დაკავშირებით, რიგგარეშე არჩევნებზე და პოლიტპატიმრებზე არსებობს ფუნდამენტური სხვაობა პოზიციების მხარეებს შორის და აქ შეთანხმების რესურსი არ ჩანს. შემიძლია გითხრათ ჩემი პარტიის პოზიცია: ამის გარეშე ჩვენ არ განვიხილავთ კრიზისის მოგვარებას და პარლამენტში შესვლას. მესამე საკითხზე, რომელიც საარჩევნო სისტემის შეცვლას ეხება, გარკვეული კომპრომისული წინადადებები იყო, შეთანხმებული არ არის, მაგრამ, ვფიქრობ, გარკვეული რესურსი არსებობს, რომ საარჩევნო სისტემა შეიცვალოს, ოღონდ ეს ვერანაირად ვერ ცვლის ჩვენთვის რიგგარეშე არჩევნების საკითხს.

რაც შეეხება მეოთხე საკითხს, საარჩევნო გარემოს, არსებობს გარკვეული, უფრო მეტად ტექნიკური შინაარსის საკითხები, სადაც შეთანხმება შესაძლებელია. მაგალითად, როგორ გაუმჯობესდეს ვითარება უბნებზე და როგორ იყოს ხმები უფრო დაცული. არსებობს საკითხები, სადაც შეთანხმებისგან შორს ვართ, მაგალითად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებით.

თუ შევაჯამებთ ყველაფერს, შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციისთვის მთავარ საკითხებში, რიგგარეშე არჩევნებზე და პოლიტპატიმრებზე ფუნდამენტური განსხვავებაა პოზიციებს შორის და შედეგი და დაახლოება არ გვაქვს. საარჩევნო გარემოსთან და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გარკვეული კონტურები არსებობს, რომ რაღაც საკითხებზე შეთანხება შედგეს". – თქვა ბაქრაძემ.

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება. თავდაპირველად ოპოზიცია ამ დღეს ფართომასშტაბიან აქციას გეგმავდა, თუმცა, მოგვიანებით ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ აქციას მხოლოდ თავად გამართავენ. 

კომენტარები