არჩევნები 2020

ცესკომ არჩევნების საბოლოო შედეგები დაამტკიცა – ოპოზიციამ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

TV პირველი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები დაამტკიცა. შემაჯამებელი ოქმების დამტკიცების სხდომა ცესკოს შენობაში ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. სხდომა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ევროპული საქართველოსა და პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

"კრებაში მონაწილეობას არ მივიღებ, იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, თქვენ ამ სიყალბით სავსე ოქმს ხელს მაინც მოაწერთ. შევეცდები, რომ კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, დაფიქრდეთ კარგად, დაფიქრდეთ არა იმაზე, რომ ამ ამ სიყალბით სავსე ოქმზე ხელმოწერით რა სიყალბეს მოუტანთ თქვენ თავს, არამედ იმაზე, რომ რამხელა ზიანს მიაყენებთ ჩვენს ქვეყანას და მომავალს". – თქვა ენმ-ის წარმომადგენელმა დავით კირთაძემ სხდომის დატოვებამდე. 

ცესკოს მონაცემებით, არჩევნების შედეგად ამომრჩეველთა ხმები საბოლოოდ ასე გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო – 48,22% პროპორციული სისტემით მანდატების რაოდენობა – 60. ამასთან, ცესკოს შედეგებით ქართულმა ოცნებამ არავისთან ჩატარებულ მეორე ტურშიც 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში გაიმარჯვა და ჯამში 90 მანდატი აქვს. 
  • ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია – 27,18%, მანდატების რაოდენობა  – 36.
  • ევროპული საქართველო – 3,79%, მანდატების რაოდენობა – 5.
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3,15% მანდატების რაოდენობა – 4
  • ლელო – 3,15%, მანდატების რაოდენობა – 4
  • პატრიოტთა ალიანსი – 3,14%, მანდატების  რაოდენობა – 4
  • გირჩი – 2,89%, მანდატების რაოდენობა – 4
  • მოქალაქეები – 1,33%, მანდატების რაოდენობა – 2
  • ლეიბორისტული პარტია – 1% მანდატების რაოდენობა – 1

21 ნოემბერს, საქართველოში ფორმალურად 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა იმ 17 ოლქში, სადაც ვერცერთმა კანდიდატმა ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო. თუმცა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელთა კანდიდატებსაც მეორე ტურში უნდა მიეღოთ მონაწილეობა, არჩევნებს, ისევე, როგორც პარლამენტში შესვლას, ბოიკოტი გამოუცხადა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დათვლილია ხმების 100%. ფაქტობრივად ერთპარტიულ არჩევნებში 17-ვე ოლქში ქართული ოცნების კანდიდატმა გაიმარჯვა.

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა, რიგგარეშე, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

კომენტარები