არჩევნები 2020

"პოლიტიკური რეკლამები არასათანადო დროს გაავრცელა" – GNCC-მა მთავარი არხი 58 000 ლარით დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ მთავარი არხი 58,061.76 ლარით დააჯარიმა. GNCC-ის მტკიცებით, ტელეკომპანიამ წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამების განთავსების დროისა და გავრცელების წესის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები დაარღვია.

"კანონმდებლობის მიხედვით, წინასაარჩევნო რეკლამებს მაუწყებლები გადასცემენ მეორე ტურის დანიშვნის დღის მომდევნო ორშაბათიდან. შესაბამისად, მთავარ არხს პოლიტიკური რეკლამების ეთერში განთავსების უფლება მხოლოდ მეორე ტურის დანიშვნის დღის მომდევნო ორშაბათიდან, 16 ნოემბრიდან ჰქონდა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კომუნიკაციების კომისიამ 3 ნოემბერს მაუწყებლებს გაუგზავნა წერილი და არჩევნების მეორე ტურის დროს პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსებასთან დაკავშირებით, კანონმდებლობის მოთხოვნები შეახსენა. შესაბამისად, მთავარი არხი აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობდა, თუმცა, 6 და 7 ნოემბერს, ძალა ერთობაშიას და ლელო საქართველოს დაკვეთით ფასიანი პოლიტიკური რეკლამები მაინც განათავსა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მთავარმა არხმა არასათანადო რეკლამები, განთავსების დროის და გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით გაავრცელა.

იმის გათვალისწინებით, რომ იდენტური დარღვევისთვის კომუნიკაციების კომისიას მაუწყებლის მიმართ თებერვალში უკვე გამოყენებული აქვს ფულადი სანქცია, კანონდარღვევის განმეორებით ჩადენის გამო, მთავარ არხს ჯარიმა წლიური შემოსავლის 1%-ის ოდენობით დაეკისრა". - აცხადებს GNCC.

 

კომენტარები