არჩევნები 2020

ევროპარლამენტარები: პოლიტიკოსებმა პატივი სცენ ამომრჩევლის არჩევანს და იპოვონ კომპრომისი

EU

ევროპარლამენტის ოთხი წევრი საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ევროპარლამენტარები პოლიტიკოსებს მოუწოდებენ, პატივი სცენ ამომრჩევლის დემოკრატიულ არჩევანს და დიალოგის გზით იპოვონ აუცილებელი კომპრომისი. 

"მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკოსს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, თავშეკავება და მოწიფულობა, პატივი სცენ ამომრჩევლის დემოკრატიულ არჩევანს და იპოვონ აუცილებელი კომპრომისი ახალი დიალოგის გზით, რომლის ფასილიტატორები საქართველოში ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩები არიან, რათა პარლამენტმა შეუფერხებლად იმუშაოს, ვინაიდან ის დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინსტიტუტია. ყველა პოლიტიკურმა ძალამ, რომლებიც პარლამენტში არიან წარმოდგენილნი, უნდა იმუშაონ კონსტრუქციულად და ამასთან, უნდა გაითვალისწინონ საქართველოს მიერ არჩეული ევროპული გზა". – ნათქვამია განცხადებაში.

ევროპარლამენტარები მწუხარებას გამოთქვამენ, რომ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატები მონაწილეობას არ იღებდნენ და იმედოვნებენ, რომ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ყველა საჩივარი სამართლიანად და გამჭვირვალედ იქნება განხილული.

"მხარს ვუჭერთ ეუთო/ოდირის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისNATO-ს საპარლამენტო ასამბლეის შეფასებასა და ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის მიერ პირველი ტურის შედეგად გამოქვეყნებულ გამოხმაურებას. მეორე ტურის შემდეგ, ჩვენ ველოდებით ყველა საფუძვლიანი საჩივრის სამართლიან და გამჭვირვალე განხილვას. ეს იყო გადამწყვეტი მომენტი, რათა შეგვეფასებინა საქართველოს მთავრობის და ყველა პოლიტიკური პარტიის პოზიცია დემოკრატიული პროცესებისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერის საკითხში.

ვაფასებთ ფაქტს, რომ არჩევნები ჩატარდა გაუმჯობესებული საარჩევნო სისტემით, რამაც შესაძლებელი გახადა უფრო მრავალფეროვანი პარლამენტის ჩამოყალიბება. თუმცა, ჩვენ მწუხარებას გამოვთქვამთ, რომ ოპოზიციის კანდიდატები არ იბრძოდნენ მანდატებისთვის მეორე ტურში. მოვითხოვთ, არსებული ხარვეზები იყოს აღმოფხვრილი ახალი საარჩევნო რეფორმის გზით, რომელიც შეასრულებს ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს და ეს მოხდება პარლამენტში წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური პარტიის აქტიური ჩართულობით". – ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • დევიდ მაკალისტერი (საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე)
  • მარინა კალიურანდი (სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე)
  • სვენ მიკსერი (ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე თანამომხსენებელი)
  • ვიოლა ფონ კრამონი (ევროპარლამენტში საქართველოში დემოკრატიული აქტივობის წამყვანი მხარდამჭერი)

21 ნოემბერს, საქართველოში ფორმალურად 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა იმ 17 ოლქში, სადაც ვერცერთმა კანდიდატმა ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო. თუმცა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლის კანდიდატსაც მეორე ტურებში უნდა მიეღო მონაწილეობა, არჩევნებს, ისევე, როგორც პარლამენტში შესვლას, ბოიკოტი გამოუცხადა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დათვლილია ხმების 100%. ფაქტობრივად ერთპარტიულ არჩევნებში 17-ვე ოლქში ქართული ოცნების კანდიდატმა გაიმარჯვა.

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. მანდატებზე უარი თქვეს ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პუტინისტურმა პატრიოტთა ალიანსმა. ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა, რიგგარეშე, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

ოპოზიციურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა არჩევნების შედეგების გასაჩვრება სცადეს როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ასევე სასამართლოში. არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაასაჩივრეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ არცერთი სარჩელი არ დაუკმაყოფილა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ევროპულ საქართველოს, ლეიბორისტულ პარტიას, პარტიას დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები