არჩევნები 2020

"რეჟიმი ყველას დასამარცხებელია" – ბათუმში ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ფორმულა

ბათუმში ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ოპოზიციის წევრები აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართავდნენ. ბათუმში იმყოფება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელიაც. მელიას თქმით, არსებული რეჟიმი ყველას დასამარცხებელია.

"ნუ გავახარებთ რეჟიმს, რეჟიმი ყველას დასამარცხებელია, ექსკლუზივი არ აქვს ამ ბრძოლაში არავის, მოქალაქეები, მისი უდიდებულესობა საქართველოს მოქალაქე მშვიდობიანად და ძალიან მჭახედ დაამარცხებს, სადაც საჭიროა, იქნება, რა თქმა უნდა, უკომპრომისო ბრძოლა, არანაირი უკან დახევა არ იქნება. 

ჩვენი ძალა არის სიმართლეში და ამავე დროს სიმრავლეში, ნურავის ექნება იმედი, რომ მთელი საქართველო არ გამოვა რუსთაველის გამზირზე ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში თუ სხვა ქალაქებში". – თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ნიკა მელიამ.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. ისინი არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად – გაყალბებულად მიიჩნევენ და პერმანენტულ საპროტესტო აქციებს მართავენ.

ოპოზიციის მომდევნო აქცია 18 ნოემბერს, 11:00 საათზე თბილისში გაიმართება. მდუმარე მსვლელობა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურად წარიმართება.

ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა, ხელახალი, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება. არცერთი ოპოზიციური პარტია საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის და საქართველოს ისტორიაში პირველად პარლამენტი ერთპარტიულად შეიკრიბება. მანდატებზე უარი თქვეს ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პუტინისტურმა პატრიოტთა ალიანსმა.

კომენტარები