არჩევნები 2020

მელია: მომდევნო აქციის ზუსტ დროს ხვალ-ზეგ შეგატყობინებთ, არაერთხელ მოგვიწევს შეკრება

ტაბულა

რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის აქცია საქართველოს ჰიმნით დასრულდა. იქამდე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ დემონსტრანტებს უთხრა, რომ მომდევნო აქციის ზუსტ დროს "ხვალ-ზეგ" შეატყობინებენ. ოპოზიცია 17 ან 18 ნოემბერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტის დღეს მდუმარე პროტესტს გეგმავს.

"დიდი მადლობა ეროვნულ სამსახურში ყოფნისთვის, ეროვნულ სამსახურში გამოცხადებისთვის, ეს ბრძოლა არავითარ შემთხვევაში არ არის დამღლელი არც ერთი ჩვენგანისთვის, მაგრამ ეს ბრძოლა არის სტრატეგიული, არის ტაქტიკური და ბუნებრივია, მოგვიწევს არაერთხელ შეკრება, სხვადასხვა ფორმატში და არა მხოლოდ რუსთაველის გამზირი იქნება ეს შეკრების ადგილი.

ბევრი თქვენგანი სხვადასხვა ქალაქიდან ხართ ჩამოსული და უნდა დაბრუნდეთ 10 საათამდე, ე.წ კომენდანტის საათის ამოქმედებამდე, მაგრამ ამ დღეებში, ხვალ-ზეგ, ჩვენ შეგატყობინებთ [მომდევნო აქციის] ზუსტ თარიღს, იქნება ეს 17 თუ 18 ნოემბერი, დღე, როცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჩამოდის საქართველოში, მასთან ერთად იქნება მსოფლიო საერთაშორისო მედია წარმოდგენილი და მნიშვნელოვანია, რომ თავყრილობა ცნობილი გახდეს მთელი მსოფლიოსთვის

ამიტომ, ჩვენ გვჭირდება, ვიცოდეთ ზუსტი თარიღი და ზუსტი საათი, ხვალ-ზეგ ამის თაობაზე ვიქნებით ინფორმირებულები და შეგატყობინებთ" - თქვა მელიამ და აქციის მონაწილეებს მოთმინებისა და გამძლეობისთვის მადლობა გადაუხადა.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. ისინი არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად – გაყალბებულად მიიჩნევენ და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. არცერთი ოპოზიციური პარტია საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის და საქართველოს ისტორიაში პირველად პარლამენტი ერთპარტიულად შეიკრიბება. მანდატებზე უარი თქვეს ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პუტინისტურმა პატრიოტთა ალიანსმა.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები