არჩევნები 2020

თალაკვაძე: გვაქვს ინფორმაცია, რომ ოპოზიციური პარტიები მეორე ტურისთვის ემზადებიან

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის მტკიცებით, მმართველ გუნდი ფლობს ინფორმაციას, რომ ოპოზიციური პარტიები, რომლებიც მეორე ტურში გადავიდნენ მაჟორიტარულ ოლქებში, ემზადებიან მეორე ტურისთვის. ამის შესახებ თალაკვაძემ რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

"მათ შტაბებში არის აქტიური სამზადისი, მოხდა სარეკლამო მასალების განახლება და მიდის მუშაობა". – ამბობს თალაკვაძე.

თალაკვაძემ ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრა, რომელშიც ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, თავადაც მონაწილეობდა. თუმცა შეხვედრისას განხილული საკითხები პარლამენტის თავმჯდომარემ არ დააკონკრეტა.

"ჩვენ ყველამ პირობა დავდეთ, რომ შეთანხმებამდე არ გავასაჯაროებთ იმ საკითხებს, რაზეც იყო მსჯელობა. მე ვფიქრობ, არც საზოგადოებას სჭირდება დიალოგში ისეთი წარმომადგენლები, რომელთაც პირობის დაცვა არ შეუძლიათ და რომელიც თავის სიტყვას გატეხავს, ამიტომ თავს შევიკავებ". – ამბობს თალაკვაძე.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. ისინი არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად – გაყალბებულად მიიჩნევენ და მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ.

ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა, ხელახალი, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება. არცერთი ოპოზიციური პარტია საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის და საქართველოს ისტორიაში პირველად პარლამენტი ერთპარტიულად შეიკრიბება. მანდატებზე უარი თქვეს ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პუტინისტურმა პატრიოტთა ალიანსმა.

კომენტარები