არჩევნები 2020

პაპუაშვილი: ჩვენ ვართ მზად ოპოზიციასთან დიალოგისთვის

შალვა პაპუაშვილი

ქართული ოცნების წევრი შალვა პაპუაშვილი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გრიგოლ ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ დიალოგი "ჩაშლილი" არ არის და ის ფიქრობს, რომ დიალოგი შედგება.

"ჩვენ ინიციატორები ვართ, რომ შედგეს დიალოგი ჩვენ ოპონენტებთან. ინტერვიუს ვუსმინე და ვერ მივხვდი ჩაშლაში რას გულისხმობდა, ვფიქრობ, ჯერ არაფერი ჩაშლილა და არ არის დიალოგის შანსი დაკარგული. მე ვფიქრობ, ეს დიალოგი შედგება. დიალოგის მზაობა ჩვენგან არის და გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთანაც, ვისი მეშვეობითაც, შესაძლოა, ეს დიალოგი შედგეს." – თქვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის თანახმად, ქართული ოცნება ყოველთვის მზად არის დიალოგისთვის და ელოდება, "ოპონენტების ჩამოყალიბდნენ, უნდათ თუ არა დიალოგი და რასთან დაკავშირებით უნდათ დიალოგი"...

პაპოშვილი აღნიშნავს, რომ ოპოზიციის ბრალდებები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით "მძიმე სიტყვებია", რომელთა უკან არაფერი დგას და ისინი უსაფუძვლოა.

ენმ-ის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ რუსთავი 2-ის ეთერში მის მიერ 10 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებაზე ისაუბრა, სადაც პოლიტიკურ პარტიებს დიალოგისკენ მოუწოდა და განმარტა, რომ მისი განცხადება, ხელისუფლებასა და ოპოზიციის შორის, ფასილიტატორების ჩართულობით, თითქმის მომზადებული დიალოგის პროცესის ჩაიშალას მოყვა.

10 ნოემბრის დილით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, "სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკონონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად".

ამ განცხადებამ პარტიაშიც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და ენმ-ს წევრების ცნობით, გრიგოლ ვაშაძის განცხადება პარტიის ლიდერებთან და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებული არ ყოფილა.

მოგვიანებით გრიგოლ ვაშაძემ საკუთარ განცხადებასთან დაკავშირებით "დამატებითი განმარტება" გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, "მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს. პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი – სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით; სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება, არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ. ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო".

კომენტარები