არჩევნები 2020

სირცხვილიას აქტივისტ ლექსო მაჭავარიანს სასამართლომ 1000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

სირცხვილიას აქტივისტი ლექსო მაჭავარიანი, რომელიც 9 ნოემბერს "დაუმორჩილებლობის" აქციის დაწყებამდე შეშის ქონისთვის დააკავეს, 1 000 ლარით დააჯარიმეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა. 

ლექსო მაჭავარიანი ტელეკომპანია პირველთან აცხადებს, რომ გადაწყვეტილება უკანონოა და ბრალდების მხარეს მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. 

"მარტივია, ყველა ჩვენ აქციაზე პოლიცია ცდილობს დააკავოს რამდენიმე ადამიანი, რათა შემდგომ დააკისროს ჯარიმა ან "კაპეზეში" ჩასვას და ასე დასაჯოს და სულისკვეთება ჩაახშოს, რომელიც აქციის მონაწილეებს აქვთ. მე მინდა, ვუთხრა ბიძინა ივანიშვილს, რომ ეს არ გამოგივა". – ამბობს მაჭავარიანი. 

საქალაქო სასამართლომ კიდევ ორი დაკავებული აქტივისტის, ნოდარ რუხაძისა და გიორგი მჟავანაძის საქმე უნდა განიხილოს. 

პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან აქტივისტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 

მოძრაობა სირცხვილიას აქტივისტები 9 ნოემბერს დააკავეს. სამართალდამცველებმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სირცხვილიას აქტივისტებს გასათბობად მიტანილი შეშა წაართვეს. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის თქმით, პოლიციას გამოცდილება აქვს, რომ შეშა შეიძლება, გამოყენებულ იქნეს, როგორც ძალადობის საგანი და აქტივისტებს გასათბობად "შეუძლიათ, მოიტანონ ელექტროსაშუალებები".

 

კომენტარები