არჩევნები 2020

კახიანი ოპოზიციაზე: მათი უფლებაა, აბსურდული მოთხოვნები დააყენონ, სერიოზულად არ ვუყურებთ

ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატი გიორგი კახიანი პარლამენტთან მიმდინარე ოპოზიციური პარტიებისა და მოქალაქეების საპროტესტო აქციას და მათ მიერ წამოყენებულ საერთო მოთხოვნებს ეხმაურება. კახიანის თქმით, ისინი ამას სერიოზულად არ უყურებენ.

"მათი უფლებაა კანონის და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მოაწყონ შესაბამისი საპროტესტო აქციები და მათი უფლებაა აბსურდული მოთხოვნები დააყენონ ამ აქციებზე. თუმცა, ბუნებრივია, ჩვენ ამას სერიოზულად არ ვუყურებთ". – ამბობს გიორგი კახიანი.

პარლამენტთან გამართულ აქციაზე ოპოზიციური პარტიები მმართველ გუნდს საერთო მოთხოვნებს უყენებენ. ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია – თამარ ჟვანიას გადადგომა, ხელახალი, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება. მმართველ პარტიას მათ დრო 20:00 საათამდე მისცა. 

შეგახსენებთ, რომ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. მანდატებზე უარი თქვეს ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პუტინისტურმა პატრიოტთა ალიანსმა.

ვრცლად გაყალბების რა მასშტაბზე საუბრობს ოპოზიცია – იხილეთ აქ.

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები არჩევნების პროცესში მოსყიდვაზე, დაშინებასა და ძალადობაზე საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ "31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. ამის მიუხედავად, ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა".

ადგილობრივი დამკვირვებლები კი არაერთ ხარვეზსა და დარღვევაზე მიუთითებენ. გამოქვეყნდა ISFED-ის (სამართლიანი არჩევნები) ხმების პარალელური დათვლის შედეგებიც, რომლის მიხედვითაც, ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% მიიღო, ენმ-ძალა ერთობაშიამ – 26.4%, ევროპულმა საქართველომ – 3.7%. ცდომილების ხარისხი 0.7%-ია.

ამასთან, სამართლიანი არჩევნების შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით საარჩევნო უბნების 8%-ზე გამოვლინდა შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის შემთხვევები, რაც გულისხმობს ბიულეტენების ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე მეტობას.

"მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციას, შესაძლოა, გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები". – წერს ორგანიზაცია.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები