არჩევნები 2020

ჟვანია: ქვეყნდება ოქმები, როგორც გაყალბებული, მაგრამ არ ქვეყნდება მათი შესწორების ოქმები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარის ჟვანიას თქმით, საზოგადოებაში ქვეყნდება საოლქო ოქმები, როგორც გაყალბებული, მაგრამ არ ქვეყნდება მათი შესწორების არსებული ოქმები. თამარ ჟვანია ასევე ლაპარაკობს იმ ოქმების შესახებ, რომლებიც გაბათილდა, ან დაზუსტდა.

"არის სხვადასხვა სამართლებრივი პროცესი, ერთი ნაწილი არის, როდესაც შესწორების ოქმი დგება. დღესაც ქვეყნდება ეს ოქმები, როგორც გაყალბებული ოქმები, რომლებსაც ახლავს შესწორების ოქმები, მაგრამ ეს შესწორების ოქმები არ ქვეყნდება და მხოლოდ ეს [შეუსწორებელი ნაწილი] ქვეყნდება. 500-ზე მეტია ასეთი შესწორების ოქმი, 19 უბანი გადაითვალა, ერთი მაჟორიტარული უბნის ნაწილი გაუქმდა, 18 მობილური გადასატანი ყუთიდან 9 გაბათილდა და ა.შ." – ამბობს თამარ ჟვანია რუსთავი 2-ის ეთერში.

ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ არჩევნების წინასწარ შედეგებს აპროტესტებენ და არჩევნების პროცესში გამოვლენილ ხარვეზებზე ლაპარაკობენ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ ვერ გაიაზრა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის სიმწვავე და არ გამოიყენა ის შესაძლებლობები, რაც შემაჯამებელ ოქმებში ასახული მონაცემების სანდოობასთან დაკავშირებულ კითხვებს მოხსნიდა. საია მოუწოდებს საარჩევნო ადმინისტრაციას, საკუთარი ინიციატივით გადახედოს უკვე მიღებულ გადაწყვეტილებებს და ყველა საეჭვო უბნის მონაცემები ხელახლა გადათვალოს

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო 42 საარჩევნო უბნის შედეგების გაბათილებას და ხელახლა დათვლას სასამართლოს გზით მოითხოვს. ორგანიზაციამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ დარღვევებზე საუბნო და საოლქო კომისიებში ჯამში 108 საჩივარი შეიტანა.

ყველა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. მანდატებზე უარი თქვეს ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პუტინისტურმა პატრიოტთა ალიანსმა.

ვრცლად გაყალბების რა მასშტაბზე საუბრობს ოპოზიცია – იხილით აქ.

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები არჩევნების პროცესში მოსყიდვაზე, დაშინებასა და ძალადობრივ ინციდენტებზე ლაპარაკობენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, მიიჩნევენ, რომ არჩევნების შედეგები ლეგიტიმურია, არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და მეტნაკლებად დაცული იყო ძირითადი თავისუფლებები.

ადგილობრივი დამკვირვებლები კი არაერთ ხარვეზსა და დარღვევაზე მიუთითებენ. გამოქვეყნდა ISFED-ის (სამართლიანი არჩევნები) ხმების პარალელური დათვლის შედეგებიც, რომლის მიხედვითაც, ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% მიიღო, ენმ-ძალა ერთობაშიამ – 26.4%, ევროპულმა საქართველომ – 3.7%. ცდომილების ხარისხი 0.7%-ია.

ამასთან, სამართლიანი არჩევნების შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით საარჩევნო უბნების 8%-ზე დაფიქსირდა შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის შემთხვევები, რაც გულისხმობს ბიულეტენების ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე მეტობას.

"მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციას, შესაძლოა, გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები" – წერს ორგანიზაცია.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები