არჩევნები 2020

NDI: ოქმები ხელახლა უნდა გადაითვალოს და ჩატარდეს განმეორებითი არჩევნები, სადაც საჭიროა

ტაბულა

"მთავრობამ დამატებითი ძალისხმევა უნდა გასწიოს იმისთვის, რომ სწრაფად და სწორად განიხილოს საჩივრები, ჩაატაროს ხელახალი დათვლა და გამართოს განმეორებითი არჩევნები, სადაც ეს საჭიროა" - თქვა ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის დირექტორმა, ალან გილამმა. მისი შეფასებით, მთავრობამ უნდა გამოიძიოს ცნობები ძალადობისა და დაშინების შესახებ, ასევე, კანონის სრული ძალით გაასამართლოს დამრღვევები და მიიღოს ყველა ზომა მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად.

"მეორე რაუნდის მოახლოებასთან ერთად, ხელისუფლებამ ბევრი უნდა გააკეთოს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ არჩევნების მიმართ საზოგადოებას ნდობა ჰქონდეს". - ამბობს გილამი.

-------------

2 ნოემბერს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც გადალახა საარჩევნო ზღვარი, უარი თქვა პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურში მონაწილეობის მიღებაზე. მანდატებზე უარი თქვა ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პროპუტინურმა პატრიოტთა ალიანსმა.

საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით ხმების 100%-ვე დათვლილია და მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ქართული ოცნება – 48.15%
  • ენმ-ძალა ერთობაშია – 27.14
  • ევროპული საქართველო – 3.78%
  • ლელო – 3.15%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3.15%
  • პატრიოტთა ალიანსი – 3.14%
  • გირჩი – 2.86%
  • მოქალაქეები – 1.33%
  • ლეიბორისტული პარტია – 1%

30-დან 16 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გაიმართება.

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები არჩევნების პროცესში მოსყიდვაზე, დაშინებასა და ძალადობრივ ინციდენტებზე ლაპარაკობენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, მიიჩნევენ, რომ არჩევნების შედეგები ლეგიტიმურია, ხოლო არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო.

ადგილობრივი დამკვირვებლები კი არაერთ ხარვეზსა და დარღვევაზე მიუთითებენ. გამოქვეყნდა ISFED-ის (სამართლიანი არჩევნები) ხმების პარალელური დათვლის შედეგებიც, რომლის მიხედვითაც, ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% მიიღო, ენმ-ძალა ერთობაშიამ – 26.4%, ევროპულმა საქართველომ – 3.7%. ცდომილების ხარისხი 0.7%-ია.

ამასთან, სამართლიანი არჩევნების შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით დაფიქსირდა საარჩევნო უბნების 8%-ზე შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის შემთხვევები, რაც გულისხმობს ბიულეტენების ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე მეტობას.

"მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციას, შესაძლოა, გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები" – წერს ორგანიზაცია.

არჩევნების შედეგებს განახლებად რეჟიმში თვალი ადევნეთ აქ.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები