არჩევნები 2020

პირველად ბოლო 20 წელში პარლამენტი კაკო ბობოხიძისა და გიგი წერეთლის გარეშე შეიკრიბება

კაკო ბობოხიძე, გიგი წერეთელი
ტაბულა

ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად, საქართველოს პარლამენტი დეპუტატების, კაკო ბობოხიძისა და გიგი წერეთლის გარეშე შეიკრიბება. 

ორივე მათგანი დღეს ევროპული საქართველოს წევრია, რომელმაც, სხვა პარტიების მსგავსად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები არალეგიტიმურად ცნო და საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვა. 

კაკო ბობოხიძე და გიგი წერეთელი 2020 წლის არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც იყვნენ. 

აკაკი ბობოხიძე პირველად პარლამენტში 1992 წელს, მესამე მოწვევის პარლამენტში შევიდა. მეოთხე მოწვევის პარლამენტში დეპუტატი არ ყოფილა და საკანონმდებლო ორგანოს ის 2001 წელს, მეხუთე მოწვევის პარლამენტში დაუბრუნდა, რის შემდეგაც ის დღემდე ყოველი მოწვევის პარლამენტში აირჩიეს. 

რაც შეეხება გიგი წერეთელს, პირველად პარლამენტში ის 2001 წელს შევიდა და მას შემდეგ ის ყველა მოწვევის პარლამენტში დეპუტატად იყო არჩეული. 

მეათე მოწვევის პარლამენტში ვერ მოხვდებიან სხვა ვეტერანი დეპუტატებიც, მაგალითად, ხათუნა გოგორიშვილი, რომელიც ევროპულ საქართველოს წარმოადგენს და რომელიც მეექვსე, მეშვიდე, მერვე და მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. 

მეათე მოწვევის პარლამენტში არც კახა ოქრიაშვილი იქნება, რომელიც ასევე 2004 წლიდან 2020 წლის ჩათვლით ჰქონდა დეპუტატის მანდატი, ხან როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს, ხან როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს, მერე კი როგორც ქართული ოცნების წევრს. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოქრიაშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას პარტიულ სიაში იყო. ბლოკი ასევე უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე. 

პარლამენტის კიდევ ერთი სტაჟიანი წევრი ანზორ ბოლქვაძეა, თუმცა, ის მეათე მოწვევის პარლამენტშიც იქნება, რადგან 2012 წელს, პარლამენტში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიით შესვლის შემდეგ, ახალ მმართველ გუნდში, ქართულ ოცნებაში გადაინაცვლა. 

კომენტარები