არჩევნები 2020

საია: ცესკომ ვერ შეძლო ოპერატიულობისა და ღიაობის მაღალი სტანდარტის ჩვენება

ტაბულა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ცესკოს მიერ არჩევნების შემაჯამებელი ოქმების გამოქვეყნების გაჭიანურებას უარყოფითად აფასებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, საარჩევნო პროცესების სანდოობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კენჭისყრის ყველა ეტაპზე საზოგადოების სათანადო ინფორმირებულობას. ამის უზრუნველყოფა კი საარჩევნო ადმინისტრაციას ეკისრება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩნდება უკმაყოფილება და უნდობლობა.

"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების შესახებ დროული და მაქსიმალურად სრული მონაცემების გავრცელება. ამის გათვალისწინებით, კანონის შესაბამისად, ცესკო ვალდებულია, საოლქო საარჩევნო კომისიებიდან მიღებული შედეგები განათავსოს ვებგვერდზე, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მათი გაცნობა. სამწუხაროდ, საარჩევნო ადმინისტრაციამ ვერ შეძლო ოპერატიულობისა და ღიაობის მაღალი სტანდარტის ჩვენება, რის გამოც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნების პროცესმა მოქალაქეებში კითხვის ნიშნები და მანიპულაციის განცდა გააჩინა.

ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა, საარჩევნო ადმინისტრაცია შემაჯამებელი ოქმების საკუთარ ვებგვერდზე ოპერატიულ განთავსებას უზრუნველყოფდეს". – ნათქვამია საიას განცხადებაში.

საარჩევნო ოქმებთან დაკავშირებულ საკითხს ოპოზიციის წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ. ევროპული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ხათუნა გოგორიშვილის თქმით, ყველა ოქმში მოსული ამომრჩევლების რაოდენობა არის უფრო ნაკლები, ვიდრე პარტიების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა.

სამგორში ენმ-ძალა ერთობაშიას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან ხმების დათვლის დროს მანიპულაციებს აქვს ადგილი. მისივე თქმით, აღნიშნულზე რეაგირება ექნება ოპოზიციასაც და ქართველ ხალხსაც.

საარჩევნო ოქმებთან დაკავშირებულ საკითხს ასევე ეხმაურება ევროპული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელენე ხოშტარიაც. ხოშტარიას თქმით, ცესკოს გამოყენებით ოცნება ცდილობს, განცდა გააჩინოს, რომ არჩევნებს იგებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი სანტურიანმა განმარტება გააკეთა პანდემიის რისკჯგუფის ამომრჩევლებისთვის შექმნილ უბნებთან და იმ ოქმებთან დაკავშირებით, სადაც ამომრჩევლების ხელმოწერების რაოდენობა კანდიდატებისათვის მიცემული ხმების და ბათილი ბიულეტენების ჯამს აღემატებოდა. განცხადება სრულად შეგიძლიათ იხილოთ აქ.

წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შედეგები არალეგიტიმურია და 4 საათზე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დააანონსეს.

წინასწარი შედეგები შეგიძლიათ, ნახოთ აქ.

კომენტარები