რამზან კადიროვი

კადიროვი მაკრონს: ხალხს ტერორიზმს აიძულებ, სხვა არჩევანს არ უტოვებ

რამზან კადიროვი
The Jamestown Foundation

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მუჰამედის კარიკატურების გამართლებით ტერორისტებს შთააგონებს. 

კადიროვმა ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც საფრანგეთმა თავის მოქალაქეები გააფრთხილა ზოგიერთ მუსლიმური უმრავლესობით დასახლებულ ქვეყანაში ცხოვრებასა და მოგზაურობაზე და მათ მოუწოდა, რომ კარიკატურებზე ბრაზის გამო უსაფრთხოების დამატებითი ზომები მიეღოთ. 

კადიროვის თქმით, მაკრონი ცდება, როდესაც ასეთ კარიკატურებს თავისუფალ სიტყვად წარმოაჩენს.

"შენ ხალხს ტერორიზმს აიძულებ, ხალხს ამისკენ უბიძგებ, სხვა არჩევანს არ უტოვებ, ახალგაზრდა ადამიანების თავებში ექსტრემიზმის გაზრდისთვის გარემოს ქმნი. შეგიძლია, თამამად უწოდო შენს თავს შენს ქვეყანაში ტერორიზმის შთამაგონებელი და ლიდერი". – წერს კადიროვი მაკრონზე. 

Reuters-მა კადიროვის სიტყვებზე საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას კომენტარის გაკეთება სთხოვა, რაზეც ადმინისტრაციაში განაცხადეს - "ჩვენ ვერ შეგვაშინებენ და გავაფრთხილებთ მათ, ვინც სიძულვილს თესავს, რაც კადიროვის შემთხვევაში, მიუღებელია".

16 ოქტომბერს საფრანგეთში 47 წლის ისტორიის მასწავლებელს, სამუელ პატის, გამოხატვის თავისუფლების გაკვეთილზე მოსწავლეებისთვის მუჰამედის კარიკატურის ჩვენების გამო, წარმოშობით ჩეჩენმა, 18 წლის აბდულა ანზოროვმა, თავი მოჰკვეთა.

კარიკატურები თავდაპირველად ფრანგულ სატირულ ჟურნალში შარლი ებდოში გამოქვეყნდა. 2015 წლის 7 იანვარს ძმები საიდ და შერიფ კუაშები შეიჭრნენ შარლი ებდოს რედაქციაში და ცეცხლი გახსნეს. მთლიანობაში თავდასხმას 12 ადამიანის, მათ შორის ჟურნალის მთავარი რედაქტორის, წამყვანი კარიკატურისტებისა და ორი პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ალ-ქაიდამ და ე.წ ისლამურმა სახელმწიფომ აიღეს.

საფრანგეთის პრეზიდენტს სურს, დაიცვას სეკულარული ღირებულებები რადიკალური ისლამისგან. ეს საკითხი გამწვავდა მას შემდეგ, რაც პატის მუჰამედის კარიკატურების გაკვეთილზე ჩვენებისთვის თავი მოჰკვეთეს.

აღსანიშნავია, რომ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, მაკრონი ანტიისლამურ განწყობაში დაადანაშაულა და თქვა, რომ მას მენტალური ჯანმრთელობის შემოწმება სჭირდებოდა. "ისლამზე თავდასხმისთვის" მაკრონი გააკრიტიკა პაკისტანის პრეზიდენტმაც. ბანგლადეშში, ერაყში, ლიბიასა და სირიაში კი საპროტესტო აქციები გაიმართა.

მოგვიანებით, 27 ოქტომბერს შარლი ებდომ ერდოღანის კარიკატურაც გამოაქვეყნა, რაზეც თურქეთი სამართლებრივი და დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმით დაიმუქრა.

კომენტარები