ალა პუგაჩოვას ბოლო ინტერვიუს გამოეხმაურა ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი.
"ეგღა გვაკლია, რომ პუგაჩოვასნაირმა ხალხის მტრებმა და მოღალატეებმა, ჩეჩენი ხალხის ყველაზე რთული პერიოდის შესახებ უვიცად აზრი გამოთქვან.
უნდა ვკითხოთ ჩეჩნებს, თუ როგორი იყო დუდაევი და რა სარგებლობა მოუტანა ჩეჩენ ხალხს. მისმა გენერლურმა ამბიციებმა, პოზიორობამ და ჩეჩენის ხალხის ნამდვილი პრობლემების ფეხებზე დაკიდებამ ბანდიტიზმის ზრდა და სრული ფინანსური დაცემა გამოიწვია. ქვეყანაში (რუსეთში) იყო კრიზისი, ხოლო რესპუბლიკაში (ჩეჩნეთი) კიდევ უარესები ხდებოდა. ამ დროს დუდაევი რაკეტებითა და ტანკებით იწონებდა თავს. ომი დაიწყეს პუგაჩოვას მსგავსმა მოღალატეებმა, ისეთებმა, როგორიც ბერეზოვსკი იყო და ამ ომით მილიარდები იშოვეს, შემდეგ კი საზღვარგარეთ გაიქცნენ. ომს ასიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მრავალი კი შშმ პირი გახდა.
ასე რომ, თემის არმცოდნე არტისტი ქალის ეს საცოდავი ცარიელი სიტყვები, სჯობს სადმე ღრმად, საკუთარ თავში დაიტოვოს და ნუ აპროვოცირებს მთელ ერს". – წერს საკუთარ Telegram არხში კადიროვი.
რუსმა მომღერალმა, ალა პუგაჩოვამ, ბოლო ინტერვიუში, იჩქერიის პირველ პრეზიდენტზე, ჯოხარ დუდაევზე დადებით კონტექსტში ისაუბრა და მას "ზრდილობიანი, წესიერი კაცი უწოდა".
"პირველი ჩეჩნეთის ომი განსაკუთრებულად დამამახსოვრდა, იმიტომ რომ ჯოხარ დუდაევს ვიცნობდი. ის იყო ზრდილობიანი, წესიერი ინტელიგენტი კაცი, ლამაზი კაცი. და ძალიან კარგი ცოლი ჰყავდა: მხატვარი, მწერალი, პოლიტიკოსი. მრცხვენია კიდეც: მირეკავდა, ეგონა, რომ დახმარება შემიძლია. და რით შემეძლო დახმარება? არაფრით. მოკითხვის ახლაც კი მრცხვენია. ალა ფიოდოროვნა, თუ ნახავთ ამ ინტერვიუს ბოდიშს გიხდით რომ ვერაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ჯოხარი ცოცხალი ყოფილიყო". – თქვა პუგაჩოვამ ინტერვიუში.
პუგაჩოვას წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა ადვოკატმა ალექსანდრ ტრეშიოვმა, რომლის აზრით, მომღერალმა თავისი განცხადებით, მას, როგორც ავღანეთის ვეტერანს შეურაცხყოფა მიაყენა. მიყენებული მორალური ზიანის კომპენსაციად ადვოკატი 1.5 მილიარდ რუბლს ასახელებს.
საჩივრის განხილვა ამ ეტაპზე არ დაწყებულა. უცნობია, თუ რა მუხლით შეიძლება დაიწყოს გამოძიება. 2021 წელს რუსეთში ვეტერანების შეურაცხყოფის კანონი გამკაცრდა, თუმცა ახალი კანონმდებლობა მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებზე ვრცეკდება.
ეს პირველი მსხვილი საჩივარი არ არის, რომლითაც სამთავრობო სატელევიზიო შუების ხშირმა სტუმარმა ტრეშოვმა სასამართლოს მიმართა. 2024 წელს ის "თითქმის შიშველი წვეულების" ორგანიზატორებისგან მილიარდ დოლარს ითხოვდა.
ასევე, პუგაჩოვას რამდენიმე სამთავრობო მედიამ "ტერორისტის გულშემატკივარი" უწოდა.
გარდა ამისა, მომღერლის ნათქვამს უპასუხა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიტიკის მინისტრმა, ახმედ დუდაევმა:
"ის შეურაცხყოფას აყენებს ჩეჩენ ხალხს. რუსეთის ფედერაციის სიძულვილით გაჟღენთილმა, თავს უფლება მისცა გაეკეთებინა ისეთი პროვოკაციული განცხადებები, რომლებიც ჩეჩენ ხალხს შეურაცხყოფს".
იმავე განცხადებაში ახმად დუდაევმა ჯოხარ დუდაევს უწოდა "ტერორისტი, რომლის გამოც ჩეჩნეთი ქაოსსა და ნგრევაში აღმოჩნდა".
უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთი დატოვა. მომღერალი და მისი ქმარი, კომიკოსი მაქსიმ გალკინი, შვილებთან ერთად ისრაელში ცხოვრობენ. წყვილი პუტინის ხელისუფლებას ღიად აკრიტიკებს.





