Nord Stream 2

აშშ-ს სანქციების გამო სადაზღვევო კომპანიების კლუბმა უარი თქვა Nord Stream 2-ის პროექტზე

Maxim Shemetov / Reuters

სადაზღვევო კომპანიების საერთაშორისო ჯგუფმა, რომელიც ურთიერთდაზღვევის კომპანიების რამდენიმე კლუბს აერთიანებს, უარი თქვა გაზპრომის გაზსადენის Nord Stream 2-ის მშენებლობაზე მომუშავე გემების დაზღვევაზე. 

ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის მიერ გამოშვებული ცირკულარი შეიცავს, ხოლო გადაწყვეტილების მიზეზი აშშ-ს მხრიდან უკვე დაწესებული და მოსალოდნელი სანქციებია. სავარაუდოა, რომ უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიების გაერთიანების გადაწყვეტილება კიდევ უფრო გაართულებს გაზსადენის მშენებლობის პროცესს. 

გაზპრომის გაზსადენის წინააღმდეგ ახალი, უფრო მკაცრი სანქციების კანონპროექტი 2 ივნისს რესპუბლიკელმა ტედ კრუზმა და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დემოკრატმა ჯინ შაჰინმა წარმოადგინა. 

აშშ-ს სამხედრო ბიუჯეტი ყოველწლიურად, როგორც წესი, შემოდგომაზე ან ზამთრის დასაწყისში გარანტირებულად მტკიცდება. 2020-2021 ფინანსური წლის ბიუჯეტში სანქციების კანონპროექტის შეტანა ზომების უფრო სწრაფად ამოქმედების საშუალებას იძლევა. 

იგივე ტაქტიკა აირჩიეს სენატორებმა გასულ წელსაც, როდესაც კანონპროექტი სამხედრო ბიუჯეტში შეიტანეს, რის შემდეგაც დონალდ ტრამპმა სანქციების პროექტს დეკემბერში მოაწერა ხელი. 

ახალი ვერსიით, გასული წლის დეკემბერში დაწესებული სანქციები მილსადენის მშენებლობის ყველა ეტაპს და პროექტის დაზღვევაში მომუშავე ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შეეხება. 

ბოლო წლის განმავლობაში რუსეთი ეძებს ხომალდებს, რომლებსაც მშენებლობის დასრულება შეუძლიათ, თუმცა წარუმატებლად. რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის, ალექსანდრ ნოვაკის თქმით, ერთადერთი რუსული გემი, რომელსაც მილსადენის გაყვანის პროცესი შეეძლო დაესრულებინა "აკადემიკოსი ჩერსკია". ხომალდი მართლაც გამოჩნდა რამდენიმეჯერ სამუშაოების ადგილზე, თუმცა, მალევე მისი ბაზირების წერტილში დაბრუნდა. 

სადაზღვევო კომპანიების გაერთიანება, რომელმაც პროექტზე უარი განაცხადა, მსოფლიოში საზღვაო სფეროში არსებული დაზღვევების 90%-ს ახორციელებს, აქედან გამომდინარე, რუსეთს გაუჭირდება სხვა სადაზღვევო კომპანიის პოვნა ბაზრის დარჩენილი 10%-დან, რომელზეც ძირითადად ვიწრო კომპანიები ოპერირებენ.

გაზსადენის მშენებლობა ამ დროისთვის 93%-ით არის დასრულებული, თუმცა ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო, პროექტთან საერთაშორისო დამოკიდებულება სულ უფრო იძაბება. აშშ-სთან ერთად, გერმანიას პროექტის შეჩერებისკენ მოუწოდებენ ბალტიური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, სულ უფრო მეტი პოლიტიკოსი ემხრობა ამ აზრს უშუალოდ გერმანიაშიც.

გაზსადენი ექსპლუატაციაში 2019 წლის ბოლოს უნდა შესულიყო, თუმცა ამას ხელი აშშ-ს მიერ დაწესებულმა სანქციებმა შეუშალა. გასული წლის ბოლოს აშშ-მ გაზსადენის მშენებლობის ოპერატორებს სანქციები დაუწესა, რის შედეგადაც, მთავარმა სამშენებლო კომპანიამ, შვეიცარიულმა Allseas-მა პროექტზე მუშაობა შეწყვიტა.

2020 წლის იანვარში, გაზპრომის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსეი მილერმა განაცხადა, რომ რუსეთი სხვისი დახმარების გარეშეც დაასრულებს პროექტს, თუმცა, ამისთვის უფრო მეტი დრო იქნება საჭირო. 

იმავე შინაარსის განცხადება გააკეთა ვლადიმირ პუტინმაც. ანგელა მერკელთან შეხვედრის დროს პუტინმა თქვა, რომ რუსეთი გაზსადენის მშენებლობას 2020 წლის ბოლომდე ან 2021 წლის პირველ ნახევარში დაასრულებდა. 

გაზსადენის პროექტი ორი ხაზის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელიც ბალტიის ზღვის ფსკერზე გაივლის და მისი საერთო სიგრძე 1,224 კილომეტრი იქნება. გაზსადენის სიმძლავრე, რომელიც რუსეთიდან გერმანიის მომარაგებას ითვალისწინებს, წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრია.

კომენტარები