იაპონია

იაპონიის მმართველი პარტიის ლიდერი იოშიჰიდე სუგა გახდა

იოშიჰიდე სუგა
Reuters

იაპონიის მთავრობის ადმინისტრაციის მთავარი მდივანი, იოშიჰიდე სუგა მმართველი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი გახდა. პრემიერმინისტრობის პოსტზე შინძო აბეს სუგა, სავარაუდოდ, ამ კვირაში ჩაანაცვლებს.

სუგამ გამარჯვება 534-იდან 377 ხმით მოიპოვა. მისმა ოპონენტებმა, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა შიგერუ იშიბამ, მიუხედავად მოსახლეობაში პოპულარობისა, მხოლოდ 68 ხმა მოიპოვა, ხოლო ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ - 89.

პრემიერმინისტრის პოსტისთვის იოშიჰიდე სუგა ოთხშაბათს იყრის კენჭს. იქიდან გამომდინარე, რომ ლიბერალ-დემოკრატიული პარტია პარლამენტის ქვედა პალატის უმრავლესობას წარმოადგენს, იოშიჰიდე სუგას იაპონიის პრემიერმინისტრობა ფაქტობრივად გარანტირებული აქვს. მმართველ პარტიას სუგა, აბეს ვადის ამოწურვამდე, 2021 წლის ოქტომბრამდე გაუძღვება.

იოშიჰიდე სუგამ მადლობა გადაუხადა შინძო აბეს და პირობა დადო, რომ აბეს პოლიტიკურ კურსს გააგრძელებდა. მმართველი პარტიის ახალი ლიდერი აპირებს ყოფილი პრემიერმინისტრის მიერ შემუშავებული ეკონომიკური პოლიტიკის, "აბეკონომიკის", სტრატეგია გააგრძელოს, პანდემიისგან გამოწვეულ სირთულეებს გაუმკლავდეს და ებრძოლოს იაპონიაში ერის დაბერებისა და დაბალი შობადობის პრობლემებს.

იოშიჰიდე სუგა აკიტაში ფერმერის ოჯახში დაიბადა. პოლიტიკური კარიერა მან ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს წევრობით დაიწყო. 2012 წლიდან მას მთავრობის ადმინისტრაციის მთავარი მდივნის პოსტი ეკავა. წლების მანძილზე ის პრემიერმინისტრ შინძოს აბეს მარჯვენა ხელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ იოშიჰიდე სუგას კულისებს მიღმა მოქმედი ადამიანის იმიჯი უფრო ჰქონდა, ვიდრე აქტიური ლიდერისა, პარტიის მმართველის პოზიციაზე თავისი კანდიდატურის წამოყენების შემდეგ მან მალევე მოიპოვა პოპულარობა და ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ფრაქციების მხარდაჭერა.

კომენტარები