ახლო აღმოსავლეთი

ასადების სირია - როგორ ვითარდებოდა საუკუნის უდიდესი ჰუმანიტარული კატასტროფა

"1993 წელს ლონდონის Western Eye Clinic-ში უმცროს ოფთალმოლოგად ვმუშაობდი. ჩვენთან პრაქტიკას გადიოდა ახალგაზრდა ექიმი ახლო აღმოსავლეთიდან, ბაშარი ერქვა. სამსახურში დიდი შავი ავტომობილით დადიოდა, ვიცოდით, რომ მდიდარი ოჯახიდან იყო. ერთ დღესაც პალატაში აღმოსავლურკაბიანი პაციენტი შემოვიდა, მას კი იქ ბაშარი დახვდა. უცებ ქალს სახეზე უკიდურესი გაოცება გამოეხატა. გაოგნებული ქალი გაიქცა და პალატაში მთელი ოჯახი შემოიყვანა. მოგვიანებით, ბაშარმა გვითხრა აქამდე არავისთვის მითქვამს, რომ მამაჩემი სირიის პრეზიდენტია". - ასე იხსენებს ბაშარ ასადთან მუშაობის პერიოდს ოფთალმოლოგი ედ შულენბერგი.

სირიაში უსასტიკესი სამოქალაქო ომის მეცხრე წელს ბევრს უკვირს, როგორ აღმოჩნდნენ ახალგაზრდა ოფთალმოლოგი და მისი ბრიტანეთში დაბადებული ცოლი რეჟიმის სათავეში, რომელმაც ასიათასობით ადამიანი იმსხვერპლა. ამ კითხვაზე პასუხი კი ბაშარ ასადის ოჯახის ისტორიაში უნდა ვეძებოთ, დინასტიაში, რომელიც, უკვე 50 წელია, რკინის ხელით მართავს სირიას, ასადების ოჯახის ამბის გაგებით, გასაგები ხდება ქვეყნის ამბავიც, რომლისგანაც დღეს მხოლოდ ნანგრევებიღაა დარჩენილი.

ბოლო ათწლეულებში სირია ერთი ოჯახის ბიზნესად იქცა, ოჯახისა, რომელიც 100%-იან ლოიალობას მოითხოვს. ასადების ოჯახმა, შესაძლოა, შუა საკუნეების რომელიმე სამეფო დინასტია მოგაგონოთ, თუმცა უფრო ხშირად პარალელს მარიუ პიუზოს რომანის „ნათლიას“ გმირების, კორლეონეების ოჯახთან და ჯორჯ მარტინის „სატახტოთა თამაშის“ ლანისტერებთან ავლებენ. სირიული დინასტიის დამფუძნებელი კი ჰაფეზ ასადია.

ალავიტები - უუფლებო უმცირესობა

ალავიტები ანტიოქიაში 1938 წელი
ფოტო: LIBRARY OF CONGRESS, PRINTS & PHOTOGRAPHS DIVISION

ასადების ოჯახი ალავიტების სექტას განეკუთვნება, ალავიტები სირიის მოსახლეობის 11%-ს შეადგენენ. სირიის მოსახლეობის უმეტესობა დაახლოებით 74%, სუნიტური ისლამის მიმდევარია, 12-13% კი შიიტური ისლამისა [ამაში შედის ალავიტების სექტაც], მოსახლეობის 2-3% დრუზები არიან, ხოლო ქრისტიანები მოსახლეობის 5%-ს შეადგენენ.

დღეს მიღებული საერთო წარმოდგენით, ალავიტები შიიტური ისლამის განშტოება დაახლოებით 1000 წლის წინ გახდა, თუმცა ამ აზრს ბევრი თეოლოგი არ იზიარებს. სექტას თავდაპირველად „ნუსაირებს“ უწოდებდნენ. სახელი თეოლოგ მოჰამად იბნ-ნუსაირს უკავშირდება, რომელმაც მეთერთმეტე იმამის, ჰასან ალ-ასკარის გარდაცვალების შემდეგ თავი მოციქულის მაცნედ გამოაცხადა.

ნუსაირების სწავლების მიხედვით, ღმერთი წმინდა სამებაშია გაცხადებული. ნუსაირიზმი ასევე ციკლურია. ამ სწავლების მიხედვით, ღმერთი სულ შვიდ სხვადასხვა სამებაში გაცხადდა. ნუსაირების რწმენით, ღმერთი ბოლოს შიიტებისთვის მთავარ იმამში, ალიში გაცხადდა, სექტის წევრები მიიჩნევენ, რომ სწორედ ალიში განსხეულდა ღმერთი, რომელმაც მოციქული მუჰამედი შექმნა.

ღმერთის ტრიადული კონცეფციის გამო საუკუნეების განმავლობაში მრავალი სწავლული და თეოლოგი მიიჩნევდა, რომ ნუსაირების სწავლება ქრისტიანობას ეფუძნება. ამ ვარაუდს ამყარებდა, ისიც, რომ ნუსაირები აღნიშნავდნენ ზოგიერთ ქრისტიანულ დღესასწაულს, ამასთანავე, სიტყვა „ნასარა“ არაბულად ქრისტიანს ნიშნავს. წინა საუკუნეებში ზოგი თეოლოგი ნუსაირებს ქრისტიანობის საიდუმლო მიმდინარეობად მიიჩნევდა, მათ შორის, მეცხრამეტე საუკუნის იეზუიტი სწავლული, ჰენრი ლამენსი, რომელიც ნუსაირებს „დაკარგულ ქრისტიანებს“ უწოდებდა.

სექტის რელიგიური მოვალეობები კი ძირითადად გნოსტიკურ პრინციპებს ეყრდნობა. ყველაფერს ართულებს ისიც, რომ საუკუნეების განმავლობაში სექტას უკიდურესად ჩაკეტილი და გასაიდუმლოებული სტრუქტურა ჰქონდა. სავარაუდოა, რომ ალავიტები ეყრდნობიან შიიტურ ტაქიას პრინციპს, რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში რწმენისგან გარეგნულ განგდებას უშვებს.

სექტის წმინდა წიგნებსა და რიტუალებზე წვდომა მხოლოდ ცალკეულ ადამიანებს აქვთ, რომლებიც დებენ ფიცს, რომ საიდუმლოს შეინახავენ. რელიგიური საიდუმლოს სხვისთვის განდობა სექტაში მკაცრად ისჯება.

ნუსაირებმა თავიანთი ძირითადი ადგილსამყოფელი, ერაყი, მას შემდეგ დატოვეს, რაც სუნიტმა სწავლულმა, იბნ თაიმიამ მათ წინააღმდეგ სამი ფატვა გამოსცა. იბნ თაიმიამ, რომელიც რადიკალური ისლამის ერთ-ერთი წინაპრად მიიჩნევა, ნუსაირები სხვა პოლითეისტებზე უფრო ურწმუნოებად გამოაცხადა და შარიათის პრინციპების შესაბამისად მათი დასჯა ბრძანა. სწორედ ამის შემდეგ გადასახლდნენ ნუსაირები სირიის ჩრდილო-დასავლეთით, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს მთიან რაიონებში.

ერაყიდან სექტის განდევნის შემდეგ სიტყვა „ნუსაირს“ სუნიტები „მოკვეთილის“ მნიშვნელობით იყენებდნენ. 1571 წელს ოსმალურ იმპერიაში გამოვიდა სპეციალური დეკრეტი ნუსაირების შესახებ, რომელსაც სექტის 20 ათასამდე წევრი ემსხვერპლა. სწავლების ძირითადი პრინციპებიდან და მტრული გარემოდან გამომდინარე, სექტა კიდევ უფრო გასაიდუმლოებული გახდა, რაც მათ რელიგიურ პრაქტიკასაც შეეხო.

სექტის წევრებს ჰქონდათ უფლება, ეცხოვრათ ისე, თითქოს სუნიტები არიან. ნუსაირების ცხოვრება მათი მოძღვრების შესაბამისად და იმგვარად იცვლებოდა, რომ მათ ფიზიკურად გადარჩენის შანსი ჰქონოდათ უკიდურესად მტრულ გარემოში. პრაგმატიზმი სექტის გადარჩენისა და ადაპტირების ერთადერთი საშუალება გახდა.

როცა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ოსმალეთის იმპერია დაემხო და სირია საფრანგეთის კოლონია გახდა, ნუსაირებისთვის შვების პერიოდი დადგა. 1922 წელს ფრანგული მანდატის ქვეშ მათ ავტონომიაც კი მიიღეს. სუნიტური პანარაბული და ნაციონალისტური მოძრაობების აღმავლობის პერიოდში ფრანგები აქტიურად უჭერდნენ მხარს ნუსაირებს. სწორედ ამ პერიოდში, ფრანგების გადაწყვეტილებით, შეიცვალა სექტის სახელწოდებაც. სექტას ფრანგებმა ალავიტები უწოდეს, რაც ალის [იმამის] მიმდევრებს ნიშნავს. შესაბამისად, სექტა ფორმალურად შიიტურ ისლამს შეურთდა, რამაც მათი უფლებების ფორმალიზება მოახდინა.

ფრანგული მანდატის ვადის მიწურულს, შესაძლო გენოციდის საფრთხით შეშინებულმა გამოჩენილმა ალავიტებმა, ავტონომიის შენარჩუნების თხოვნით წერილით მიმართეს საფრანგეთის მაშინდელ პრემიერს, ლეონ ბლუმს. წერილის ავტორებს შორის იყო სირიის მომავალი პრეზიდენტის, ჰაფეზ ასადის მამაც. მათი მცდელობების მიუხედავად, ალავიტებმა ავტონომია ვერ შეინარჩუნეს, ხოლო მათი აჯანყებები წარუმატებლად დასრულდა.

ალავიტების წერილი ლეონ ბლუმს

სწორედ აქ იჩინა თავი სექტისთვის დამახასიათებელმა პრაგმატიზმმა. საქმე ისაა, რომ ალავიტები ლატაკიაში იყვნენ გამაგრებულები, ეს პროვინცია კი სირიისთვის ზღვაზე გასასვლელი ერთადერთი წერტილია. ალავიტები მიხვდნენ, რომ სირიასთან გაერთიანება მათთვის ერთადერთი და ყველაზე მომგებიანი გადაწყვეტილება იქნებოდა. ეს ხელს აძლევდა სუნიტურ უმრავლესობასაც და, შესაბამისად, გამოიცა ახალი ფატვაც, რომელიც ალავიტებს სრულუფლებიან მუსლიმებად ცნობდა.

ალავიტების აღმასვლა სწორედ ფრანგული მანდატის პერიოდში დაიწყო - პან-არაბული ნაციონალისტური მოძრაობებით შეწუხებულმა ფრანგებმა, ქვეყნის არმიაში გზა გაუხსნეს ჩაგრულ უმცირესობებს. მათ შორის ყველაზე მეტად სწორედ ალავიტები დაწინაურდნენ, მაშინ, როდესაც სუნიტები თავს არიდებდნენ და არ კადრულობდნენ სამხედრო სამსახურს, ეს ალავიტებისთვის კარიერის გაკეთების და ნორმალური ცხოვრების ერთადერთი შესაძლებლობა იყო. შესაბამისად, ფრანგული მანდატის ვადის მიწურულს, სირიის არმიის რვა ქვეითი ბრიგადიდან ოთხი ალავიტებისგან იყო დაკომპლექტებული.

ეს სუნიტური უმრავლესობისთვის საბედისწერო შეცდომა აღმოჩნდა, რადგან ალავიტების უმცირესობამ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ იარაღზე, არმიაზე დაამყარა კონტროლი. მოგვიანებით ამან შესაძლებლობა მისცა ალავიტ ჰაფეზ ასადს, „ამოეტრიალებინა მაგიდა“ და ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი გამხადარიყო.

ჰაფეზ ასადი - ლომების აღზევება

ჰაფეზ ასადი

ჰაფეზ ასადი დაიბადა სირიის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე სოფელ კარდაჰაში, ალი სულეიმან ასადის ოჯახში. იგი სულეიმანის მეცხრე ვაჟი იყო. სხვა ალავიტების მსგავსად, ოჯახი ღარიბი იყო და ძირითადად მიწათმოქმედებით ირჩენდა თავს. სიღარიბის მიუხედავად, ჰაფეზ ასადის მამა ერთ-ერთ ყველაზე გავლინიან ალავიტად მიიჩნეოდა, ადგილობრივები მეტსახელად მას ალ ასადს - ლომს ეძახდნენ. მანამდე ოჯახი ვაჰიშის გვარს ატარებდა, რაც ველურ მხეცს ნიშნავს. ალი სულეიმანმა გვარი ალ ასადად ოფიციალურად 1927 წელს გადაიკეთა.

რადგან ალავიტები საუკუნეების განმავლობაში უუფლებო უმცირესობას წარმოადგენდნენ, ჰაფეზ ასადი იყო ოჯახიდან პირველი, ვინც სასკოლო განათლება მიიღო. ცნობილია, რომ ჰაფეზ ასადი სკოლის ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე იყო. ღარიბ, ძირითადად ალავიტებით დასახლებულ რაიონში მცხოვრები ჰაფეზი მალევე დაუახლოვდა პარტიებს, რომლებიც ლოიალურად იყვნენ განწყობილი უმცირესობის მიმართ. ლაპარაკია სირიის კომუნისტურ და სოციალისტურ-ნაციონალისტურ პარტია "ბაასზე". მოგვიანებით ჰაფეზი სირიის სტუდენტთა კავშირის თავმჯდომარე გახდა.

ცნობილია, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ ჰაფეზ ასადს სწავლის გაგრძელება ბეირუთში, ფრანც-იოსების უნივერსიტეტში სურდა. მას ექიმობა უნდოდა, თუმცა უსახსრობის გამო ეს ვერ მოახერხა. ამიტომაც ჰაფეზი შევიდა ხომსის სამხედრო-საჰაერო აკადემიაში, რომელიც სტუდენტებს უფასო საცხოვრებელს და სტიპენდიას სთავაზობდა. სწორედ აქ გაიცნო ჰაფეზ ასადმა სირიის მომავალი თავდაცვის მინისტრი და თავისი უახლოესი მეგობარი მუსტაფა ტლასი. სწავლის პერიოდში ჰაფეზ ასადი საუკეთესო პილოტადაც დასახელდა.

ჰაფეზ ასადი მის კურსებთან ერთად

1950-იანები და განსაკუთრებით მისი მეორე ნახევარი სირიაში მუდმივი არეულობისა და სამხედრო გადატრიალებების წლებია. 1945 წლიდან 1970 წლამდე სირიაში 20 სამხედრო გადატრიალება მოხდა, მათგან უკანასკნელი კი სწორედ ჰაფეზ ასადმა განახორციელა. აჯანყებებისა და გადატრიალებების სერიას ხელი არ შეუშლია ჰაფეზ ასადის ბრწყინვალე კარიერისთვის.

1958 წელს ეგვიპტის მაშინდელი პრეზიდენტის, გამალ აბდელ ნასერის ლიდერობით შეიქმნა ეგვიპტისა და სირიის გაერთიანებული არაბული სახელმწიფო, რის შემდეგაც ყველა სირიული პარტია დაშლილად გამოცხადდა, ხოლო ოფიცერთა კორპუსი ძალიან შემცირდა. მიუხედავად ამისა, ამ დროისთვის ჰაფეზ ასადს უკვე კაპიტნის წოდება ჰქონდა მინიჭებული და ის გადაიყვანეს ეგვიპტის ერთ-ერთ სამხედრო სასწავლებელში, სადაც მისი ჯგუფელი იყო ეგვიპტის მომავალი პრეზიდენტი, ჰოსნი მუბარაქი.

1960-იანი წლების დასაწყისში პარტია "ბაასი" მძიმე კრიზისს განიცდიდა, ერთიანი არაბული სახელმწიფოს არსებობის პერიოდში პარტიაში დიდი წმენდა განხორციელდა, რამაც შეასუსტა პარტიის გავლენა როგორც სამოქალაქო ცხოვრებაზე, ასევე არმიაზეც. კრიზისში პარტიის ახალგაზრდული ფრთა ბაასის დამფუძნებელს, მიშელ აფლიაკს ადანაშაულებდა, რომელმაც პარტია ნასერის მოთხოვნით დაშალა. მალევე ახალგაზრდებმა პარტიის გაცოცხლება სცადეს. მათ დააარსეს პარტიის სამხედრო კომიტეტი, რომლის ლიდერებიც იყვნენ მუჰამად უმრანი, მომავალი პრეზიდენტი სალაჰ ჯადიდი და ჰაფეზ ასადი.

1957-1958 წლებში სამხედრო კომიტეტი პრაქტიკულად სრულად აკონტროლებდა პარტიას, თუმცა 1961 წელს სირია ეგვიპტესთან ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობიდან გამოვიდა. ეს კი ქვეყანაში ახალი წმენდის დაწყებას გულისხმობდა. ასადი და მისი თანამზრახველები არმიიდან დაითხოვეს. მომდევნო წელს ბაასისტებმა წარუმატებელი აჯანყება წამოიწყეს, რომელშიც ასადი უმნიშვნელო როლს ასრულდებდა. ჰაფეზ ასადი ბეირუთში დააპატიმრეს, თუმცა იგი მალევე დაბრუნდა სირიაში.

1963 წლის თებერვალში ბაასის ერაყულმა განყოფილებამ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალება მოაწყო და ძალაუფლება სრულად დაიქვემდებარა. ამით შთაგონებულმა სირიელმა ოფიცერებმა ახალი აჯანყება მოაწყეს, რომელიც 1963 წლის 8 მარტს წარმატებით დასრულდა. გადატრიალებას მხარი დაუჭირა მიშელ აფლიაკმა, ხოლო წამყვანი როლები შეასრულეს ჰაფეზ ასადმა და სალაჰ ჯადიდმა. სწორედ ჯადიდი გახდა ჰაფეზ ასადის ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე გადატრიალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ.

ბაასის სახმედრო კომიტეტის წევრები წარმატებულ გადატრიალებას აღნიშნავენ: სალიმ ხათუმი[მარცხნივ, მოჰამად უმრანი [ცენტრში], სალაჰ ჯადიდი მარჯვნივ

წარმატებული გადატრიალების შემდეგ ასადი ბაასის რეგიონული განყოფილების მმართველობის წევრად აირჩიეს, ხოლო წლის მიწურულს იგი უკვე სამხედრო საჰაერო ძალებს ხელმძღვანელობდა. ამ დროისთვის ჰაფეზ ასადს უკვე გენერალ-მაიორის წოდება ჰქონდა. 1966 წელს ასადმა თავდაცვის მინისტრის პოსტი დაიკავა, თუმცა მანამდე იყო გადატრიალების კიდევ ერთი მცდელობა, რის შედეგადაც პარტია ორად - პროსირიულ და პროერაყულ ფრაქციებად დაიყო.

1967 წელს დაიწყო ყველაზე მნიშვნელოვანი არაბულ-ებრაული სამხედრო კონფლიქტი, რომელიც „ექვსდღიანი ომის“ სახელითაა ცნობილი. ომის შედეგად ისრაელმა მოახდინა სირიაში მდებარე გოლანის მაღლობების ოკუპაცია. ჰაფეზ ასადსა და სალაჰ ჯადიდს შორის კონფლიქტი სწორედ ომში დამარცხების შემდეგ დაიწყო - ასადი დამარცხებაში ჯადიდს ადანაშაულებდა.

ისრაელი თავდაცვის მინისტრი, მოშე დაიენი და ებრაელი ჯარისკაცები, ექვსდღიან ომში გამარჯვების შემდეგ, აღმოსავლეთ იერუსალიმი, გოდების კედელი

წინააღმდეგობის საკითხს წარმოადგენდა კლასობრივი ბრძოლის საკითხიც, რომელსაც ჯადიდი სათავისოდ იყენებდა. ასადის აზრით, ქვეყანას უფრო მეტი აქცენტი უნდა გაეკეთებინა ისრაელის შეკავებასა და საგარეო პოლიტიკაზე, რასაც ჯადიდი ეწინააღმდეგებოდა. დროთა განმავლობაში მეგობრებს შორის წინააღმდეგობა სულ უფრო იზრდებოდა და 1969 წელს კონფლიქტი შეიარაღებულ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯადიდს ხელმძღვანელი პოსტი ეჭირა, ქვეყნის არმიაში მასზე დიდ გავლენას ჰაფეზ ასადი ფლობდა.

ამის მიზეზი კი ის არის, რომ ოფიცერთა კორპუსში უმეტესობა ასადის მსგავსად ალავიტი იყო. მათ შორის ბევრი მათგანი სწორედ ჰაფეზმა დააწინაურა და დანიშნა ხელმძღვანელ პოზიციებზე. ქვეყანაში პრაქტიკულად ორხელისუფლებიანობა ჩამოყალიბდა. არმიაში ასადის კოლოსალურ გავლენას ჯადიდი პარტიის სამოქალაქო ფრთაში უფრო დიდი ავტორიტეტით აბალანსებდა. 1970 წლის პირველ ოქტომბერს ასადი გამალ აბდელ ნასერის დაკრძალვას დაესწრო, იქიდან კი პირდაპირ ბაასის რიგგარეშე სხდომაზე, დამასკოში ჩავიდა.

ყრილობაზე ასადი დელეგატების კრიტიკულმა უმრავლესობამ გაკიცხა, დადგა პარტიიდან მისი გარიცხვის საკითხიც, რასაც ასევე მხარი დაუჭირა დელეგატების უმრავლესობამ, თუმცა ამას უკვე არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა. საქმე ისაა, რომ ჯერ კიდევ შენობაში შესვლამდე ჰაფეზ ასადმა მის დაქვემდებარებაში მყოფ სამხედრო ნაწილებს უბრძანა, ალყაში მოექციათ შენობა. ასადის ბრძანებით დააპატიმრეს ჯადიდის მთავრობის უმნიშვნელოვანესი წევრები, ხოლო თავად ჯადიდს და რამდენიმე საშუალო რგოლის ხელმძღვანელს ასადის მთავრობაში მუშაობა შესთავაზეს.

შეთავაზებაზე ჯადიდმა ასადს უპასუხა, „თუკი მე ხელისუფლებაში კვლავ მოვალ, შენ ქუჩაში მანამდე გათრევენ, სანამ იქ არ მოკვდები.“ ჯადიდი იმ დღესვე დააპატიმრეს და დამასკოსთან ახლოს, მეზეს ციხეში მოათავსეს, სადაც 1993 წელს გარდაიცვალა. გადატრიალებამ უსისხლოდ ჩაიარა და რამდენიმე დღეში გამოვიდა ახალი მთავრობის პირველი განკარგულებაც.

ასადების სირია

ჰაფეზ ასადის ძეგლი სირიის ქალაქ ქამიშის ქრისტიანულ კვარტალში
ფოტო: Sebastian Backhaus/NurPhoto via Getty Images)

1982 წელს ერაყის დიქტატორი სადამ ჰუსეინი და ამერიკელი დიპლომატის დონალდ რამსფელდი ერთ-ერთ შეხვედრაზე სირიაში მიმდინარე მოვლენებს განიხილავდნენ. ჰაფეზ ასადის და, ზოგადად, სირიული პოლიტიკის უკეთ გასაგებად ჰუსეინმა რამსფელდს გადასცა ვიდეოფირი. კადრები გადაღებული იყო სირიული არმიის აღლუმზე და ზედ აღბჭედილი იყო, როგორ აჭამდნენ თავებს ცოცხალ გველებს ქალი სამხედროები, ხოლო კაცები დანით ჩეხავდნენ ლეკვებს. პროცესს ტრიბუნიდან უყურებდა ჰაფეზ ასადი.

ჰაფეზ ასადის ხელისუფლებაში მოსვლით სირიაში სიმშვიდისა და განვითარების პერიოდი დაიწყო. ხელისუფლებაში მისი მოსვლისთანავე დაიწყო ქვეყნის რეფორმირების პროცესი, რაც მიზნად ისახავდა სირიის პოლიტიკური სისტემის ჰაფეზ ასადსა და მის ოჯახზე მორგებას. სირია დღევანდელი ფორმით, პოლიტიკური და სამხედრო ძალაუფლების დაყოფის არსებული სისტემით სწორედ ჰაფეზ ასადმა შექმნა.

ჰაფეზ ასადის ხელისუფლების სათავეში ყოფნის წლებში სირიაში სოციალისტური ერთპარტიული სამხედრო დიქტატურა იყო, თუმცა ქვეყნის ეთნორელიგიური მოცემულობიდან გამომდინარე, არსებობდა ძალაუფლების დაყოფის საჭიროებაც. ასადს უწევდა სხვა სექტებისა თუ პოლიტიკური ჯგუფების ინტერესების გათვალისწინება. ამიტომაც ტრადიციისამებრ ჰაფეზ ასადმა აღმასრულებელი ძალაუფლება თითქმის მთლიანად სუნიტებს ჩააბარა.

სანაცვლოდ ალავიტებმა სრულად დაიქვემდებარეს არა მხოლოდ არმია, არამედ ყველა ძალოვანი სტრუქტურა. შეიქმნა სხვადასხვა პროფილის მქონე 15-მდე სპეცსამსახური, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ჰაფეზ ასადს ემორჩილებოდნენ. შეიცვალა კონსტიტუციაც და სირია საპრეზიდენტო რესპუბლიკად იქცა. ასადმა სრულად დაიქვემდებარა პარტია "ბაასი".

ჰაფეზ ასადის 30-წლიანი მმართველობისას უკლებლივ ყველა გადაწყვეტილებაში ჰაფეზ ასადი მისთვის ჩვეულ პრაგმატიზმს ავლენდა. ამის მაგალითია 1973 წელს განვითარებული მოვლენები, როდესაც ასადმა განიზრახა სირიის კონსტიტუციიდან მესამე მუხლის ამოღება, რომლის მიხედვითაც ქვეყნის პრეზიდენტი აუცილებლად სუნიტი მუსლიმი უნდა ყოფილიყო.

პრეზიდენტის გეგმებს მალევე მოჰყვა პროტესტი სუნიტური უმრავლესობის მხრიდან, რის შემდეგაც ასადმა აზრი შეიცვალა. მომდევნო წლებში ჰაფეზ ასადმა დე ფაქტო სუნიფიკაცია დაიწყო: იგი ესწრებოდა ლოცვებს სუნიტურ მეჩეთებში, იცავდა ზოგიერთ რელიგიურ რიტუალს. ასადმა სისრულეში მოიყვანა ალავიტების კანონიკურ მუსლიმებად ქცევის პროცესი.

ჰაფეზ ასადის დამასკოს ომაიადების მეჩეთში რამადანის დროს 1977 წელი
ფოტო: David Hume Kennerly

საბჭოთა კავშირის მხარდაჭერით ასადმა კიდევ უფრო გაზარდა არმიის შემადგენლობა და შეიარაღება გააუმჯობესა. ცივ ომში სირია საბჭოთა კავშირის მოკავშირედ მიიჩნეოდა. თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდა მას შემდეგ, რაც ეგვიპტემ ანვარ სადათის ხელმძღვანელობით დიდი გეოპლიტიკური ბრუნი განახორციელა და აშშ-ს პარტნიორი გახდა. საბჭოთა კავშირის ტექნიკური და ფინანსური დახმარება ასადს საშუალებას აძლევდა, განეხორციელებინა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, სანაცვლოდ კი სსრკ-მ სირიაში, ქალაქ ტარტუსში მცირე საზღვაო ბაზა მიიღო.

ჰაფეზ ასადმა შეამცირა კონტროლი კერძო საკუთრებაზე და რამდენჯერმე განიზრახა ეკონომიკური გარდაქმნაც, თუმცა მნიშვნელოვანი გარღვევების მიღწევა ქვეყანაში არსებული საყოველთაო კორუფციისა და ხელისუფალთა არაკომპეტენტურობის გამო ვერ მოხერხდა. ამავე პერიოდში შეიქმნა ახალი სოციალური კონტრაქტიც - სახელმწიფო მოქალაქეებს აძლევდა მშვიდი ცხოვრების საშუალებას, თუკი ისინი არ ინტერესდებოდნენ პოლიტიკით.

ჰაფეზ ასადი და ლეონიდ ბრეჟნევი 1974 წელი მოსკოვი, კრემლი

ამავე პერიოდში შეიქმნა ის, რასაც დღეს კრონი კაპიტალიზმს უწოდებენ. რასაკვირველია, ასადის მმართველობით ყველაზე დიდი ეკონომიკური სარგებელი მისმა უახლოესმა გარემოცვამ მიიღო, რომლის წევრებიც დროთა განმავლობაში მილიარდერებად იქცნენ. ლიბანსა და ერაყში მიმდინარე არეულობის ფონზე ასადები ხაზს უსვამდნენ საკუთარ როლს, როგორც რადიკალური ისლამიზმის შემაკავებელ ფაქტორს.

ასადების ოჯახი ასოცირდებოდა სტაბილურობასთან, იქმნებოდა წარმოდგენა, თითქოს სახელმწიფოს კეთილდღეობა შეუძლებელი იყო მათი კეთილდღეობის გარეშე. ჰაფეზ ასადის მმართველობის წლებში სირია რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით მოდერნიზებულ სახელმწიფოდ იქცა. ჰაფეზ ასადის დიპლომატიური მოხერხებისა და ნიჭის წყალობით კი ქვეყანა რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოთამაშედ ჩამოყალიბდა.

ჰაფეზ ასადზე საუბრისას, ისრაელის თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა, შიმონ პერესმა ასადთან შესახვედრად მიმავალ აშშ-ს ელჩს უთხრა, „თქვენ საქმე გექნებათ არაბული სამყაროს ყველაზე ჭკვიან ლიდერთან.“ წარმატების მიუხედავად, იყო პრობლემებიც, მათ შორის სამხედრო მარცხი ისრაელთან 1973 წელს და გოლანის მაღლობების დაბრუნების წარუმატებელი მცდელობებიც.

ექვსდღიან ომში დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება ჰაფეზ ასადისთვის ყველაზე პრინციპული საკითხი იყო და სწორედ ამ ჭრილში განიხილავდა ყველა საერთაშორისო პროცესს. გარდა ამისა, ჰაფეზ ასადი, როგორც გამალ აბდელ ნასერის მიმდევარი, საკუთარ თავს არაბული ერთობის, პანარაბული დიდი სახელმწიფოს ლიდერად წარმოიდგენდა. იგი წლების განმავლობაში სწორედ ასე პოზიციონირებდა და ისრაელთან სამტრო დაპირისპირებაც სწორედ მუსლიმურ სამყაროში პირველობის სურვილით იყო ნაკარნახევი.

"არაბული სახელმწიფოების ფედერეციის" დაარსები ცერემონია, ეგვიპტის პრეზიდენტი, ანვარ სადათი [მარცხნივ] ლიბიის ლიდერი, მუამარ კადაფი [შუაში] სირიის პრეზიდენტი, ჰაფეზ ასადი [მარცხნივ] 1971 წელი, ლიბია, ბენ-ღაზი

ჰაფეზ ასადმა თავისი მმართველობის წლებში შექმნა პოლიტიკური და სოციალური სტატუს კვო, რომელიც ნაწილობრივ დღესაც მოქმედებს, თუმცა იყო სერიოზული პრობლემებიც. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო 1982 წელს სუნიტებით დასახლებულ ქალაქ ჰამაში მომხდარი აჯანყებაც. აჯანყების მიმდინარეობისას ჰაფეზ ასადმა მისთვის ჩვეული სიხისტე, გამბედაობა და არნახული სისასტიკე გამოავლინა.

ჰაფეზ ასადმა ამ პერიოდში შექმნა აჯანყების ჩახშობის ერთგვარი სახელმძღვანელო. სწორედ მამის სტრატეგიით იხელმძღვანელმა მისმა შვილმაც 2011 წელს, როდესაც სირიას „არაბული გაზაფხულის“ ტალღა გადაედო. 1980-იანი წლების პირველ ნახევარში ეკონომიკური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, წარმოიქმნა პირველადი მოხმარების პროდუქტების დეფიციტი, რასაც ქალაქ ჰამაში მშვიდობიანი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა.

საპროტესტო მოძრაობის სათავეში კი აღმოჩდა ისლამისტური ორგანიზაცია „მუსლიმური ძმობა“, რომელიც ასადის ძველი მოწინააღმდეგე იყო. ასადი ამ ორგანიზაციას წლების განმავლობაში დევნიდა. ჰამის აჯანყებაზე საუბრისას, BBC-ს ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად ეყოფა სახელმწიფოს ძალა, რომ პროტესტს გაუმკლავდესო, ასადმა უპასუხა: „საქმე პირიქითაა და საკითხავია, რამდენად ეყოფათ ძალა აჯანყებულებს, გვებრძოლონ ჩვენ“.

მალევე დაიწყო საპროტესტო აქციების დახვრეტა, რამაც დემონტრაციას უფრო რადიკალური ხასიათი შესძინა. ეს კი ლეგიტიმაციას აძლევდა ჰაფეზ ასადს განეცხადებინა, რომ ისლამისტი რადიკალები ებრძოდნენ. ადგილზე აჯანყების ჩახშობას ჰაფეზის ძმა რიფაატი ხელმძღვანელობდა, მუდმივი საჰაერო დაბომბვებით, საარტილერიო და სატანკო შეტევებით ასადებმა აჯანყებული ქალაქი სისხლში ჩაახრჩვეს. სხვადასხვა მონაცემებით, დაიღუპა 20 ათასზე მეტი ადამიანი, მათი უდიდესი უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო. ჰამა თითქმის სრულად განადგურდა.

ქალაქ ჰამას ცენტრალური უბრანი გამანდგურებელი დაბომბვების შემდეგ

ჰაფეზ ასადის მმართველობის ბოლო წლებში სირიაში შედარებითმა სიმშვიდემ დაისადგურა. ასადმა მოახდინა ლიბანში თავისი დომინანტური როლის ლეგიტიმაცია. ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი გარღვევები არ ყოფილა, თუმცა ასადის დროს შეიქმნა ურბანული საშუალო კლასიც. ქვეყნის შიგნით კი დიქტატორის პიკი იყო. როგორც ჩანს, საბჭოთა ლიდერების მაგალითით, სირიაში ყველგან გამოფენილი იყო ჰაფეზ ასადის პორტრეტები, ასადების სახელობისა იყო არაერთი ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი, ქვეყნის ჰიმნთან ერთად მოსწავლეები ჰაფეზ ასადის სადიდებელ სიმღერებს მღეროდნენ.

ჩამოთვლილი მიღწევების გარდა ჰაფეზ ასადს კიდევ ერთი ამოცანა უნდა გადაეჭრა - მას უნდა დაეფუძნებინა დინასტია და მისი სიკვდილის შემდეგ ძალაუფლება მის რომელიმე შვილზე უნდა გადასულიყო. სწორედ ეს გახლდათ ჰაფეზ ასადის მთავარი ამოცანა

მეფე მოკვდა, გაუმარჯოს მეფეს! 

მარცხნიდან მარჯვნივ: მაჰერ ასადი, ბაშარ ასადი, ბასილ ასადი, მაჯდ ასადი, ბუშრა ასადი, ანისა მახლუფი და ჰაფეზ ასაადი

ამ ფრანგულ ფრაზას სხვადასხვა ქვეყანაში მონარქის გარდაცვალებისა და ახალი მეფის ინტრონიზაციისას წარმოთქვმდნენ, რაც მონარქიის დღეგრძელობას და მმართველი დინასტიის უწყვეტობას გულისხმობდა. დინასტიის დღეგრძელობაზე და მემკვიდრის შერჩევაზე ჰაფეზ ასადმა ფიქრი გარდაცვალებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო, თუმცა მისი გეგმები გარემოებათა გამო რამდენჯერმე შეიცვალა.

ამბობენ, რომ ჰაფეზ ასადმა თავდაპირველად მემკვიდრედ საკუთარი ძმა რიფაატი შეარჩია, რომელიც მისი მარჯვენა ხელი იყო. ძმებმა ერთად დაამთავრეს სამხედრო აკადემია, ერთად მონაწილეობდნენ სამხედრო გადატრიალებებში და უსწორდებოდნენ მოწინააღდმეგეებს. წლების განმავლობაში რიფაატი რეჟიმის მეორე, საშიშ მხარეს განასახიერებდა.

ჰაფეზ ასადის ერთი შეხედვით მშვიდ და ჰარმონიულ ოჯახში სწორედ რიფაატი იყო ადამიანი, რომლითაც აშინებდნენ მტრებს და რეჟიმის მოწინააღმდეგეებს. სწორედ რიფაატი ხელმძღვანელობდა ჰამის აჯანყების ჩახშობას და წლების განმავლობაში ასრულებდა ძმის ბრძანებებს. რაც შეეხება ინტრონიზაციას, ამ თვალსაზრისით რიფაატს რამდენიმე პრობლემა ჰქონდა.

რიფაატს ჰყავდა მისდამი ლოიალურად განწყობილი სამხედრო ნაწილები, მაგრამ მას არ ჰქონდა მხარდაჭერა და პოპულარობა მოსახლეობაში. იგი სასტიკი და დაუნდობელი ადამიანის სახელით სარგებლობდა. ამასთანავე, მიიჩნეოდა, რომ რიფაატი აკონტროლებდა ლიბანიდან მომავალ კონტრაბანდულ ტვირთებს. დროთა განმავლობაში რიფაატი რეჟიმის კორუმპირებულობისა და სისასტიკის სახედ იქცა. მაგრამ გადამწყვეტი ფაქტორი ეს არ იყო.

ჰაფეზ და რიფაათ ასადი, სამხედრო აღლუმზე

საქმე ის არის, რომ 1984 წელს ჰაფეზ ასადს გულის შეტევა დაემართა. პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მალევე დამძიმდა და საეჭვო გახდა მისი გადარჩენა. რიფაატმა გადაწყვიტა, მომენტით ესარგებლა და აჯანყება წამოიწყო. დამასკოში რიფაატ ასადის მიერ კონტროლირებადი სამხედრო ნაწილები შევიდნენ. რიფაატმა ძალაუფლების აღება სცადა, მაგრამ ჰაფეზის მომხრეების მხრიდან სერიოზულ წინააღმდეგობას გადააწყდა.

ჰაფეზ ასადი მალევე გამოჯანმრთელდა და რამდენიმე დღეში მართვის სადავეებიც მარტივად დაიბრუნა. რიფაატი სამხედრო თანამდებობებიდან გადააყენეს და ცოტა ხნით ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე გადაიყვანეს. წლის მიწურულს იგი იძულებით ემიგრაციაში, საფრანგეთში გაუშვეს, საიდანაც ძალაუფლების ცენტრში ვეღარასდროს დაბრუნდა. რიფაატმა წარმატების ერთადერთი შანსი ხელიდან გაუშვა.

რიფაატის ღალატის შემდეგ ჰაფეზმა არჩევანი უფროს ვაჟზე, ბასილზე შეაჩერა. ბასილის გაპრეზიდენტებისთვის ნიადაგის შემზადება ჰაფეზმა 1980-იანი წლებიდან დაიწყო. ბასილმა მიიღო უმაღლესი სამხედრო განათლება, ახალგაზრდობიდანვე აქტიურად იყო ჩაბმული პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

იგი ხშირად დაჰყვებოდა მამას საერთაშორისო შეხვედრებზე, მისი პორტრეტები მთელი ქვეყნის მასშტაბით მამის პორტრეტის გვერდით იყო გამოსახული. მეტიც, ბოლო წლებში, ჰაფეზ ასადის ჯანრთელობის მდგომარეობის გაუარესების დროს, იგი სულ უფრო ხშირად ენაცვლებოდა მამას სხვადასხვა შეხვედრებში. ჰაფეზს მოხსენიებდნენ აბუ ბასილად, რაც ბასილის მამას ნიშნავს.

ბასილს პოლიტიკური ამბიციების გარდა, ჰქონდა რამდენიმე ჰობიც. ჟანრის კლასიკის მიხედვით, ბასილი ერთობოდა ცეცხლსასროლი იარაღით, სპორტული მანქანებით და ცხენოსნობით. ბასილი სირიაში ჩატარებული ყველა საცხენოსნო შეჯიბრის ჩემპიონი იყო. ცნობილია, მხოლოდ ერთი შემთხვევა, როდესაც იგი დამარცხდა. გაბრაზებულმა ბასილმა თავისი კონკურენტი დააპატიმრა და რამდენიმე დღეში იგი მეზეს ციხეში აღმოჩნდა.

ბასილ და ჰაფეზ ასადი

ბასილ ასადის ინგლისურის მასწავლებელი, ჯორჯ მარკიზი იხსენებს ბასილთან ერთად ავტომობილით გასეირნების შემთხვევებს. მისი თქმით, ბასილი ავტომობილის სწრაფი ტარების მოყვარული იყო და სიჩქარე, როგორც წესი, საათში 180 კილომეტრს აღემატებოდა. ამავე დროს მანქანა სავსე იყო სხვადასხვა ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით.

ბასილ ასადი დინასტიის გაგრძელებისთვის იდეალური არჩევანი იყო. მას ბავშვობიდანვე ამზადებდნენ პრეზიდენტობისთვის, იგი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა არმიაში, იყო თავდაჯერებული და ჰქონდა სპეციფიკური ქარიზმა, რომელიც აუცილებელია სირიისნაირი ქვეყნის ლიდერისთვის. მაგრამ ყველაფერი შეიცვალა 1994 წლის 21 იანვარს. ამ დღეს ბასილ ასადი საკუთარი ავტომობილით დამასკოს აეროპორტის გზატკეცილზე ავარიაში მოჰყვა. იგი ადგილზე გარდაიცვალა. მხოლოდ ჰაფეზ ასადს არ დაუკარგავს უფროსი ვაჟი, სირიამაც დაკარგა მომავალი პრეზიდენტი.

ბასილ ასადის დაკრძალვა, 1994 წელი, ბასილის გარდაცვალების შემდეგ სირიაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა, იგი ასადების მშობლიურ კარდაში საგვარეულო აკლდამაში დაასაფლავეს

"იქ ვიყავი, როდესაც ჰაფეზ ასადს ბასილის დაღუპვის ამბავი შეატყობინეს. პირველი, რაც მან იკითხა, იყო: „ეს აჯანყება იყო?" - ასე იხსენებს ამ ამბავს ბილ კლინტონის მრჩეველი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, დენის როსი. ეს აჯანყება ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა ბასილის გარდაცვალებასთან ერთად თავდაყირა დადგა ჰაფეზის გეგმები და დინასტიის მომავალი.

ცნობილია, რომ ჰაფეზი დადებითი აზრისა იყო თავის ქალიშვილ ბუშრაზე. იმასაც ამბობენ, რომ სწორედ ბუშრამ დაითანხმა მამა, არ დაესაჯა სიკვდილით რიფაატი. ბუშრას და ჰაფეზის ახლო ურთიერთობის მიუხედავად, ჰაფეზი ხვდებოდა, რომ სირიისნაირ ქვეყანასა და საზოგადოებაში მემკვიდრედ ქალს ვერ დატოვებდა.

ბუშრა ასადი

უკვე ჯანმრთელობაშერყეულ ჰაფეზ ასადს სწრაფად უნდა შეერჩია მემკვიდრე, მოემზადებინა ძალაუფლების უმტკივნეულო გადაცემა და გაენაღდებინა მემკვიდრის პოლიტიკური მომავალი. არჩევანი კი დიდი არ იყო, ასადს სამი ვაჟი დარჩა, აქედან ერთი, მაჯდი ფსიქიკური დაავადებით იტანჯებოდა, მეორეს, 27 წლის მაჰერს კი იმპულსური ხასიათი ჰქონდა და მეტისმეტად ფიცხი იყო.

მაჰერ ასადი

ამბობენ, რომ სწორედ მაჰერი იყო დედის, ანისა მახლუფის ფავორიტი. ცნობილია ოჯახში ანისა მახლუფის განსაკუთრებული გავლენების შესახებ. მას ახასიათებენ როგორც შესანიშნავ მანიპულატორს, მტკიცე და ხისტი ხასიათის ადამიანს. მიუხედავად ამისა, იმ მომენტში საბოლოო სიტყვა ჰაფეზ ასადს ეკუთვნოდა და მან ახალ მემკვიდრედ 29 წლის ბაშარი შეარჩია, თუმცა მომავალში ანისამ კიდევ თქვა თავისი სიტყვა.

არასდროს არავის უფიქრია, რომ ბაშარი პოლიტიკაში ჩაერთვებოდა. ახალგაზრდობიდანვე ბაშარს ჰქონდა საშუალება, ეკეთებინა ის, რაც თვითონ აინტერესებდა. ძმებისგან განსხვავებით, მას არ უსწავლია სამხედრო სასწავლებელში. ბაშარი იხსენებს, რომ ბავშვობიდანვე ჰუმანიტარული სფერო იზიდავდა. პოლიტიკურ კარიერას ბაშარმა ექიმობა, კერძოდ კი ოფთალმოლოგობა ამჯობინა, რითაც მამის აუხდენელი ოცნება აასრულა.

ამასთანავე, ბაშარი არასდროს ყოფილა ასად ჰაფეზის ყურადღების ცენტრში. იგი ყურადღებას ძირითადად ბუშრას და შემდგომ უკვე ბასილს უთმობდა, ხოლო დედის ფავორიტი კი მაჰერი იყო. ბაშარი, თავისი და-ძმების მსგავსად საზოგადოების თვალისგან მოშორებით, ჩაკეტილ გარემოში იზრდებოდა. თავისი ძმებისგან განსხვავებით, იგი არ ერთობოდა ცეცხლსასროლი იარაღითა თუ სწრაფი ავტომობილებით და დროს ძირითადად სწავლას უთმობდა. მას ახასიათებდნენ, როგორც გულჩათხრობილ, მორიდებულ და არათავდაჯერებულ ადამიანს კარგი მანერებით.

"ბაშარს მხოლოდ ერთხელ, ასადების სახლში შევხვდი, შეხვედრისას მან მზერა ამარიდა, ისე, რომ არც შემოუხედავს თავი დახარა და ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით. ის ძალიან არათავდაჯერებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. მახსოვს, მაშინ ვიფიქრე, რომ ჰაფეზმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც მემკვიდრედ ბასილი აირჩია-მეთქი". - ასე იხსენებს ჯორჯ მარკიზი თავის ერთადერთ შეხვედრას ბაშართან.

დამასკოს უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდეგ, ბაშარ ასადი პრაქტიკის მისაღებად ლონდონში გაემგზავრა. ბაშარმა ლონდონში არასრული ერთი წელი დაყო, რა დროსაც მუშაობდა დამხმარე ქირურგად და ეცნობოდა დასავლურ კულტურას. ცნობილია, რომ ბაშარს განსაკუთრებით მუსიკა იტაცებდა, ამბობენ, რომ ამ პერიოდში მისი საყვარელი შემსრულებელი იყო ფილ კოლინზი და ჯგუფი „ჯენეზისი“.

"მას აინტერესებდა თანამედროვე ტექნოლოგიები და უნდოდა, მიეღო ცოდნა, რომელიც მათ სირიაში არ ჰქონდათ. ბაშარმა წაიკითხა წიგნი უსინათლოთა ფსიქოლოგიის შესახებ. წიგნმა მასზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა ოფთალმოლოგობა", - ამბობს ბაშარ ასადის სამედიცინო ხელმძღვანელი ედ შულენბერგი.

ბაშარ ასადი Western eye clinic London 1993 წელი

ბაშარი ამბობს, რომ ოფთალომოლოგობა რამდენიმე ფაქტორის გამო იზიდავდა, მათ შორის კი მთავარი ის იყო, რომ ოფთალმოლოგის მიერ გაკეთებული ოპერაციისა თუ მანიპულაციის შედეგი დაუყოვნებლივ ჩანს და ექიმი უშუალოდ ხედავს თავისი შრომის შედეგს.

ბაშარის სწავლა ძმის გარდაცვალებასთან ერთად შეწყდა, თუმცა მანამდე იყო საბედისწერო შეხვედრა. სწორედ ლონდონში გაიცნო ბაშარ ასადმა ასმა აკრასი, მომავალი ცოლი. ასმა ლონდონში, სირიელი მიგრანტების ოჯახში დაიბადა.

ასმა კინგს კოლეჯში სწავლობდა, სადაც კურსის ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული სტუდენტი იყო. ბაკალავრის საფეხური ასმამ კომპიუტერულ მეცნიერებათა და ფრანგული ლიტერატურის ბაკალავრის ხარისხით დაამთავრა. ასმას დედა, საჰარ აკრასი კი სირიის საელჩოში მუშაობდა. მისთვის ცნობილი იყო, რომ ბაშარი ლონდონში იმყოფებოდა. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, სწორედ მან მოაწყო ბაშარისა და ასმას შეხვედრა. იმხანად ასმა JP Morgan-ში საინვესტიციო ბანკირის თანამდებობას იკავებდა.

ასმა ასადი კოლეჯში, მესამე რიგში, მესამე მარცხნიდან

ბაშარის დასავლური ოდისეა ბასილის გარდაცვალებასთან ერთად დასრულდა, რადგანაც იგი, პრაქტიკულად ერთადერთ შესაძლო მემკვიდრედ განიხილებოდა. ბაშარი დამასკოში ბასილის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში დაბრუნდა. ერთ-ერთ ინტერვიუში ის ამბობს, რომ მამას მისთვის დაბრუნება არ უთხოვია, თუმცა ის ხვდებოდა, რომ სამშობლოში სამუდამოდ ბრუნდებოდა.

ჰაფეზ და ბაშარ ასადი, ბასილის დაკრძალვაზე 1994 წლის იანვარი

ჯერ კიდევ ბასილის დაკრძალვამდე სირიელებისთვის გასაგები გახდა, რომ მემკვიდრედ ჰაფეზმა სწორედ ბაშარი შეარჩია, თუმცა საჭირო იყო ბაშარის სათანადო მომზადება. მას არ ჰქონდა არანაირი სამხედრო გამოცდილება, ეს კი სირიის პრეზიდენტისთვის აუცილებელია. ამიტომ ის მალევე შევიდა სამხედრო სასწავლებელში, რომელიც ექსტერნად და წარჩინებით დაასრულა. ამგვარი კარიერული ზრდა კი ბაშარ ასადის გამორჩეული ნიჭიერებით და ბრწყინვალე სადიპლომო ნამუშევრით აიხსნა.

მან მალევე მიიღო პოლკოვნიკის წოდება, გააწევრიანეს ბაასში და აირჩიეს ცენტრალური მმართველობის წევრად. დარჩენილ წლებში ჰაფეზმა ბაშარი დიქტატურის კურსს დაჩქარებულად აზიარა,  მოლაპარაკების ტექნიკა და უნარები შესძინა. მზადდებოდა ძალაუფლების გადაცემის პროცესი, დგებოდა ახალი გარიგება ელიტებს შორის.

2000 წლის 10 ივნისს სირიასა და ლიბანში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა. ამ დღეს 69 წლის ასაკში გარდაიცვალა ჰაფეზ ასადი. გლოვამ მთელი სირია მოიცვა, ქალაქების ცენტრალურ მოედნებზე გაიმართა სამგლოვიარო მიტინგები, ტიროდნენ და მოთქვამდნენ პარლამენტის წევრები, ცრემლები წასკდა ტელეწამყვანსაც, რომელმაც ქვეყანას ჰაფეზ ასადის გარდაცვალება აუწყა. ჰაფეზ ასადი ლიბანის პრემიერ სელიმ ჰოსთან სატელეფონო საუბრის დროს გარდაიცვალა გულის შეტევით. ამ დროისათვის ბაშარს ხელისულების სათავეში ყოფნა უკვე გარანტირებული ჰქონდა.

ბაშარ ასადი მამის დასაფლავებაზე, ჰაფეზ ასადი კარდაჰაში, შვილი ბასილის გვერდით დაასაფლავეს

პრეზიდენტობის გარდა, ბაშარი ოჯახის შესაქმნელადაც ემზადებოდა. წყვილი საზეიმო წვეულებისა და საჯარო გამოცხადების გარეშე დაქორწინდა. 1999 წელს ასმამ ჰარვარდიდან სწავლის გაგრძელების შემოთავაზება მიიღო, რასაც მან სირიის პირველ ლედიდ ყოფნა არჩია.

ჰაფეზ ასადის დაკრძალვაზე დელეგაციები მთელი მსოფლიოდან ჩავიდნენ. იქ იყვნენ საუდიელი არაბები, ირანელები, რუსები, ფრანგები, ბრიტანელები და ამერიკელებიც. მათ გარდაცვლილი პრეზიდენტისთვის პატივის მიგების გარდა, ბაშართან აუდიენციაც სურდათ. აშშ-დან ჰაფეზ ასადის დაკრძალვაზე მაშინდელი სახელმწიფო მდივანი, მადლენ ოლბრაიტი ჩავიდა. ბაშართან ხანმოკლე შეხვედრის შემდეგ, ოლბრაიტმა განაცხადა, რომ ბაშარი რეფორმატორია, რომ იგი ახალგაზრდა თაობიდანაა და არ გააგრძელებს მამის გზას.

ამგვარი ვარაუდის საფუძვლად ოლბრაიტმა ის დაასახელა, რომ ბაშარი სირიის კომპიუტერული ასოციაციის პრეზიდენტია. მომდევნო წლებმა აჩვენა, როგორ მძიმედ ცდებოდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი.

დამასკოს ხანმოკლე გაზაფხული და მამის აჩრდილი

ბაშარ ასადი, მამის პორტრეტის ფონზე

რადგან ბაშარ ასადი ერთგვარად სათადარიგო მემკვიდრე იყო, მასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობდა, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე, მოსახლეობაშიც. ბაშარის ასაკის, განათლების და დასავლეთში ცხოვრების გამოცდილებიდან გამომდინარე, არსებობდა, აზრი, რომ იგი რეფორმატორი იქნებოდა და სირია დემოკრატიზაციის გზით წავიდოდა.

ჰაფეზის გარდაცვალების მომენტში ბაშარი 34 წლის იყო, კონსტიტუციით კი საპრეზიდენტო ასაკობრივი ცენზი 40 წელი იყო. შესაბამისად შეიცვალა კონსტიტუციაც და ცენზი ბაშარის ასაკით განისაზღვრა. საპრეზიდენტო რეფერენდუმში ბაშარ ასადმა ხმათა 97% მიიღო - იგი ერთადერთი კანდიდატი იყო. რეჟიმის ტრადიციული მხარდამჭერების გარდა, ბაშარ ასადს მხარს უჭერდა ქვეყნის ახალგაზრდობის დიდი ნაწილიც. ამ პერიოდში შედგა ერთგვარად ახალი სოციალური ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ხალხი ივიწყებდა რეჟიმის შეცდომებს ახალი, დემოკრატიული დასაწყისის იმედად.

მართლაც, ბაშარ ასადის გაპრეზიდენტებიდან პირველ ას დღეში ქვეყანაში რამდენიმე რეფორმა განხორციელდა: შესუსტდა სახელმწიფო კონტროლი ეკონომიკაზე, გაიხსნა ალეპოს ფინანსური ბირჟა, ხელმისაწვდომი გახდა ინტერნეტი, ქვეყანა გაიხსნა ტურისტებისთვის, პირველად ქვეყნის ისტორიაში შესუსტდა კონტროლი პრესაზე და შესაძლებელი გახდა ხელისუფლების კრიტიკა. ამავე პერიოდში, პირველად სირიის ისტორიაში ქვეყნის პრეზიდენტმა ადგილობრივ ჟურნალისტს მისცა ინტერვიუ. ეს ჟურნალისტი იყო იბრაჰიმ ჰამიდი.

 

ბაშარ ასადი და იბრაჰიმ ჰამიდი ინტერვიუს შემდეგ

ბაშარ ასადმა, მამისგან განსხვავებით, უარი განაცხადა თავისი ძეგლების აღმართვასა და პორტრეტების გამოფენაზე. მმართველობის პირველ თვეებში განხორციელებულმა რეფორმებმა ბაშარ ასადს პოზიტიური იმიჯი შესძინა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო არენაზე. პირველი ლედის რანგში აქტიურობა დაიწყო ასმა ასადმა. ბაშარის გაპრეზიდენტებიდან მალევე ასმამ ინკოგნიტოდ შემოიარა ქვეყანა, ხვდებოდა უბრალო მოქალაქეებს. ასმას მზარდი როლით უკმაყოფილოები იყვნენ ასადების ოჯახის სხვა ქალები, კერძოდ, ბუშრა და ბაშარის დედა ანისა. მომდევნო წლებში ქალებს შორის უთანხმოება სერიოზულ კონფლიქტში გადაიზარდა.

ბაშარი გარკვევით არ ჰგავდა მამას, განსხვავდებოდა ქცევითაც და ხასიათითაც. თუმცა იყო მსგავსებებიც. სირიაში ცნობილია იგავი ჰამბურგერის გამყიდველის შესახებ, რომელიც მყიდველს ჰამბურგერს უკეთებს და კარგ ფასსაც ართმევს, მაგრამ ბოლო მომენტში ბურგერიდან აძრობს ძაფზე გამობმულ ხორცს. სწორედ ამ ანეკდოტით ხსნის ბაშარ ასადის ფსიქოტიპს და პოლიტიკურ ხასიათს მისი ყოფილი მრჩეველი სამირ ალ-ტაქი: "მისთვის პოლიტიკაში არ არსებობს სანდო და მყარი ურთიერთობები, ღიაობა და თანამშრომლობა. იგი ყოველ ჯერზე ჰამბურგერის გამყიდველივით იქცევა, ცდილობს, ძვირად გაყიდოს ბურგერი, მაგრამ ბოლო წუთში იქიდან ხორცს აცლის. მისი აზრით, სწორედ ასე უნდა იქცეოდეს კარგი პოლიტიკოსი."

ალტაქის თქმით, ეს ტრიუკი ბაშარს ჰაფეზმა ასწავლა და მომდევნო წლებში ბაშარმა იგი არაერთხელ გამოიყენა.

ბაშარის მიერ წამოწყებულ რეფორმებთან ფლირტის პროცესისთვის საბედისწერო ტესტად იქცა 2001 წლის 11 სექტემბერი. ამ დღეს ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში ალ-ქაიდას მიერ ორგანიზებული შეტევებს 3 ათასამდე მშვიდობიანი ამერიკელი ემსხვერპლა. რის შემდეგაც აშშ-მ ტერორიზმს გლობალური ომი გამოუცხადა. ტერაქტის ორგანიზატორების დიდი ნაწილი თავს ავღანეთსა და ახლო აღმოსავლეთს აფარებდა. შესაბამისად, ამ ომში სირიის პოზიციას სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა.

ტერორიზმთან ომში სირიის გადმობირებას შეეცადა დიდი ბრიტანეთის მაშინდელი პრემიერი ტონი ბლერი. ეს იყო დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის პირველი ვიზიტი სირიაში. შეხვედრამ ძალიან მეგობრულ გარემოში ჩაიარა, ბაშარ ასადმა ტონი ბლერი დამასკოს მთავარ მეჩეთში წაიყვანა. პრივატულ გარემოში ასადმა დაგმო ტერორიზმი და ბლერს სირიის მხარდაჭერა აღუთქვა, თუმცა უკვე შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სირიის პრეზიდენტმა რადიკალურად განსხვავებული პოზიცია დაიჭირა, ასადმა მამისგან ნასწავლი ტრიუკი ჩაატარა.

ტონი ბლერი პრესკონფერენციაზე

პრესკონფერენციაზე ასადმა განაცხადა, რომ დასავლეთში გავრცელებული შეხედულების საპირისპიროდ, ახლო აღმოსავლეთი არ არის ტერორიზმის სამშობლო და ტერორისტულ სახელმწიფოდ მოიხსენია ისრაელი, დასავლეთის მთავარი მოკავშირე რეგიონში. ცხადია, ამის შემდეგ ურთიერთობები დასავლეთთან დაიძაბა, თუმცა იყო ასადის გადმობირების კიდევ ერთი უშედეგო მცდელობა. ურთიერთობები სირიასა და დასავლეთს შორის ცოტა ხნით ადრე გაფუჭდა, ჯერ კიდევ ერაყში აშშ-ს ინტერვენციამდე.

ცხადია, სირიამ არ დაუჭირა მხარი ერაყში სადამ ჰუსეინის დიქტატურის დემონტაჟს, მეტიც, სირიამ ირანთან თანამშრომლობა და დასავლეთისთვის საქმის გართულება არჩია. 2003 წელს, ერაყში ინტერვენციამდე ცოტა ხნით ადრე სირიის რეჟიმის მოქმედებებზე კრიტიკული სტატია დაწერა იბრაჰიმ ჰამიდიმ. სტატიაში ჰამიდი წერდა, რომ ასადის რეჟიმი ომისთვის ემზადება, საზღვართან ახლოს აშენებს დევნილთა ბანაკებს, რომ ის სირიის ტერიტორიიდან ერაყში ასობით შეიარაღებულ ისლამისტს გადასვლაში დაეხმარა. ჰამიდი დააპატიმრეს და 6-თვიანი ტყვეობის შემდეგ იგი იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა.

ომამდე ცოტა ხნით ადრე ბაშარ ასადმა ციხეებიდან გამოუშვა "მუსლიმური ძმობის" და სხვა რადიკალური ისლამისტური ორგანიზაციის ბოევიკები, შეაიარაღა ისინი და ერაყში აშშ-სთან საბრძოლველად გაგზავნა. წლების შემდეგ ასადის მიერ გათავისუფლებული რადიკალები სირიაში დაბრუნდებიან და ხალიფატს გამოაცხადებენ. აშშ-ს მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა სირია მოიხსენია „ბოროტების ღერძის წევრ სახელმწიფოდ“, რომელიც აფინანსებს და ხელს უწყობს ტერორისტულ ორგანიზაციებს.

ჯორჯ ბუში აშშ-ს სენატში 2002 წელი

ამას მალევე მოჰყვა ეკონომიკური სანქციები და სირიის იზოლაცია, თუმცა ვითარება მომდევნო წლებში კიდევ უფრო დამძიმდა. ამ პერიოდში სირიის 30-წლიანი სამხედრო და პოლიტიკური ბატონობით გადაღლილ ლიბანში ცვლილებები მწიფდებოდა. ლიბანის 15-წლიან სამოქალაქო ომში სირია მალევე ჩაერთო და სხვადასხვა დროს განსხვავებულ ძალებს უჭერდა მხარს. ომის მიწურულს სირია ლიბანის პოლიტიკური ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდა.

1991 წელს სირიასა და ლიბანს შორის გაფორმდა ე. წ. „ძმობის მემორანდუმი“, ეს იყო პირველი ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც სირიამ ლიბანის დამოუკიდებლობა ფორმალურად ცნო. ამ დოკუმენტით ქვეყანაში დაკანონდა სირიის საოკუპაციო ძალების არსებობა. სირიამ ლიბანზე ბატონობა ფორმალურადაც გაიფორმა.

ლიბანი 30 წლის განმავლობაში სირიის "უმცროს ძმად" რჩებოდა. სირიის თითქმის 30-წლიანი ბატონობის დროს მოკლეს სირიისადმი ოპოზიციურად განწყობილი ათეულობით ჟურნალისტი და აქტივისტი, ასეულობით ადამიანი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. ითვლება, რომ სწორედ სირიელებმა მოკლეს ლიბანის პრეზიდენტი, რენე მოავადი, თუმცა სირიელებთან დაკავშირებული ყველაზე გახმაურებული მკვლელობა 2005 წლის თებერვალში მოხდა.

ლიბანის ყოფილი პრემიერი და ლიბანის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი, რაფიკ ჰარირი ხელმძღვანელობდა ანტისირიულ კამპანიას, რომლის მთავარი მოთხოვნაც ქვეყნიდან სირიის სამხედრო ძალების გაყვანა იყო. წინააღმდეგობის საკითხს წარმოადგენდა ლიბანის მოქმედი პრეზიდენტის, ემილ ლაჰუდისთვის საპრეზიდენტო ვადის არაკონსტიტუციური გახანგრძლივება, რაც სირიისა და, უშუალოდ ბაშარ ასადის დაჟინებით მოხდა.

2004 წლის 2 სექტემბერს გაერომ მიიღო დადგენილება N 1559. ორგანიზაციის გადაწყვეტილება სირიას აიძულებდა, დაესრულებინა ლიბანის 30-წლიანი ოკუპაცია. თავიდან ბაშარმა გაეროს რეზოლუციის აღსრულებაზე უარი თქვა. 2004 წლის 23 აგვისტოს ასადსა და ჰარირის შორის შედგა უკანასკნელი შეხვედრა. "ლაჰუდი მე ვარ, თუ შენ შეეხები ლაჰუდს, მე დავანგრევ ლიბანს". - შეხვედრაზე მყოფი ლიბანელი დრუზების ლიდერის, ვალიდ ჯუმბლატის ცნობით, ამგვარად დაემუქრა ბაშარ ასადი ჰარირის.

ბაშარ ასადისა და რაფიკ ჰარირის უკანასკნელი შეხვედრა 2004 წლის 23 აგვისტო, დამასკო

საერთაშორისო წნეხის გარდა, ბაშარზე საპირისპირო ზეწოლა ხორციელდებოდა მისი ოჯახის წევრებისგან. ასადების ოჯახში ერთგვარად შექსპირული დრამა თამაშდებოდა. საქმე ის არის, რომ ლიბანზე დომინაცია ბაშარის მამის, ჰაფეზის უმთავრეს პოლიტიკურ მემკვიდრეობად მიიჩნეოდა, როგორც სირიაში, ასევე, უშუალოდ ასადების ოჯახში. ხოლო ჰაფეზის მემკვიდრეობის დაცვას ყველაზე მეტად, მისი ცოლი და ბაშარის დედა, ანისა მახლუფი ცდილობდნენ.

ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი უფროსი, ჯონ სოიერსი ამბობს, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, სწორედ ანისა ეწინააღმდეგებოდა ლიბანიდან ჯარების გამოყვანის იდეას და მიზნის მისაღწევად ჰაფეზის აჩრდილს იყენებდა. "ეს ვითარების კლასიკური განვითარებაა: ყურადღებამოკლებული ბავშვი, მამის აჩრდილი, რომელიც აღმერთებს პიროვნულ სიმტკიცეს და ძალას. ხისტი, მანიპულატორი დედა, რომელიც იცავს ქმრის მემკვიდრეობას", - ამბობს ჯეროლდ პოსტი, ფსიქიატრი, რომელიც აშშ-ს ცენტრალურ სადაზვერვო სამსახურთან წლების განმავლობაში თანამშრომლობდა და მათ სხვადასხვა პოლიტიკოსების ფსიქოპორტრეტებს უმზადებდა.

საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ბაშარ ასადზე უფრო დიდი ზეწოლა საგარეო წნეხი იყო და 2005 წლის 26 აპრილს ლიბანი უკანასკნელმა სირიელმა ჯარისკაცმა დატოვა. ბაშარის ამ გადაწყვეტილებამ ოჯახს იმედი გაუცრუა. ბაშარ ასადმა გადაწყვიტა, სამაგალითოდ დაესაჯა რაფიკ ჰარირი, რომელიც ანტისირიული მოძრაობის სახედ იქცა. ჰარირი ბეირუთის ცენტრალურ უბანში, სასტუმრო „სენტ- ჯორჯთან“ ახლოს მოკლეს 2005 წლის 14 თებერვალს. ჰარირის კორტეჟს 1 800 კილოგრამი ტროტილით დატვირთული მიცუბიშის მარკის ავტომობილი შეეჯეხა, რომელსაც თვითმკვლელი ტერორისტი მართავდა. აფეთქების შედეგად დაიღუპა 23 ადამიანი.

რაფიკ ჰარირის მკვლელობის ადგილი, 2005 წლის 14 თებერვალი, ბეირუთი

ჰარირის მკვლელობა უმალვე ბაშარ ასადს და სირიის სპესსამსახურებს დაუკავშირდა, გამოიკვეთა შემსრულებლების ვინაობაც. გაეროში შეიქმნა ჰარირის მკვლელობის საგამოძიებო კომისია, თუმცა კომისიამ ვერ შეძლო ეფექტიანად მუშაობა. მკვლელობის ორგანიზატორებად ასახელებდნენ ასადის გარემოცვის რამდენიმე წევრს, მათ შორის ბაშარის უმცროს ძმას, მაჰერს და ასევე, მის სიძეს, ასეფ შავკატს. სირიის არმიაში შავკატი ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ქარიზმატულ ოფიცერად მოიაზრებოდა.

გაეროში შექმნილი კომისიის გამოძიებაში მონაწილე პირები მალევე იდუმალ გარემოებებში იხოცებოდნენ, ასე მაგალითად: საკუთარი მანქანის აფეთქების შემდეგ გარდაიცვალა ლიბანელი გამომძიებელი, ზღვის ზოლიდან გასროლით საკუთარ სახლში გარდაიცვალა ჯაშუში, რომელიც ჰარირის ლიკვიდაციის ოპერაციაში მონაწილეობდა, საკვანძო მოწმემ მისცა ჩვენება, თუმცა მეორე დღეს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ერთ-ერთმა მოწმემ უკან წაიღო საკუთარი ჩვენება სირიის ნაციონალური ტელევიზიის პირდაპირ ეთერში. საკუთარი და ოჯახის წევრების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, თანამდებობა დატოვა გაეროს საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა.

ასეფ შავკატი [მარცხნივ] მაჰერ ასადი [შუაში] ბაშარ ასადი [მარჯვნივ] ჰაფეზ ასადის დაკრძალვა

ერაყში სადამ ჰუსეინის ელვისებური განადგურებისა და შიდა მოვლენების ფონზე ბაშარ ასადი ხვდება, რომ რეჟიმის გადასარჩენად საჭიროა გაჰყვეს მამის გაკვალულ გზას, იყოს უხეში და გამბედავი და ითამაშოს მაქსიმალური რისკის ზღვარზე.

არდაბრუნების წერტილი და ძველი დიქტატურის ლამაზი სახე

ასმა ასადი ჰაფეზ და ბაშარ ასადის პორტრეტების ფონზე

ჰარისის მკვლელობის შემდეგ სირიისა და ბაშარ ასადის საერთაშორისო იზოლაცია კიდევ უფრო გაძლიერდა, ხოლო მისი პოზიციები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე გაცილებით უფრო ხისტი გახდა. ამავე დროს, ბაშარმა დაიწყო ძალთა ბალანსის შეცვლა საპრეზიდენტო სასახლესა და ოჯახში.

ახალ წესრიგში ადგილი არ მოიძებნა ბაშარის ქარიზმატული სიძის, ასეფ შავკატისთვის. არსებობდა წარმოდგენა, რომ ასეფ შავკატი საკმარისად მტკიცე ხასიათის, გავლენიანი და ქარიზმატული ფიგურა იყო იმისთვის, რომ ბაშარისთვის კონკურენცია გაეწია. ცვლილებების შემდეგ ბაშარმა შავკატი სამხედრო დაზვერვას ჩამოაცილა და იგი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაიყვანა, ნომინალური დაწინაურების მიუხედავად, შავკატმა რეალური ძალაუფლება დაკარგა. ამგვარ რამეს სირიაში "ზევით დაცემას" უწოდებენ. შავკატის ჩაჩოჩებას მალევე მოჰყვა ბუშრას ხანგძლივი ვიზიტები დუბაიში, თავიანთ სახლში.

ბუშრას გამგზავრებასთან ერთად ოჯახის შიგნით სუსტდება დედის, ანისას გავლენაც. წინა პლანზე გამოდის, ბაშარის უმცროსი ძმა, მაჰერი, რომელიც რესპუბლიკური გვარდიის მეთაურად ინიშნება და, ამავდროულად, იგი რეჟიმისადმი ყველაზე ლოიალურ მეოთხე ქვეით ბრიგადას მეთაურობს.

ბუშრა ასადი და ასეფ შავკატი [მარცხნივ], მაჰერ ასადი ცოლთან ერთად [შუა ზედა რიგში] ასმა და ბაშარ ასადი მარჯვნივ, ანისა მახლუფი [შუაში მეორე რიგში] შვილიშვილებთან ერთად

ამავდროულად ბაშარი გრძნობს, რომ იგი არ არის რეჟიმის არქიტექტორი, რომელსაც მართავს და ნელ-ნელა იწყებს ძალაუფლების მორგებას. ამ პროცესის მსვლელობისას იგი საბოლოოდ იშორებს ე.წ. ძველ გვარდიას, მამის პრეზიდენტობის დროიდან შემორჩენილ ძალოვანებს. ამას შეეწირა თავდაცვის მინისტრისა და ჰაფეზის უახლოესი მეგობრის, მუსტაფა ტლასის თანამდებობა. ცვლილებები სიცოცხლის ფასად დაუჯდა ღაზი ქანაანს, რომელიც ჰაფეზის ხელდასხმით წლების განმავლობაში ადგილზე ლიბანში სირიის გავლენას ხელმძღვანელობდა.

უმთავრესად სირიული დაზვერვის ჯაშუშების წყალობით გაეროში მიმდინარე ჰარირის მკვლელობის გამოძიება ჩაიფუშა, რეჟიმმა შეძლო სასჯელისგან გაქცევა, რის შედეგადაც ჰარირის მკლელობაში ასადის პერსონალურ პასუხისმგებლობაზე საუბრები შეწყდა. 2007 წელს გაიმართა სირიაში საპრეზიდენტო არჩევნები. წინა არჩევნების მსგავსად, ასადმა ამჯერადაც ხმათა 97% მიიღო.

ბაშარის ნაცნობები სწორედ ამ არჩევნებს ასახელებენ, მისი არდაბრუნების წერტილად, რომლის მერეც მთლიანად გაქრა ლონდონში ნასწავლი ოფთალმოლოგი და წინა პლანზე გამოვიდა ახლო აღმოსავლეთის კლასიკური დიქტატორი. ამ აზრს ადასტურებს ტრინიტის უნივერსიტეტის პროფესორი და ახლო აღმოსავლეთის ექსპერტი დევიდ ლეში. ლეში 2004 წლიდან პერიოდულად ხვდებოდა ბაშარ ასადს და კონსულტაციას უწევდა აშშ-ს მთავრობას.

"არჩევნებზე ბაშარმა 97% აიღო. ამ თემაზე საუბრისას ველოდი, რომ ის იტყოდა, ეს ძირითადად მოწყობილია, მე ერთადერთი კანდიდატი ვიყავი და სხვანაირად ვერ იქნებოდაო, მაგრამ მან მიპასუხა, მე ხალხს ვუყვარვარო. მან დაიჯერა, რომ ხალხს უყვარს". - ამბობს ლეში. ამავე პერიოდიდან აღდგა პერსონალური კულტი, ბაშარის ძეგლები და პორტრეტები მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ უფრო მრავლდებოდა.

ბაშარ ასადის ერთ-ერთი პორტრეტი დამასკოში

შელახული იმიჯის გამოსასწორებლად ასადებმა რამდენიმე ფრანგული პიარკომპანია დაიქირავეს, რომლებიც იღებდნენ საპრეზიდენტო წყვილის სამუშაო და პრივატულ ყოველდღიურობას. თუმცა საერთაშორისო იზოლაციის გასარღვევად ასადების საპრეზიდენტო წყვილს მალევე უკეთესი შანსი მიეცა. 85 წლის ასაკში გარდაიცვალა რომის პაპი, იოანე პავლე მეორე. პაპის დაკრძალვაზე კი დაუპატიჟებელი სტუმრები არ არსებობენ. შესაბამისად, ასადებმა გადაწყვიტეს შესაძლებლობის გამოყენება და რომში გაემგზავრნენ.

პაპის დაკრძალვა პოლიტიკურ ავანსცენაზე გამოსვლელად და საკუთარი გავლენის გასაზრდელად ასმა ასადისთვის საუკეთესო შესაძლებლობა გამოდგა, რომელიც მან შესანიშნავად გამოიყენა. ასმა პაპის დაკრძალვაზე ძალიან აქტიურობდა: იგი ესალმებოდა სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებს, საუბრობდა მათთან ასმას კი გვერდს უმშვენებდა ბაშარი, რომელსაც ყველა თავს არიდებდა.

ასმა და ბაშარ ასადი ესპანეთის მეფესთან, ფილიპე მეორესთან, იოანე პავლე მეორეს დაკრძალვა

კრიზისულ ვითარებაში ასმა ფასეული აქტივი აღმოჩნდა, ბაშარმა იგრძნო, რომ მასთან ერთად იგი უფრო ძლევამოსილია. პაპის დაკრძალვაზე განვითარებული მოვლენები ასმასა და სამეფო ოჯახისათვის ძალთა ახალი გადანაწილების საბაბი გახდა, ასმა თანდათანობით ნამდვილი პირველი ლედი გახდა, რომლის სტატუსსაც მანამდე თავის დედამთილთან იყოფდა. წლების განმავლობაში მისდამი მტრულად განწყობილ ნათესავებში აღმოჩენილი ასმასთვის ეს პირველი გამარჯვება იყო.

ბაშარის დედას და დას არ მოსწონდათ ასმას აქტიურობა, ჩაცმულობა. საქმე ის არის, რომ ანისა მახლუფი არასდროს ყოფილა პირველი ლედი ამ სტატუსის დასავლური გაგებით. იგი არ აქტიურობდა, არ ატარებდა საქველმოქმედო კამპანიებს, აზრებს კი მხოლოდ დახურულ კარს მიღმა გამოთქვამდა. ასმა კი სხვა გამოცდილების ადამიანი და ფსიქოტიპი იყო. იგი ინგლისში პრინცესა დაიანას უზომო პოპულარობის პერიოდში იზრდებოდა, რამაც მასზე უდიდესი გავლენა იქონია.

ასმას საჯარო აქტიურობა ქალთა უფლებებისა და წარმომადგენლობის გაზრდისთვის ფარავდა რეჟიმის მოქმედებებს, რომელიც მომდევნო წლებში სულ უფრო მეტი სისატიკით გამოირჩეოდა. ამგვარად, ეს პერიოდი არდაბრუნების წერტილად იქცა ასმა ასადისთვის. ამ პერიოდში იგი ძველებური სასტიკი დიქტატურის თანამედროვე პირველ ლედიდ ჩამოყალიბდა.

ასმა ასადის ჟურნალ vogue-ისთვის გადაღებული ფოტო

2010 წლის 17 დეკემბერს სირიაში იმყოფებოდა ჟურნალ Vogue-ის გადამღები ჯგუფი. ისინი ასმა ასადის პროფილზე მუშაობდნენ. მალევე ჟურნალში გარეკანზე ასმა ასადის ფოტოებით დაიბეჭდა სტატია სათაურით „უდაბნოს ვარდი“, თუმცა 2010 წლის 17 დეკემბერს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი პროცესი დაიწყო - ამ დღეს ტუნისის მთავრობამ 26 წლის მოვაჭრეს, მოჰამედ ბუაზიზის დედაქალაქიდან 260 კილომეტრის მოშორებით ხილისა და ბოსტნეულის გაყიდვა აუკრძალა, მეტიც, პოლიციელებმა მას პროდუქცია ჩამოართვეს. ბუაზიზის პოლიციელების მოსაქრთამი ფული არ აღმოაჩნდა. სახელწიფოს თვითნებობით და პოლიციელების ძალადობით შეწუხებულმა ბუაზიზიმ ბენ არუსის ცენტრალურ ბაზარში ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა.

ვიდეოკადრები ინტერნეტის საშუალებით მთელმა მსოფლიომ იხილა. 10 დღის შემდეგ ბუაზიზი მიღებული დამწვრობებისგან გარდაიცვალა, ხოლო რეგიონში დაიწყო პროტესტის ტალღა, რომელიც „არაბული გაზაფხულის“ სახელით გახდა ცნობილი.

„არაბული გაზაფხულის“ შედეგად რეგიონმა დეკოლონიზაციის შემდეგ არნახული მასშტაბის პოლიტიკური ტრანსფორმაცია განიცადა. ამ პერიოდში ხელისუფლება შეიცვალა ოთხ სახელწიფოში, მათ შორის ტუნისშიც. სამოქალაქო დაპირისპირებამ იფეთქა სირიასა და ბაჰრეინში, ხოლო რეგიონის კიდევ შვიდ სახელმწიფოში მასობრივი სამოქალაქო პროტესტი დაიწყო.

მოვლენები ყველაზე დრამატულად სირიაში განვითარდა, სადაც ასადების მრავალწლიანი დინასტიის ფიზიკურად გადარჩენის საკითხი დადგა.

"ასადები, თორემ გადავწვავთ ქვეყანას!"

ბასილ ასადი [მარცხნივ] ჰაფეზ ასადი [შუაში] ბაშარ ასადი [მარჯვნივ]
ფოტო: by Barry Iverson/The LIFE

ამ შინაარსის წარწერებს ხშირად შეხვდებოდით სირიის სამთავრობო არმიის მიერ დაკავებულ ტერიტორიებსა და შენობებზე, ეს ფრაზა კარგად გამოხატავს რეჟიმის მთავარ ლოზუნგს და, ამავდროულად, არის ილუსტრაცია იმისა, თუ როგორ წარიმართა სირიის სამოქალაქო კონფლიქტი.

არაბულმა გაზაფხულმა სირიაში 2011 წლის მარტში ჩააღწია, თუმცა თავიდან რეჟიმი რევოლუციის საშიშროებას ჯიუტად უარყოფდა. აშშ-ს ყოფილი ელჩი სირიაში რობერტ ფორდი, 2011 წელს ბაშარ ასადთან გამართულ შეხვედრას იხსენებს: "ეს იყო ჩვენი პირველი შეხვედრა. შევეცადე, მაქსიმალურად დელიკატური ფორმით მეკითხა, რას ფიქრობთ არაბულ გაზაფხულზე და გრძნობთ თუ არა რეჟიმის დამხობის საშიშროებას, რაზეც ასადმა მიპასუხა: სირიაში მსგავსი რამ არ მოხდება, რადგან მოსახლეობა მთავრობას უჭერს მხარს."

ტუნისში რეჟიმის დამხობის შემდეგ სირიის ლიდერი ამბობდა, რომ სირია ტუნისი არ არის. ეგვიპტის რევოლუციის შემდეგ იგივე ფორმულირება მოერგო ეგვიპტეს, მოგვიანებით - ლიბიას, ბაჰრეინსა და იემენს. ერთი შეხედვით წყნარ სირიაში პრობლემები ქვეყნის სამხრეთში მდებარე დერაის პროვინციაში, სკოლის მოსწავლეების მიერ კედელზე დახატული სტენსილით დაიწყო. 14-15 წლის ბავშვებმა სკოლის კედელზე დაწერეს: "შემდეგი შენ ხარ, ექიმო."

მოუვია სიანშე ერთ-ერთი საბედისწერო გრაფიტის ერთ-ერთი ავტორი, 2018 წელი სირია, დერაას პროვინცია

ბავშვები მეორე დღესვე დააკავეს და პოლიციის ადგილობრივ განყოფილებაში წაიყვანეს. მოზარდები დააპატიმრეს, ისინი სასტიკად აწამეს, მათ დააძრეს ფრჩხილები და სცემეს. ბავშვების გამოსახსენელად მშობლები და მათი ახლობლები დერაის უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ატეფ ნაჯიბთან მივიდნენ, რომელიც ბაშარ ასადის გარე ბიძაშვილია. მოზარდების გათავისუფლების თხოვნაზე ნაჯიბმა მათ მამებს მოუწოდა, ცოლები მე მომიყვანეთ, იმისათვის, რომ ნორმალური შთამომავლობა გეყოლოთო.

უსამართლობითა და ჩინოვნიკების სისასტიკით აღფშფოთებულმა მშობლებმა და ადგილობრივმა მცხოვრებლებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. უნდა ითქვას, რომ ეს საპროტესტო დემონსტრაცია უკიდურესად მშვიდობიანი იყო, მეტიც, დემონსტრანტები არ გამოსულან ბაშარ ასადის წინააღმდეგ. ისინი ბავშვების გათავისუფლებას და ატეფ ნაჯიბის გადაყენებას მოითხოვდნენ. იმის მიუხედავად, რომ ატეფ ნაჯიბი არასდროს ყოფილა ასადების უახლოესი გარემოცვის წევრი, კონტექსტის გათვალისწინებით სირიის ხელმძღვანელობამ დათმობაზე წასვლა სისუსტედ მიიჩნია. დაიწყო სამოქალაქო მშვიდობიანი აქციების დახვრეტა. უკვე მარტში დერაის პროვინციაში 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.

ერთ-ერთი მოზარდი პოლიციის განყოფილებაში წამების შემდეგ

სამხედრო ძალის გამოყენების მიუხედავად, პროტესტი პროვინციაში ძალას იკრებს, დემონსტრაციებს სულ უფრო მეტი ადამიანი უერთდება. ასადი ორი კვირის განმავლობაში იკარგება, იგი არსად ჩანს, არავინ იცის მისი ადგილსამყოფელი. ამ პერიოდის შესახებ რობერტ ფორდი და რეგიონის სპეციალისტები იხსენებენ, რომ პროფესიულ წრეებში არსებობდა ვარაუდი, განცდა იმისა, რომ ბაშარი დაჰყვებოდა დემონსტრანტების ნებას და ქვეყანაში რეფორმებს წამოიწყებდა. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ პროტესტი არ ატარებდა მისდამი პერსონალურ ხასიათს და არავინ ითხოვდა მის გადადგომას.

ამავე პერიოდს იხსენებს სირიის კულტურის ყოფილი მინისტრი, რიად ნასან აღა. "დერააში მომხდარი ამბების შემდეგ, მას [ბაშარს] ერთსტროფიანი ესემესი მივწერე: რევოლუციის გაუხედნავი ცხენი დამასკოში, მხედრის გარეშე ჩამოვიდა, თქვენ შეგიძლიათ იყოთ მისი მხედარი." ნასან აღას თქმით, ბაშარის ასაკიდან გამომდინარე, სირიელებში არსებობდა მოლოდინი, რომ იგი დემოკრატიზაციას აირჩევდა, რადგანაც თვითონაც სწორედ იმ თაობას ეკუთვნოდა, რომელმაც ეს პროტესტი წამოიწყო. საბოლოოდ ყველაფერი სირიელების ამ მოლოდინის ზუსტად საპირისპიროდ განვითარდა.

ორკვირიანი გაუჩინარების შემდეგ, ქვეყნის პარლამენტში მისულ ასადს დეპუტატები გამამხნევებელი და სადიდებელი შეძახილებით შეხვდნენ, ოვაციები ათი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, "ჩვენს სულს, ჩვენს ცხოვრებას გავწირავთ შენთვის, ბაშარ!",- სკანდირებდნენ დეპუტატები. გამოსვლისას ასადმა განაცხადა: "ამბოხების ჩახშობა ნაციონალური, მორალური და რელიგიური მოვალეობაა, ხოლო ვისაც ამბოხების შეჩერება შეუძლია და ამას არ გააკეთებს, თვითონაც ამ დანაშაულის მონაწილეა."

2011 წლის მარტი, სირია დერაას პროვინციაში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაცია

ამგვარად, მითები ბაშარ ასადის რეფორმატორობის შესახებ საბოლოოდ დაიმსხვრა და გასაგები გახდა, რომ სირია არაბული გაზაფხულის ეპიცენტრი გახდებოდა, თუმცა ვერავინ წარმოიდგენდა იმ კატასტროფის მასშტაბს, რომელიც სირიაში მომდევნო წლებში დატრიალდა. ასადის გადაწყვეტილების შესახებ საუბრისას აშშ-ს თავდაცვის იმდროინდელი მინისტრი, ლეონ პანეტა ამბობს, რომ გადამწყვეტი გავლენა ბაშარზე კვლავ დედამისმა, ანისამ მოახდინა. ანისამ კვლავ წამოსწია მამის აჩრდილი და ამბოხების ჩახშობა არა მხოლოდ ნაციონალურ არამედ, ოჯახის მოვალეობად წარმოადგინა - ბაშარი მამის და მთელი ოჯახის წინაშე იყო ვალდებული, დარჩენილიყო ძალაუფლებაში.

საპროტესტო ტალღა თანდათან ქვეყნის სხვა პროვინციებზეც ვრცელდება. მანამდე, კვლავ დერააში, უჩინარდება 14 წლის მოსწავლე, ჰამზა ალ-ხატიბი. მოგვიანებით აღმოჩნდება, რომ ჰამზა პოლიციელებმა დაატყვევეს. სამართალდამცავები უარს ამბობენ ბავშვის გათავისუფლებაზე. რამდენიმე კვირის შემდეგ კი. მშობლებს ჰამზას ნაწამები გვამი უბრუნებენ. ბავშვს სხეულზე მიმწვარი სიგარეტების კვალი ეტყობოდა, ხოლო სასქესო ორგანო მოკვეთილი ჰქონდა.

14 წლის ჰამზა ალ ხათიბი

ეს იყო ერთგვარი გზავნილი დემონსტრანტების მიმართ. მიზანი იყო, მოსახლეობისთვის დაენახვებინათ, რა მოსდით რეჟიმის მოწინააღმდეგეებს. ჰამზას ამბავი საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცა, ხოლო დერააში ეს ამბავი ახალი და უფრო მასობრივი პროტესტის საფუძველი გახდა.

უკვე მაისში ბაშარ ასადმა გააუქმა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ქვეყანაში 1963 წლიდან მოქმედებდა და ამნისტია გამოაცხადა. შეწყალებულთა სიებში არიან ათასობით ისლამისტი რადიკალი და მძიმე დანაშაულისთვის დაპატიმრებულები. ბაშარი მამის მიერ შექმნილ სახელმძღვანელოს მიჰყვება. 1982 წელს ჰამას აჯანყების დროს, ჰაფეზმა ველზე მხოლოდ ისლამისტი რადიკალები დატოვა, რაც ლეგიტიმაციას აძლევდა პროტესტის ნებისმიერი მეთოდებით ჩახშობისთვის. მამის მსგავსად, ბაშარის მიზანი იყო „გაკრეფილიყო შუა“ და პროტესტის არეალში მხოლოდ რადიკალები დარჩენილიყვნენ, რომელთა მიმართაც სიმპათია არავის ექნებოდა.

მალევე საპროტესტო ტალღა გადადის იმავე ჰამას პროვინციაზეც და აქაც, მამის მსგავსად, ვითარების გასაკონტროლებლად ბაშარი თავის უმცროს ძმას და რესპუბლიკური გვარდიის მეთაურს, მაჰერს გზავნის. მაჰერის ამოცანა იგივე იყო, რაც მისი ბიძის, რიფაატისა. ამბობენ, რომ ბაშარის პიროვნება წინააღმდეგობაში მოდის, რეჟიმის სისასტიკესთან, ამ ფენომენის ახსნის ერთ-ერთი ფაქტორი კი, შესაძლოა, სწორედ მაჰერი იყოს. რიფაატის მსგავსად, ისიც რეჟიმის საშიში და სასტიკი მხარის განსახიერებაა. მოგვიანებით ვრცელდება კადრები, რომელშიც უშუალოდ მაჰერი ესვრის მშვიდობიან მოქალაქეებს.

მაჰერ ასადი ფოტოებს უღებს ციხეში აჯანყებულთა გვამებს, 2009 წელი

2011 წლის მეორე ნახევარში პროტესტის მთავარი კერა ჰომსის, სუნიტური უმრავლესობის პროვინციაში გადადის. ამ დროს ყველასთვის მოულოდნელად ბაშარს სამხედრო თეატრის სცენაზე გამოჰყავს ოჯახის "თეთრი ყვავი", თავისი სიძე, ასეფ შავკატი, რომელსაც წლების წინ ყველანაირი ძალაუფლება წაართვა. შავკატის ამოცანაა, სამთავრობო კონტროლს დაუქვემდებაროს ჰომსი, რომელიც სუნიტური წინააღმდეგობის დედაქალაქია. პროტესტი იწყება თითქმის ყველა პროვინციაში, მათ შორის უდიდეს ქალაქსა და ქვეყნის ფინანსურ ცენტრ ალეპოში.

მიტინგების დახვრეტასთან ერთად სამხედროები სულ უფრო ხშირად გადადიან დემონსტრანტების მხარეს და თან მიაქვთ შეიარაღებაც. სპარსეთის ყურის ქვეყნების დაფინანსებით და მხარდაჭერით არანორმალური სისწრაფით იქმნება გასამხედროებული დაჯგუფებები, მათ შორის ბევრი რადიკალურ-ისლამისტური. სხვებთან ერთად ფანატიკურ ისლამისტურ დაჯგუფებებს ქმნიან ბაშარ ასადის მიერ რამდენიმე თვით ადრე შეწყალებული დამნაშავეები. ქვეყანაში თანდათან ბრუნდებიან 2003 წელს ასადის მიერ შეიარაღებული და ერაყში გაშვებული ფანატიკოსები. სამოქალაქო მღელვარება სულ უფრო ემსგავსება სამოქალაქო ომს.

ამ ეტაპზე ოჯახის ერთ-ერთი წევრი იწყებს კითხვებს დასმას, სწორი სტრატეგიით მიდის თუ არა რეჟიმი - ასეფ შავკატს კონფლიქტის გადაწყვეტისა და სტრატეგიის საკუთარი კონცეფცია აქვს. ამბობდნენ, რომ მას საკმარისი გავლენა ჰქონდა არმიაში, იმისთვის, რომ ბაშარი დაემხო. ჰომსში გაგზავნიდან რამდენიმე კვირაში ასეფ შავკატს თავდაცვის სამინისტროს შენობაში მომხდარი აფეთქების დროს კლავენ. აფეთქების ორგანიზატორებად აჯანყებულები სახელდებიან, თუმცა ნაკლებ სარწმუნოა, რომ ასადების ოჯახის გარდა ვინმეს ჰქონოდა ინფორმაცია შავკატის ადგილსამყოფლის შესახებ.

ამასთანავე, აჯანყებულებს არ გააჩნდათ ამგვარი დახვეწილი შეტევისთვის საჭირო ტექნიკური და ინტელექტუალური რესურსი. სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ შავკატის მკვლელობაში ასადების კვალზე, ამ ეჭვს ამყარებს ისიც, რომ შავკატის დაკრძალვას არ დასწრებიან ბაშარი და ასმა.

ასეფ შავკატი

სირია მაგნიტივით იზიდავს რადიკალებს და ფანატიკოსებს მთელი მსოფლიოდან. მალევე ქვეყანაში იკვეთება დიდი სახელმწიფოების ინტერესები, მათ შორის მეზობლებისაც. თითოეულ მათგანს ადგილზე თავისი ფავორიტი ჰყავს, რომელსაც აიარაღებს და აფინანსებს. არეულობის პირველივე დღიდან პროცესში აქტიურად ერთვება ირანი, რომელიც ასადების სირიის ტრადიციული მოკავშირეა.

თავისი ინტერესები აქვს და მარიონეტები ჰყავს თურქეთსაც. თავიდან რეჟიმის მხარეს იჭერს რუსეთი, მხოლოდ პოლიტიკურ დონეზე. ამ დროისთვის აშშ და, ზოგადად, დასავლეთის პრეფერენციები ჯერ არ არის გამოკვეთილი, ისინი ზომიერი, სეკულარული ჯგუფების გამოჩენას ელოდებიან. ერთი სიტყვით, სირია ე.წ. პროქსი ომის ყველაზე დიდი არენად გადაიქცა. მომდევნო წლებში სირიაში მოქმედი შეიარაღებულ სამხედრო დაჯგუფებათა რიცხვი 1 500-ს გადააჭარბებს. 2012 წლის ივლისში გაერო აცხადებს, რომ ქვეყანა სამოქალაქო ომის ფაზაში იმყოფება, თუმცა ეს კონფლიქტი უფრო ჰგავს ყველას ომს ყველას წინააღმდეგ.

კონფლიქტი იმთავითვე სექტარიანულ ხასიათს ატარებს, რაც კიდევ უფრო სასტიკს ხდის ომს. სამოქალაქო ომის ფონზე მოსახლეობა ცდილობს, თავს ემიგრაციაში წასვლით უშველოს. სირიას ტოვებს მილიონობით მოქალაქე, ისინი ძირითადად მეზობელი ქვეყნებისა და ევროპისკენ მიემართებიან, ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად. ამავე პერიოდიდან სირიის მთავრობა იწყებს მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ამბოხებულების წინააღმდეგ ომის ასიმეტრიული მეთოდების გამოყენებას, საავიციო დაბომბვებს ე.წ. "ბინძური" ბომბებით და ჰუმანიტარულ ბლოკადას.

2012 წელს ჰომსში იმყოფება Sunday Times-ის ჟურნალისტი, მერი კოლვინი. იგი ერთ-ერთი სახლის სარდაფიდან ერთვება ტელეარხ СNN-ის რეპორტაჟში. მერი კოლვინი ამბობს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა ვერსად გარბის და ქალაქს ყოველი მხრიდან უტევენ სამთავრობო ძალები. კოლვინი 1980-იანი წლებიდან აშუქებდა სხვადასხვა სამხედრო კონფლიქტებს. თავის უკანასკნელ ინტერვიუში ანდერსონ კუპერთან იგი ამბობს, რომ სირიის კონფლიქტი ყველაზე სასტიკია, რაც კი ოდესმე გაუშუქებია. იმავე დილით, სირიის ავიციას სატელიტური პოზიციონირების მეშვეობით იერიში მიაქვს კოლვინისა და მისი ოპერატორის ადგილსამყოფელზე, ორივე მათგანი ადგილზე იღუპება.

მერი კოლვინის პირდაპირი ჩართვა СNN-ის ეთერში, გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე

ამ პერიოდში სირიაში მთავარი მოქმედი ძალები არიან ამბოხებულების მიერ შექმნილი სირიის თავისუფალი არმია და სამთავრობო ძალები. თავიდან სწორედ სირიის თავისუფალი არმია მოჩანს ყველაზე ზომიერ და დასავლეთისთვის მისაღებ ძალად, თუმცა ძალთა თანაფარდობა ელვის სისწრაფითიცვლება, რაც სირიას აქცევს ნამდვილ ჯოჯოხეთად დედამიწაზე.

ამავე პერიოდში ერაყს ტოვებს ბოლო 500 ამერიკელი ჯარისკაცი, რაც სირიაში მოკალათებული ექსტრემისტებისთვის ახალ შესაძლებლობებს ხსნის. აშშ-ს მიერ დატოვებულ ვაკუუმს ერაყში ახალი ძალები ავსებენ, მათ შორის კი მოწინავეა ე.წ. ისლამური სახელმწიფო. ისლამისტი რადიკალები ცოტა ხნით გადადიან ერაყში, რათა სირიაში უფრო დიდი და ახალი შეიარაღებით დაბრუნდნენ.

ერაყში რამდენიმე წარმატებული ოპერაციის შემდეგ, ისლამისტების ნაწილი სირიაში ინაცვლებს, ისინი იკავებენ რაქას და მას საკუთარ დედაქალაქად ცხადებენ. სირია - ცივილიზაციის ერთ-ერთი აკვანი - არაადამიანური ველურობისა და სისასტიკის ნავსაყუდელად იქცა. მალევე ისლამისტები ხალიფატის აღდგენას აცხადებენ. ერთი შეხედვით, ისლამური სახელმწიფო ასადის რეჟიმისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს, თუმცა ადგილზე ვითარება სრულიად საპირისპიროა.

ბაშვები თამაშობენ ისლამური სახელმწიფოს დროშის ფონზე სირია 2016 წელი

2013 წლის 21 აგვისტოს გაჩნდა შესაძლებლობა, სირიის კონფლიქტში ძალთა თანაფარდობა გარდამტეხად შეცვლილიყო. ამ დღეს სირიის სამთავრობო არმიამ დამასკოს მახლობლად მდებარე ქალაქ ღუტაში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა. აშშ სირიის კონფლიქტისგან თავიდანვე დისტანცირდა და აქტიური ჩარევისგან თავი შეიკავა. ბარაკ ობამას ამგვარ გადაწყვეტილებას თავისი ლოგიკური მიზეზები ჰქონდა და, პირველ რიგში, ამერიკელებს არ სურდათ, ერაყში დაშვებული შეცდომების განმეორება და აშშ-ს ჩათრევა ახალ ახლოაღმოსავლურ ხანგრძლივ კონფლიქტში.

ამასთანავე, სირია არასდროს ყოფილა აშშ-ს მოკავშირე და მისი სტრატეგიული ინტერესის ობიექტი, თუმცა იმავე ობამამ სირიული კონფლიქტის დასაწყისში გამოკვეთა ე.წ. „წითელი ხაზები“, რომლის გადაკვეთის შემდეგაც აშშ აქტიურ მოქმედებაზე გადავიდოდა. ეს წითელი ხაზი კი სწორედ ქიმიური იარაღის გამოყენება იყო. ამგვარად, 2013 წლის ზაფხულში, როგორც სირიაში, ასევე მთელ მსოფლიოში არსებობდა განცდა, რომ ამერიკა კონფლიქტში ჩაერეოდა, რაც საბოლოოდ რეჟიმის დამხობით დასრულდებოდა.

აშშ-ს შეტევის მოსამზადებლად დაიწყო კოორდინაცია როგორც ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებში, ასევე, ამერიკის რეგიონალურ პარტნიორებთან. ამ პერიოდში სირიაში პიკს მიაღწია ამბოხებულთა მხარეს გადასულთა რაოდენობამ. სულ უფრო მეტი ადამიანი გადადიოდა აჯანყებულების მხარეს, იმ იმედით, რომ კონფლიქტში აშშ ჩაერეოდა, რაც რეჟიმის დამარცხებას განაპირობებდა.

ბარაკ ობამა შეხვდა სენატისა და კონგრესის ლიდერებს ლინდსი გრემსა და ჯონ მაკკეინს. ორივე მათგანმა პრეზიდენტს მხარდაჭერა აღუთქვა. საკითხზე საუბრისას ჯონ მაკკეინი იხსენებდა, რომ საუდის არაბეთის ბომბდამშენები უკვე ასაფრენ ბილიკზე იდგნენ და შეტევისთვის ემზადებოდნენ, როდესაც ბარაკ ობამამ გადაწყვეტილება შეცვალა და შეტევა გადაიფიქრა. სანაცვლოდ ობამამ მედიატორად ჩართო რუსეთი, რომლის მეშვეობითაც სირიის რეჟიმს სრულად უნდა ჩაებარებინა მის ხელთ არსებული ქიმიური არსენალი. შემდეგ, პრეზიდენტის რანგში თავის ბოლო პრესკონფერენციაზე ობამამ თქვა: "ამის გაკეთება დაბალი რისკის ფასად უბრალოდ შეუძლებელი იყო."

ქიმიური შეტევის შედეგად გარდაცვლილები, 2013 წლის აგვისტო, სირია

ამგვარად, ბარაკ ობამას ამ გადაწყვეტილებამ მნიშვნელოვანწილად გადაწყვიტა სირიის სამოქალაქო კონფლიქტის ბედი. ვარსკვლავები ბაშარ ასადისთვის იღბლიანად განლაგდა. როგორც ჩანს, სწორედ ეს არის აშშ-ს, როგორც უძლიერესი სახელმწიფოს, წყევლა - აქტიური მოქმედებისთვისაც გაიკიცხოს და უმოქმედობისთვისაც. მოგვიანებით აშშ-ს მაინც მოუხდა კონფლიქტში ჩართვა, თუმცა ეს გაცილებით უფრო შეზღდული ფორმით გაკეთდა, ვიდრე რეჟიმის დასამხობად იქნებოდა საჭირო.

2014-2015 წლებში სირიის სამოქალაქო კონფლიქტმა იმგვარი სახე მიიღო, რომელშიც ბაშარ ასადი უკვე აღარ მოჩანდა ყველაზე დიდ საფრთხედ და ბოროტებად. ეს ნიშა მთლიანად დაიკავა ისლამურმა სახელმწიფომ. სწორედ ამ კვაზისახელმწიფოებრივი წარმონაქმნის განადგურებაზე დაიხარჯა აშშ-ს და დასავლური სახელმწიფოების ძალისხმევა. იმ დროს, როდესაც ამერიკელები ავიადარტყმებით, ხოლო მათ მიერ გაწვრთნილი და აღჭურვილი ქურთული შენაერთები ისლამურ სახელმწიფოს ანადგურებდნენ, სირიის რეჟიმი და რუსეთი ზომიერ ოპოზიციას ჟლეტდნენ.

ადგილზე თავიდანვე ფართოდ იყვნენ წარმოდგენილი ირანელი სამხედროები და ისლამური რევოლუციის გუშაგები. სირიის კონფლიქტის დროს აქ რამდენიმე ირანელი გენერალიც გარდაიცვალა. ირანმა თამაშში თავიდანვე შემოიყვანა თავისი მარიონეტი „ჰეზბოლა“. ორგანიზაციამ კონფლიქტის მიმდინარეობისას 2 000-ზე მეტი მებრძოლი დაკარგა.

ყველაფრის მიუხედავად, სამხედრო კონფლიქტის პიკში ბაშარ ასადი ქვეყნის 20%-ზე ნაკლებს აკონტროლებდა, რადიკალებს კი საპრეზიდენტო სასახლისგან სულ რაღაც 5 კილომეტრი აშორებდათ. თითქმის ყველა დარწმუნებული იყო, რომ რეჟიმი მალე დაემხობოდა, თუმცა სწორედ ამ დროს ბაშარ ასადმა მონახა ახალი მფარველი, რომელმაც ომის ჩარხი უკუღმა დაატრიალა.

2015 წელს სირიის სამოქალაქო ომში რუსეთი პირდაპირ ჩაერთო, რამაც რეჟიმს სირიის ზეცაზე სრული მონოპოლია გაუნაღდა. მიწაზე პროირანულმა დაჯგუფებებმა და ზეცაში რუსულმა ბომბდამშენებმა რეჟიმთან წარმატებული ბრძოლის ყველანაირი შანსი გაანადგურეს. მოგვიანებით, მთელმა მსოფლიომ იხილა, თუ როგორ დაეცა სირიის „სტალინგრადი“, ალეპო, რომლის აღმოსავლეთ ნაწილსაც ამბოხებულები აკონტროლებენ. სამთავრობო ალყისა და რუსეთის ავიაიერეშების ქვეშ ქალაქი პრაქტიკულად სისხლისგან დაიცალა.

ვლადიმერ პუტინისა და ბაშარ ასადის პორტრეტები, სირიის სამთავრობო ძალების ერთ-ერთ საკონტროლო პუნქტზე, 2018 წელი

რუსეთის როლი ამ კამპანიაში მხოლოდ და მხოლოდ რეჟიმის გაძლიერებით შემოიფარგლებოდა, მიუხედავად რუსეთის მტკიცებისა, რომ ისინი ისლამისტ რადიკალებს ანადგურებდნენ, როგორც წესი, მათი ჭურვები ზომიერ ოპოზიციას და მშვიდობიან მოსახლეობას ეცემოდა. მხოლოდ 2015-2016 წლებში რუსულ ბომბებს 4 000 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მათი ბომბები ხშირად ეცემოდა საავადმყოფოებს და სკოლებს.

შემდეგ იყო ანტიკურ ქალაქ პალმირას გამოხსნა ისლამური სახელმწიფოსგან. რუსეთის ჩარევის შემდეგ, ვითარება სირიაში რადიკალურად შეიცვალა, მათ შორის, პირველ რიგში, ბაშარ ასადისა და მისი ოჯახის სასარგებლოდ. მომდევნო წლებში რუსული ავიაციის და ირანის მარიონეტული დაჯგუფებების საშუალებით რეჟიმმა ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე კონტროლი დაიბრუნა.

სამთავრობო ძალების კონტროლს დაქვემდებარებული ქალაქებიდან კი მოსახლეობა შურისძიების შიშით გარბოდა სხვა რაიონებში, რომლებიც სამთავრობო კონტროლს მიღმა რჩებოდნენ. ისლამური სახელმწიფოს დასუსტებასთან ერთად შემცირდა ამერიკის ჩართულობაც და, საბოლოოდ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ადგილზე მხოლოდ რამდენიმე ათეული სამხედრო დატოვა.

2019 წლის ოქტომბერში რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტულ არხებზე ერთმანეთის მიყოლებით ერთვებოდნენ ჟურნალისტები, რომლებიც ამერიკელების ყოფილ ბაზებზე იმყოფებოდნენ. ისინი უჩვენებდნენ ამერიკელი ჯარისკაცების ბაზებს, რომელიც ამერიკელებმა რამდენიმე საათით ადრე დატოვეს. ამერიკელების გასვლის შემდეგ ამ პროვინციებში რუსი სამხედროები შევიდნენ. ცხადია, რუსული პროპაგანდა ამას ნაციონალურ გამარჯვებად და ამერიკელების გაქცევად წარმოაჩენდა. ამერიკელებმა ბაზები ისეთ სიჩქარეში დატოვეს, რომ ამუნიციის წაღებაც ვერ მოასწრეს და მათი აფეთქება მოუწიათ.

რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის ჟურნალისტი, ოლეგ ბლოხინი, ამერიკელების მიერ რამდენიმე საათით ადრე მიტოვებულ სამხედრო ბაზაზე, 2019 წელი
რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის ჟურნალისტი, ოლეგ ბლოხინი, ამერიკელების მიერ რამდენიმე საათით ადრე მიტოვებულ სამხედრო ბაზაზე, 2019 წელი

ამერიკელების გასვლამ სასიკვდილო რისკი შეუქმნა ქურთებს, რომლებიც ამერიკელების ყველაზე სანდო პარტნიორები იყვნენ. მხოლოდ ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლას 11 ათასამდე ქურთი მებრძოლი შეეწირა. ამ დროისთვის სირიის რეჟიმი აკონტროლებს თითქმის ყველა პროვინციას, ერთადერთ აჯანყებულ ანკლავად თურქეთის მოსაზღვრე იდლიბის პროვინცია რჩება, რომელშიც ასადის შურისძიებას გამოქცეული 3 მილიონი დევნილი აფარებს თავს.

სირიის კონფლიქტი, შესაძლოა, ჯერ კიდევ შორს იყოს დასასრულისგან, თუმცა ამ დროისთვის ფაქტია, რომ ასადებმა კვლავ შეინარჩუნეს ქვეყანა. კონფლიქტს ამგვარი განვითარება ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გარდა, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. მათ შორის ალბათ უმთავრესი ის არის, რომ სირიაში მცხოვრები ეთნორელიგიური უმცირესობების უმეტესობა მხარს უჭერდა რეჟიმს ან არ ებრძოდა მას. მათი ასეთი ქცევა კი იმით იყო განპირობებული, რომ ასადების დამხობა ქვეყნის ძალიან მყიფე ეთნორელიგიური წონასწორობის მოშლას და გენოციდს ნიშნავდა.

ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ, ტერიტორიული დანაკარგების მიუხედავად, რეჟიმი აკონტროლებდა მოსახლეობის თავშეყრის უდიდეს წერტილებს. ყველაზე ცუდ დროსაც კი, რეჟიმი აკონტროლებდა ადგილებს, რომლებშიც მთელი მოსახლეობის დაახლოებით 65-70% იყო თავმოყრილი. ამასთანავე, კონფლიქტმა იმდენად მოულოდნელი ხასიათი მიიღო, რომ ასადების ყველაზე დიდმა მოწინააღმდეგეებმა მისი მოშორება უარესი ბოროტების აღზევების საფრთხის გამო გადაიფიქრეს.

სირიელი დევნილები სირიის საზღვრის გადალახვას ცდილობენ 2016 წელი

ამ გამარჯვების მიუხედავად, ძნელია, ბაშარ ასადს ვუწოდოთ ქვეყნის და მით უფრო, დამოუკიდებელი ქვეყნის, პრეზიდენტი. სირიის რეჟიმი პრაქტიკულად ყველა ასპექტში დამოკიდებულია რუსეთსა და ირანზე. ადგილზე განსაკუთრებით დიდი გავლენა აქვს ირანს. არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვიტყვით, რომ ბაშარ ასადი ირანის მარიონეტად გადაიქცა და ეს ლოგიკურიცაა, რადგანაც ის სწორედ ირანელებმა გადაარჩინეს.

ექიმმა, რომელსაც ოდესღაც უსინათლოებისთვის თვალის ახელა სურდა, თავად მოკლა და ასიათასობით ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა.

სირიული არმია განადგურებულია, ქვეყნის აღდგენას დაახლოებით 300 მილიარდი დოლარი დაჭირდება. ამ დროისთვის ქვეყანაში ჰიპერინფლაციაა, კორონავირუსის პანდემიის ფონზე გამწვავდა პირველადი მოხმარების პროდუქტების დეფიციტი. ლიბანის ეკონომიკურმა კრიზისმა სირიული ეკონომიკის კუბოში ბოლო ლურსმანი ჩააჭედა.

ამის ფონზე დაიწყო პოლიტიკური კრიზისიც, რამდენიმე თვის წინ ბაშარ ასადის დედის ძმიშვილმა და სირიის უმდიდრესმა ადამიანმა, რამი მახლუფმა, ფეისბუკზე ვიდეომიმართვა გაავრცელა. მახლუფი თავის ბიძაშვილს სთხოვდა, დაეცვა მისი ქონება სირიის სპეცსამხურებისგან, რომლებმაც მისი აქტივები დააყადაღეს. რამი მახლუფი სირიის კავშირგაბმულობის ქსელის მფლობელია. მისი აქტივები ოფიციალურად გადასახადების გადაუხდელობის გამო დააყადაღეს, თუმცა რეალური მიზეზი, შესაძლოა, სულ სხვა რამ იყოს.

საქმე ის არის, 2016 წელს 86 წლის ასაკში დუბაიში გარდაიცვალა ბაშარის დედა ანისა მახლუფი, რის შემდეგაც ელიტაში ძალთა ახალი გადანაწილება დაიწყო. ასმამ ანისას მიერ დატოვებული სიცარიელე სრულად შეავსო. ასმას მოჰყვნენ ნათესავები, რომლებიც ცდილობენ, თავიანთი გავლენის სფერო გააფართოონ და სწორედ აქ გადაიკვეთა მათი და რამი მახლუფის ინტერესები.

რაც ხდება სირიაში, არ რჩება სირიაში

4 წლის სირიელი ალან კურდი, რომელიც იმიგრანტების ნავის კატასტროფისას დაიხრჩო, 2015 წელი, ბოდრუმის სანაპირო თურქეთი

2011-2019 წლების სირია ოცდამეერთე საუკუნის უდიდესი ჰუმანიტარული კატასტროფაა. კონფლიქტის წლებში გარდაიცვალა 500 ათასი ადამიანი, 3 მილიონი სირიელი დევნილად იქცა, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მოუწია 7 მილიონ ადამიანს, მათ შორის 2 მილიონი ბავშვია. დღეს 12 მილიონ სირიელს ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება. კრიზისის შედეგად დაზარალებულთა დაახლოებით ნახევარი არასრულწლოვანია.

ამ პერიოდში ტერორისტების მმართველობის ქვეშ 10 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, ეს პორტუგალიის მთლიანი მოსახლეობის რიცხვს უტოლდება. თავისი ზეობის დროს ისლამური სახელმწიფო საქართველოზე ორჯერ დიდ ტერიტორიას აკონტროლებდა.

მთავრობის მასობრივმა დაბომბვებმა გაანადგურა ქვეყნის საგანმათლებლო, სამედიცინო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. მოსახლეობის დიდი ნაწილი ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების გარეშე ცხოვრობს. განადგურდა არაერთი ისტორიული მემკვიდრეობის კულტურის ძეგლი. ბოლო წლებში სირია შეუმდგარ სახელმწიფოდ იქცა, თუმცა სირიის კრიზისმა დიდი გავლენა მოახდინა საერთაშორისო ვითარებაზეც.

სირიელი ემიგრანტების ევროპაში ჩასულმა ტალღამ ბებერ კონტინენტზე ახალი პოლიტიკური ტენდენციების წარმოშობას შეუწყო ხელი. სხვა ფაქტორებთან ერთად მიგრანტების საკითხი ევროპაში ბოლო წლებში განვითარებული პოლიტიკური კრიზისების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. მიგრანტების საკითხის სათავისოდ გამოიყენეს სხვადასხვა პოპულისტურმა პარტიებმა.

ახლო აღმოსავლეთში გაძლიერდა ირანის გავლენა და ჩამოყალიბდა მძლავრი შიიტური წინააღმდეგობის რკალი. ირანი ამჟამად მთავარი პოლიტიკური მოთამაშეა, არამხოლოდ სირიაში, არამედ ლიბანსა და პალესტინის ავტონომიაშიც. სტაბილურია ირანის გავლენა მეზობელ ერაყზეც. აქ ირანს ჰყავს თავისი მარიონეტები როგორც პოლიტიკურ სცენაზე, ასევე, სამხედრო თეატრში. ირანს პირდაპირი სახმელეთო ხაზით წვდომა აქვს ისრაელის საზღვართან, რაც ამ სახელმწიფოსთვის უდიდესი გეოპოლიტიკური გარღვევის ტოლფასია.

რეგიონში შესუსტდა აშშ-ს გავლენა. თუკი ადრე რეჯეფ თაიფ ერდოღანის მსგავსი ლიდერები რეგიონული საკითხების გადასაჭრელად ვაშინგტონში მიემართებოდნენ, ამჟამად მათი დანიშნულების ადგილი მოსკოვია. 30-წლიანი შესვენების შემდეგ რუსეთი დაბრუნდა ახლო აღმოსავლეთში და აქ მზარდ პოლიტიკურ გავლენას ფლობს. სირიის კონფლიქტში პირველად აშშ რუსეთის უმცროს პარტნიორად იქცა.

ერთი შეხედვით წარმატებული კამპანიის მიუხედავად, ადგილზე რუსეთს რამდენიმე გამოწვევა აქვს, რომელიც, შესაძლოა, მომავალში დიდ პრობლემად იქცეს. პირველ რიგში ეს ეხება სირიის ეკონომიკის აღდგენას. ამისათვის საჭირო თანხების ჩადებას რუსები სირიაში, როგორც ჩანს, არ აპირებენ. ამასთანავე, გაუგებარია, თუ რა არის მათი თამაშიდან გასვლის სტრატეგია. ადგილზე ირანი რუსეთზე განუზომლად დიდ გავლენას ფლობს. ირანული დაჯგუფებები იმ ტიპის სამუშაოს ასრულებენ, რომელიც რუსეთის ინტერესებში არ შედის.

მიწაზე უკვე იკვეთება წინააღმდეგობები რუსულ დაჯგუფებებსა და პროირანულ ჯგუფებს შორის. წინააღმდეგობის საკითხს წარმოადგენს დეირ ეზ ზორის სანავთობე ჭაბურღილების კონტროლი. ამავდროულად განსხვავდება ასადის რეჟიმის და რუსეთის ინტერესები. ასადისგან განსხვავებით, რუსები არ არიან დაინტერესუბულები ტერიტორიული შენაძენით. სირიაც და ასადიც მათ აშშ-სთან უფრო დიდი გეოპოლიტიკური თამაშისთვის ჭირდებათ. მოჩვენებითი წარმატების მიუხედავად, ვითარება ქვეყანაში, შესაძლოა, ნებისმიერ წამს რადიკალურად შეიცვალოს და პროტესტის ახალმა ტალღამ იფეთქოს, მით უფრო, მიმდინარე ეპიდემიისა და ამით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე.

ერთ-ერთ დევნილთა ბანაკში მყოფმა ბავშვმა, რომელსაც ომის თემაზე რამის დახატვა სთხოვეს, დახატა ვერტმფრენი, რომლიდანაც ცვივა ე.წ. „ბინძური“ ბომბები. ნახატზე ჩანს დაჭრილი ბავშვი და, ასევე, ბავშვები, რომლებიც ტირიან, ხოლო მეორე კუთხეში უკვე გარდაცვლილი ბავშვია. თუ ნახატს კარგად დააკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ გარდაცვლილ ბავშვს უფრო ბედნიერი გამომეტყველება აქვს, ვიდრე ცოცხლად დარჩენილებს, თითქოს გარდაცვლილები უფრო უკეთეს ადგილას არიან, ვიდრე სირიაში ცოცხლად დარჩენილები.

გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი:

რევაზ გაჩეჩილაძე - ახლო აღმოსავლეთი - სივრცე, ხალხი და პოლიტიკა

Syrian Alawites: Their history, their future

Syria war: How Moscow’s bombing campaign has paid off for Putin

Syria profile - Timeline

Syria country profile

Recapture of Aleppo: What next for Syria?

Six decisive points that changed Syria's war

Aleppo: Before and after

Obama's Syria legacy

Obituary: Syria's shrewd master

Syria: The story of the conflict

'Islamic State': Raqqa's loss seals rapid rise and fall

Syrian President Bashar al-Assad: Facing down rebellion

The Battle for Aleppo, Syria’s Stalingrad, Ends

The House of Assad

Barbara Walters Interview with Syria's President Bashar al-Assad

Syria conflict: BBC

President al-Assad’s interview with Charlie Rose

The Fall of Syria and the Rise of ISIS

A Dangerous Dynasty: House of Assad

კომენტარები