11 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმე

გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის და: მამაჩემმა ყვირილით გვითხრა, ბავშვს ვეღარ დაინახავთო

რუსთავი 2

თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის და, რომელიც დედასთან ერთად საბერძნეთში ცხოვრობს, მამას მუქარაში ადანაშაულებს. ის რუსთავი 2-თან საუბარში ამბობს, რომ ფრიდონ აბჟანდაძე დედამისისგან ფულის გაგზავნას ითხოვდა.

"სანამ ეს ტრაგედია მოხდებოდა, ჩემმა ძმამ დარეკა და ეუბნებოდა დედას - მამიკომ მითხრა, ფულს გამომიგზავნი თუ ტრაქტორი გავყიდოვო. დედას ახალი გაგზავნილი ჰქონდა ფული და უთხრა, კაპიკი არ მაქვს, რაც მქონდა, გამოგიგზავნეთო. მამაჩემმა მოგვაძახა მერე ყვირილით, ვერც ავთულის ხმას გაიგებთ და ვეღარც დაინახავთო.

ან გალახა ბავშვი, ან ხელი მოუქნია და ცუდად მოხვდა, ანდა თვითმკვლელობამდე თვითონ მიიყვანა. ორიდან ოთხ წლამდე არაფერია მაგისთვის, თუ გამოვა ციხიდან მე მოვკლავ და მე ჩამსვით 2 წელი ციხეში.  

ჩემი ძმა ძალიან მხიარული ბავშვი იყო, თავს არ მოიკლავდა, არასდროს ის დეპრესიული არ მინახავს. მთელმა სანათესაომ და სამეზობლომ იცის, დედაჩემს როგორ ამწარებდა, როგორ დღეში აგდებდა, არავინ ხელი არ დააფაროს. 5 წლის რომ ვიყავი, მაშინ გვკლავდა ორივეს მამა თოფით. პოლიციამ მხოლოდ იარაღი წაართვა და ხელწერილი დააწერინა და მაგის ხელში დაგვტოვეს." – ამბობს გარდაცვლილის და, ნათია აბჟანდაძე.

აღსანიშნავია, რომ 11 წლის ბიჭის მეორე და, რომელიც თერჯოლაში ცხოვრობს, მამის ბრალეულობას გამორიცხავს.

"მამა არ ჩაიდენდა და არ მოკლავდა თავის შვილს, არაფერს არ ძალადობდა მამაჩვენი, ძალიან უყვარდა ბიჭი, კვადრო მიყიდე მამაო, 1500 ლარი მისცა და უყიდა, ახლა კიდევ მინდაო, კიდევ ყიდულობდა.

პატრულის ნომრებს ნამდვილად ითხოვდა, მამაჩემი რომ დალევდა, ყვირილი, ხმამაღალი საუბარი უყვარდა ხოლმე, ალბათ, ფსიქიკაზე იმოქმედა და იფიქრა - პატრული რომ აივლის და ჩამოივლის, ვითომ აღარ იყვირებსო და ამიტომ ითხოვდა შველას." – ამბობს გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის მეორე და, თინა აბჟანდაძე.

11 წლის ბიჭი თერჯოლის ერთ-ერთ სოფელში თოკზე ჩამომხრჩვალი 23 აგვისტოს იპოვეს. შსს-ს ცნობით, თვითმკვლელობის მიზეზი მამის მხრიდან სისტემატური ფიზიკური ძალადობა გახდა. ოჯახის ნათესავებმა გამოთქვეს ეჭვი, რომ 49 წლის კაცს შვილი ცემის დროს შემოაკვდა და თოკზე შემდეგ ჩამოკიდა.

49 წლის ფრიდონ აბჟანდაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 26 აგვისტოს შეეფარდა. ის ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ შვილთან "იშვიათი ურთიერთობა" ჰქონდა.

ბავშვის დედა 10 წელია, საბერძნეთში იმყოფება. მან 26 აგვისტოს საქართველოში დაბრუნება სცადა, თუმცა, თურქეთმა დარღვევის გამო, უკან დააბრუნა. ოჯახი საქართველოს ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს და აცხადებს, რომ ბავშვის დაკრძალვა დედის ჩამოსვლამდე არ სურთ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მზად არიან დაეხმარონ ქალს საქართველოში დაბრუნებაში, თუმცა, მათი ინფორმაციით, ეს "რთულ პროცედურასთანაა დაკავშირებული".

"მას დარღვეული აქვს საბერძნეთის რესპუბლიკაში ყოფნის, ისევე როგორც თავის დროზე თურქეთ-საბერძნეთის საზღვრის გადაკვეთის წესები. 

უწყება აქტიურად არის ჩართული აღნიშნული ქალბატონის დაბრუნების პროცესში, ასევე, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს მისი საქართველოში ჩამოსვლისას PCR-ი ტესტირებას." – ამბობენ უწყებაში.

კომენტარები