11 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმე

რუსუდან გოცირიძე: წესის აგება არის ჭირისუფლის ნუგეშისცემა

ტაბულა

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, რუსუდან გოცირიძე 11 წლის ბავშვის თვითმკვლელობაზე მართლმადიდებელი მაღალიერარქის განცხადებას ეხმაურება - თერჯოლისა და ტყიბულის მიტროპოლიტმა გიორგიმ განაცხადა, რომ, "თუ ბავშვის გარდაცვალების მიზეზად თვითმკვლელობა დასახელდა, მას ეკლესია წესს არ აუგებს, ვინაიდან ღმერთს გამონაკლისები არ აქვს".

"არც ერთი რანგის სასულიერო პირს არ ხელეწიფება საიქიო საქმეებში ჩარევა. მით უფრო ვინმეს სამოთხეში ან ჯოჯოხეთში გადამისამართება... ამის შესახებ ვერსად ნახავთ, ვერც ძველ და ვერც ახალ აღთქმაში...

წესის აგება არის ჭირისუფლების ნუგეშისცემა და როცა პატარა ბავშვის სიკვდილზეა ლაპარაკი ძალადობის გამო, ერიცა და ბერიც წესს უნდა უგებდეს კი არა, ღვთის წინაშე პატიებას უნდა ითხოვდეს თავისი წილი დანაშაულისათვის.

ვისაც არც ნუგეშისცემა შეუძლია და არც მონანიება, მაშინ საინტერესოა, რას ემსახურება ასეთი დაწესებულება?"- წერს რუსუდან გოცირიძე.

თერჯოლაში გარდაცვლილ 11 წლის ბიჭს სამშაბათს დაკრძალავენ. რუსთავი 2-ის ცნობით, ოჯახი და სასულიერო პირები მომხდარზე ექსპერტიზის ოფიციალურ პასუხს ელოდებიან.

მოზარდი თოკზე ჩამომხრჩვალი 23 აგვისტოს იპოვეს. მისი გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, მამის მხრიდან სისტემატური ძალადობაა. ბავშვის დედა ემიგრანტია. მას საქართველოში ჩამოსვლის საშუალება თურქეთის საზღვარზე არ მისცეს.

გარდაცვლილის ბებია ამბობს, რომ ბავშვის მამა ოჯახის წევრებზე სისტემატურად ძალადობდა და ამის შესახებ პოლიციამაც იცოდა. შსს-მ ეს ცნობა უარყო და თქვა, რომ სამართალდამცველები ინფორმირებულები არ ყოფილან, ვინაიდან მათთან შეტყობინება არ შესულა. უწყების ცნობით, ამ ოჯახიდან პოლიციას ბოლოს 2020 წელს მიმართეს.

კომენტარები