11 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმე

საპატრიარქო: მიგვაჩნია, რომ 11 წლის მოზარდისთვის წესის აგება ნებადართული უნდა იყოს

საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საპატრიარქოს განცხადების მიხედვით, გარდაცვლილისთვის წესის აგება ნებადართული უნდა იყოს.

"თერჯოლის რაიონში ახლად გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის, ავთანდილ აბჟანდაძის წესის აგებასთან დაკავშირებით მიგვაჩნია, რომ, მიუხედავად იმისა, რომ, ჯერჯერობით დაუდგენელია, რეალურად რა მოხდა და რა გახდა მიზეზი პატარა ავთანდილის ამქვეყნიდან გასვლისა, ასაკიდან და გარემოებიდან გამომდინარე, მისთვის წესის აგება უნდა იყოს ნებადართული.

გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილს მომხდარის გამო და აღვავლენთ ლოცვებს ავთანდილის უკვდავი სულისათვის, რათა უფალმა შეიწყალოს და აცხოვნოს იგი", - წერია განცხადებაში. 

თერჯოლისა და ტყიბულის მიტროპოლიტმა გიორგიმ თქვა, რომ, თუ ბიჭის გარდაცვალების მიზეზად თვითმკვლელობა დასახელდება, ეკლესია გამონაკლისს ვერ დაუშვებს და მას წესს არ აუგებენ. 

თერჯოლაში გარდაცვლილ 11 წლის ბიჭს სამშაბათს დაკრძალავენ.

მოზარდი თოკზე ჩამომხრჩვალი 23 აგვისტოს იპოვეს. მისი გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, მამის მხრიდან სისტემატური ძალადობაა. ბავშვის დედა ემიგრანტია. მას საქართველოში ჩამოსვლის საშუალება თურქეთის საზღვარზე არ მისცეს.

გარდაცვლილის ბებია ამბობს, რომ ბავშვის მამა ოჯახის წევრებზე სისტემატურად ძალადობდა და ამის შესახებ პოლიციამაც იცოდა. შსს-მ ეს ცნობა უარყო და თქვა, რომ სამართალდამცველები ინფორმირებულები არ ყოფილან, ვინაიდან მათთან შეტყობინება არ შესულა. უწყების ცნობით, ამ ოჯახიდან პოლიციას ბოლოს 2020 წელს მიმართეს.

კომენტარები