11 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმე

თერჯოლის მიტროპოლიტი: თუ ბავშვმა თავი მოიკლა, წესს ვერ ავუგებთ, ღმერთს გამონაკლისები არ აქვს

რუსთავი 2

თუ თერჯოლაში 11 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზად თვითმკვლელობა დასახელდა, მას ეკლესია წესს არ აუგებს - უთხრა რუსთავი 2-ს თერჯოლისა და ტყიბულის მიტროპოლიტმა გიორგიმ.

მიტროპოლიტ გიორგის განცხადებით, ეკლესია გამონაკლისს ვერ დაუშვებს.

"არ ვიცი ამის შესახებ, ჩემთვის არ მოუმართავთ. აუცილებლად დავავალებ მამაოს ამ საკითხის გამოკვლევას, ვიმსჯელებთ და, თუ ბავშვმა თავი მოიკლა, წესს ვერ ავუგებთ. გამორიცხულია, ეს ღვთის გმობაა. არ გვაქვს უფლება და ვერც გამონაკლისს დავუშვებთ. ღმერთს გამონაკლისები არ აქვს, ზუსტად მოქმედებს. ვერც მოზარდის შემთხვევაში ექნება.

11 წლის ბავშვი გაუაზრებელია? ჩვენ შეგვიძლია, ცოდვები მივუტევოთ, სხვა მხრივ დაუშვებელია. გამონაკლისს ვუშვებთ ავადმყოფობის შემთხვევაში, თუ ექიმის ცნობა იქნება, სხვა მხრივ - არა". - თქვა მიტრიპოლიტმა. 

რუსთავი 2-ის ცნობით, ოჯახი და სასულიერო პირები მომხდარზე ექსპერტიზის ოფიციალურ პასუხს ელოდებიან.

თერჯოლაში გარდაცვლილ 11 წლის ბიჭს სამშაბათს დაკრძალავენ.

მოზარდი თოკზე ჩამომხრჩვალი 23 აგვისტოს იპოვეს. მისი გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, მამის მხრიდან სისტემატური ძალადობაა. ბავშვის დედა ემიგრანტია. მას საქართველოში ჩამოსვლის საშუალება თურქეთის საზღვარზე არ მისცეს.

გარდაცვლილის ბებია ამბობს, რომ ბავშვის მამა ოჯახის წევრებზე სისტემატურად ძალადობდა და ამის შესახებ პოლიციამაც იცოდა. შსს-მ ეს ცნობა უარყო და თქვა, რომ სამართალდამცველები ინფორმირებულები არ ყოფილან, ვინაიდან მათთან შეტყობინება არ შესულა. უწყების ცნობით, ამ ოჯახიდან პოლიციას ბოლოს 2020 წელს მიმართეს.

კომენტარები