11 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმე

11 წლის ბიჭის გარდაცვალების საქმეზე მამას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

shutterstock

11 წლის ბავშვის გარდაცვალების საკითხზე მამას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

მამამ, რომელსაც ბრალად შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანა ედება, დღეს, 26 აგვისტოს, სასამართლო სხდომაზე ბრალდება უარყო და თქვა, რომ მას და მის შვილს იშვიათი ურთიერთობა ჰქონდათ. ინფორმაცია სააგენტო Interpressnews-მა გაავრცელა. 

"მე ვყოფილვარ, რაც ვყოფილვარ. რაც წერია, მაგას ჩემისთანა კაცი ვერ გააკეთებს. არ ვიცი, ამდენი ხანი ვყოფილვარ დასაჭერი. რა მაქვს დასამატებელი? - თუ უნდა დახვრეტა მოითხოვოს. როგორც მე და ჩემი შვილი ვიყავით, იშვიათია. უდედოდ გავზარდე, მე იქით მოვკვდები, ეს აქეთ, მაინც შევხვდებით ერთმანეთს ძმაკაცურად. ჩემი ცხოვრება შრომაში ვარ. თურმე რეციდივისტი ვყოფილვარ, ისეთი თქვა პროკურორმა“. - თქვა ფრიდონ აბჟანდაძემ. 

11 წლის ბავშვმა სიცოცხლე თვითმკვლელობით 23 აგვისტოს დაასრულა - ის თოკზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. გამოძიების ვერსიით, მიზეზი მამის მხრიდან მასზე სისტემატური ფიზიკური ძალადობა გახდა.  

ოჯახის ნათესავებმა გამოთქვეს ეჭვი, რომ 49 წლის კაცს შვილი ცემის დროს შემოაკვდა და თოკზე შემდეგ ჩამოკიდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, შესაძლოა, საქმის კვალიფიკაცია შეცვალოს და გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიდან განზრახ მკვლელობის მუხლით გაგრძელდეს.

კომენტარები