საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ხელმძღვანელი, ნოდარ ხარშილაძე ოპოზიციურ პარტიებს შორის დაპირისპირებას აფასებს და მას "ძალიან სამწუხაროს და არასწორს უწოდებს".
ხარშილაძის განცხადებით, ოპოზიციაში ყველაზე დიდი ძალა ნაციონალური მოძრაობაა, რომელიც კონსოლიდაციას უნდა ცდილობდეს, თუმცა, საპირისპიროდ იქცევა.
"სახიფათოა ის განცდა, რომ უკვე მოგებული გვაქვს არჩევნები და ამიტომ უკვე დაიწყო შიდა დაპირისპირება. ერთმანეთთან ბრძოლა არის სრული ნონსენსი, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან ქართული ოცნების შანსები არ ჩანს ცუდად და ასე თუ გააგრძელა ოპოზიციამ, კიდევ უფრო დაასხამს მის წისქვილზე წყალს. ყველაზე დიდი ძალა ოპოზიციაში, გამოცდილი და დიდი მხარდაჭერის მქონე, არის ნაციონალური მოძრაობა, რომელიც წესით ოპოზიციის ფლაგმანი უნდა იყოს და უნდა ცდილობდეს მის კონსოლიდაციას, რაც კარგი წინაპირობა იქნებოდა ხელისუფლების შეცვლისათვის. სამწუხაროდ დღეს ამ პროცესს ვერ ვხედავთ პირიქით, ვიღაცის ჯინაზე რაღაცის კეთებას უფრო ვხედავთ. რაციონალურის ნაცვლად ემოციური ფაქტორი უფრო გამოვიდა წინ. კარგი მაგალითია გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ აგორებული კამპანია და ამაზე დახარჯული რესურსი. თუ ის მართლა მხოლოდ 2%-იანი ოპოზიციური ძალაა მაშინ იყოს, რა პრობლემაა. თუ მას მზარდი პოლიტიკური პოზიციები აქვს და ციფრები ამას აჩვენებს, მაშინ კიდევ უფრო უკეთესი. ის ხმებს დაამატებს მთლიან ოპოზიციურ ყულაბაში. პირადი ვენდეტის გამო მთელი კამპანიის ორგანიზება როგორც მინიმუმ კონტრპროდუქტიულია. იგივე ეხება სხვა პარტიებთან ურთიერთობებს, შედეგად ზარალდება პროცესი". – წერს ხარშილაძე.
მისივე განცხადებით, ორგანიზაცია GSAC-ი მხარს უჭერს და აგრძელებს პროდასავლურ ოპოზიციასთან თანამშრომლობას და ცდილობს, მათ ყველანაირი დახმარება აღმოუჩინოს პოზიტიური ცვლილებების მოსატანად.
"ჩვენი სურვილია ვიხილოთ ნაკლები კინკლაობა და მეტი თანამშრომლობა, რაც უფრო რეალურს გახდიდა ოქტომბრის ბოლოს პროდასავლური ძალების გამარჯვებას". – აცხადებს ხარშილაძე.
მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ 2019 წლის ნოემბერში, 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების საკონსტიტუციო კანონპროექტი ჩააგდო, ოპოზიციურმა პარტიებმა შეკრება და საერთო გეგმაზე მუშაობა დაიწყეს. საპროტესტო აქციებთან და დასავლელი პარტნიორების ზეწოლასთან ერთად, მათი კონსოლიდაციით მოხერხდა ის, რომ საბოლოოდ, ქართულმა ოცნებამ მათთან საარჩევნო შეთანხმებას ხელი მოაწერა და გადაწყდა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე არა 73, არამედ 30 მაჟორიტარული ოლქი იქნება.
პარტიებმა დაიწყეს მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე მუშაობაც. თუმცა, საბოლოოდ, ნაციონალურმა მოძრაობამ რეგიონებში შეთანხმებაზე უარი თქვა და თბილისის გარდა დანარჩენ 22 ოლქში თავის კანდიდატს აყენებს. ყველა ოლქში ეყოლება მაჟორიტარობის კანდიდატი ლელოსაც.
ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებისთვის საერთო კანდიდატზე მხოლოდ თბილისის რამდენიმე ოლქში შეთანხმდა – დედაქალაქის ექვს რაიონში ოპოზიციას საერთო კანდიდატი ეყოლება.





