11 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმე

მინდიაშვილი: დიდი ხნის წინ წარმოქმნილი ეს საბავშვო ჯოჯოხეთი აუცილებლად უნდა დავასრულოთ

საქართველოში ყველაზე უმნიშვნელო და დაჩაგრული ადამიანი არის ბავშვი - ეს არის ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი ტრაგედია. ბავშვების უდიდესი უმრავლესობა იზრდება მოძალადე მშობლების მიერ, იზრდება ოჯახებში, რომლებიც ქალზე, შვილებზე ძალადობას აუცილებელ აღსაზრდელ საშუალებად მიიჩნევენ, ან უბრალოდ ძალადობენ, - ყოველგვარი აღმზრდელობითი მიზნის გარეშე. იშვიათად, მაგრამ, ხდება ისეც, რომ მშობლები, საკუთარი უნიათობის გამო, ბავშვებს აძლევენ სრულ თავისუფლებას, - ესეც, ხშირად, მძიმე ფსიქიკური ტრავმებით სრულდება. საქართველოში უამრავი ბავშვი ადრეული ასაკიდან ხდება ალკოჰოლის ან ნარკოტიკის მომხმარებელი, ადრევე იწყებენ თამბაქოს მოწევას, მათ არ იციან, რა უყონ თავიანთ სექსუალობასა და როგორ დაიოკონ აგრესია. უამრავი ბავშვი ადრევე თავად ხდება მოძალადე ან ძალადობის მსხვერპლი, ან ორივე ერთად. ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელია ელემენტარული განათლება და დასვენება.

სკოლის რეფორმას წლებია ან ხისტად აჩერებს ხელისუფლება, როგორც ეს სააკაშვილის დროს იყო, ან საერთოდ აბუჩად იგდებს სკოლას, როგორც ეს ივანიშვილის მმართველობისასაა. თანაც, ეს ხდება ერთადერთი მიზეზის გამო - ხელისუფლებას საარჩევნოდ სჭირდება უბირი და მოძალადე მასწავლებლებისა და დირექტორების დიდი არმია (ცხადია, ყველას არ ვგულისხმობ). საპატრიარქო, წლებია, იბრძვის, რომ ბავშვზე ძალადობა არ იყოს დასჯადი. თავად პატრიარქს მრავალჯერ უქადაგია, რომ იქ, ბოროტ დასავლეთში, მშობელი თუ შვილს ცემს, პოლიციას უძახებენ და ამით ბავშვებს მშობლების წინააღმდეგ განაწყობენ. საქართველოში, სკოლის მიღმა, ფაქტობრივად, არ არსებობს ნორმალური გასართობი თუ საგანმანათლებლო ცენტრები. საბავშვო სპორტულ ორგანიზაციებში კი, უმეტეს შემთხვევაში, ბავშვებზე ძალადობენ და მოძალადეებად ზრდიან მათ. ეს მკვლელობები, ეს თვითმკვლელობები, ეს უბედურება ჩვენი ბრალია, თითოეული ჩვენგანის. დიდი ხნის წინ წარმოქმნილი ეს საბავშვო ჯოჯოხეთი აუცილებლად უნდა დავასრულოთ, - ეს უნდა იყოს მთავარზე უმთავრესი ეროვნული, პოლიტიკური და ყველანაირი მიზანი.

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი თერჯოლაში დატრიალებულ ტრაგედიას გამოეხმაურა. 23 აგვისტოს 11 წლის ბავშვმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მიზეზი მამის მხრიდან სისტემატური ფიზიკური ძალადობა გახდა. თუმცა, ოჯახის ახლობლები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ბავშვს თავი არ მოუკლავს და ის მამამ ცემის დროს მოკლა. მათივე თქმით, ოჯახში ძალადობაზე პილიცია ინფორმირებული იყო, მაგრამ არაფერი გააკეთა.

კომენტარები