11 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმე

თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის ბებია: რაც ხდებოდა, ძალიან კარგად იცოდა პოლიციამ

ფორმულა

თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის ბებია ამბობს, რომ პოლიციას ჰქონდა ინფორმაცია იმ ოჯახში არსებული ძალადობის შესახებ.

"ერთხელ მე ვუჩივლე, თოფით რომ კლავდა ცოლს [ბავშვის მამა]". – უთხრა მან მთავარ არხს.

"ჩემ შვილს დავურეკე, ტიროდა, დედა, ბავშვი მირეკავდა, მიშველე, მამა დანით დამდევს მოსაკლავადო. ბიძამისი ამბობს, რომ ყოველ ღამე, როცა მთვრალი იყო, აფეთქებული [იყო] ტელეფონი, რეკავდა, ბიძია მიშველე, ბიძია მიშველე, მეუბნებოდაო". – თქვა ქალმა ფორმულასთან.

11 წლის ბავშვმა სიცოცხლე თვითმკვლელობით 23 აგვისტოს დაასრულა - ის თოკზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. მიზეზი მამის მხრიდან მასზე სისტემატური ფიზიკური ძალადობა გახდა.

ბებიამ მთავარ არხს უთხრა ისიც, რომ ბავშვის მამა ოჯახის ყველა წევრს სცემდა და აწამებდა:

"ქმარი ცოლს შვილის მკვლელობით დაემუქრა, ფულს თუ არ გამომიგზავნი, ვეღარც ამ შვილის ხმას გაიგებო".

ბავშვის დედა საზღვარგარეთ მუშაობდა.

ასევე, ოჯახის ნათესავებმა გამოთქვეს ეჭვი, რომ 49 წლის კაცს შვილი ცემის დროს შემოაკვდა და თოკზე შემდეგ ჩამოკიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, შესაძლოა, საქმის კვალიფიკაცია შეცვალოს და გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიდან განზრახ მკვლელობის მუხლით გაგრძელდეს.

მომხდარის შესწავლა დაიწყო სახალხო დამცველმაც. ნინო ლომჯარიას თქმით, უნდა დადგინდეს, რატომ არ იყო შესაბამისი ორგანოების მხრიდან ეფექტური და დროული გამოძიება, თუკი ძალადობის თაობაზე პოლიციას ჰქონდა შეტყობინებები.

"რატომ ვერ მოახდინა პოლიციამ ძალადობის პრევენცია ბავშვის მიმართ. მით უმეტეს, თუ წლების განმავლობაში იყო სისტემატური ძალადობა. ასევე, რატომ არ იყო ინფორმირებული სოციალური სამსახური და რატომ არ იყო ჩართული ბავშვის მდგომარეობის შესწავლის პროცესში შესაბამისი სოციალური მუშაკი. ვფიქრობ, რომ ეს საქმე ცხადყოფს იმ სისტემურ პრობლემებს, რაც არსებობს ბავშვის ძალადობისგან დაცვის მიმართულებით ქვეყანაში". – განაცხადა ლომჯარიამ.

კომენტარები