არჩევნები 2020

თევდორაძე: დოსიეს გამოძიება, თითქოს "პატრიოტები" კრემლიდან ფინანსდება, ევსაქების შეთხზულია

გოჩა თევდორაძე ამბობს, რომ პატრიოტთა ალიანსის შესახებ ხოდორკოვსკის ორგანიზაციის, დოსიეს მიერ გამოქვეყნებული გამოძიება, თითქოს პარტია კრემლიდან ფინანსდება, ევროპული საქართველოს შეთხზულია.

თევდორაძის თქმით, "ურეიტინგო პოლიტიკურ ძალას" ეს "თავისი პიარ-კამპანიისთვის დასჭირდა".

მისივე განცხადებით, ევროპული საქართველოს მხრიდან პატრიოტთა ალიანსის ცილისწამების მიზეზი ირმა ინაშვილის და დავით თარხან-მოურავის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტიცაა.

"გაჩნდა რაღაც იმედის ნაპერწკალი და ეს აუტანელი გახდა ევროპული საქართველოს მესვეურებისთვის. გარდა ამისა, ჩვენ ცოტა ხნის წინ წარმოვადგინეთ კვლევა, ვისაუბრეთ პოლიტიკურ რეიტინგებზე. არ გამოვრიცხავ, რომ მათ სურთ რუსეთიდან ან სხვა ქვეყნიდან დაფინანსების მიღება [...].

იქნებ ნაციონალური მოძრაობის არის, იქნებ ევროპული საქართველოსია [გამოძიება]. სააგენტო დოსიე თავად წერს, რომ არავითარ პასუხს არ აგებს ამ ინფორმაციაზე". – თქვა გოჩა თევდორაძემ ტვ პირველის ეთერში.

ევროპულმა საქართველომ დღეს, 24 აგვისტოს, პროკურატურას მიმართა განცხადებით, გამოიძიოს პატრიოტთა ალიანსის დაფინანსების საკითხი.

ინფორმაცია, რომ პატრიოტთა ალიანსს წინასაარჩევნოდ კრემლი პირდაპირ ეხმარება, მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაცია დოსიემ 24 აგვისტოს გაავრცელა.

"სხვა ქვეყნიდან დაფინანსების მიღება ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, დანაშაულია. ნორმალური პირობებში, რა თქმა უნდა, უნდა გამოიძიოს სახელმწიფომ. თუმცა, ჩვენ გვესმის, რომ ეს პარტია არის ქართული ოცნების სატელიტი.

მეორე კონტექსტი არის ასევე ძალიან საშიში. ეს არის რუსეთის მხრიდან ჩვენს არჩევნებში ჩარევის კონკრეტული ინსტრუმენტი. გამოვრიცხავ, რომ პროკურატურა რეაგირებას მოახდენს, პირდაპირ გეტყვით, თუმცა ესეც იქნება ერთგვარი პასუხი, რომ დიახ, ქართული ოცნება ხელს აფარებს პატრიოტებს". - თქვა ელენე ხოშტარიამ მთავარ არხთან.

ცენტრ დოსიეს მიერ ჩატარებული გამოძიებით ირკვევა, რომ პატრიოტთა ალიანსს საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში ეხმარება კრემლთან დაკავშირებული რამდენიმე პირი, რომლებსაც, თავის მხრივ, რუსული სპეცსამსახურების მაღალი თანამდებობის პირები აკონტროლებენ.

ორგანიზაციას ხელში ჩაუვარდა, პოლიტტექნოლოგ სერგეი მიხეევის მიერ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაგზავნილი სამუშაო დოკუმენტი, რომელიც პატრიოტთა ალიანსის წინასაარჩევნო კამპანიის მომზადებას ეხება. როგორც ანგარიშგებაშია აღნიშნული, პროექტის მიახლოებითი ღირებულება 700 ათას დოლარს შეადგენს, რაშიც შედის მგზავრობის, ტრანსპორტისა და საცხოვრებელი ხარჯები.

ვრცლად იმაზე, თუ როგორ ეხმარება კრემლი პატრიოტთა ალიანსს და რა ინსტრუქციებს აძლევს მათ, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები