არჩევნები 2020

გახარია: ყოველდღიურად უნდა ვხედავდეთ, როგორ ხდება ქვეყანა ეკონომიკურად კიდევ უფრო ძლიერი

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ბევრი არაფერი არ გაკეთებულა, გზებიც ბევრი გვაქვს კიდევ გასაკეთებელი. თეთრწყაროში, თბილისის გვერდზე, გაზიფიცირების რამხელა პრობლემებია, ყველამ კარგად იცით, მანგლისი აქვეა და გაზიფიცირება დაიწყო ამ ზაფხულს. სერიოზული პრობლემებია წყალმომარაგებაში.

მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს სისტემური ინფრასტრუქტურა მილიარდები ჯდება. ეს არ არის ის ინფრასტრუქტურა, რომელიც შეიძლება ერთ წელიწადში გაკეთდეს, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ თითოეული ჩვენგანი უნდა გრძნობდეს სხვაობას, იმ ყოველდღიური ცხოვრების ხარისხში, რომლითაც ვცხოვრობთ დღეს.

ჩვენი დღევანდელობა ცოტა უკეთესი უნდა იყოს, ვიდრე იყო გუშინდელი დღე, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება, ვიდრე დღევანდელი. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი, ჩვენ, ყველანი, ყოველდღიურად უნდა ვხედავდეთ ნაბიჯ-ნაბიჯ პროგრესს, როგორ ხდება ქვეყანა კიდევ უფრო დემოკრატიული, ეკონომიკურად კიდევ უფრო ძლიერი და კიდევ უფრო ევროპული. ეს არის ის, რაზეც ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ და, შესაბამისად, ამაში უნდა მოგვეხმაროს გოგი მეშველიანი, რომელმაც უნდა გააგონოს საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს თეთრიწყაროელების ხმა.

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია, თეთრიწყაროში, მაჟორიტარი კანდიდატის, გოგი მეშველიანის წარდგენისას. ბოლო პერიოდში პრემიერი იმაზე ლაპარაკობს, რომ "ღრმა ეკონომიკურ კრიზისში შევდივართ" და "ბრძოლა წლების მანძილზე მოგვიწევს". ის ჩვენი ეკონომიკის "შესანიშნავი მაჩვენებლის ძალიან სწრაფად აღდგენას" გეგმავს. "შესანიშნავი მაჩვენებელი", რომელზეც პრემიერმინისტრი ლაპარაკობს - 5.2%-ა. სწორედ ამდენით გაიზარდა საქართველოს ეკონომიკა 2019 წელს, ხოლო 2020 წლის იანვარში ეკონომიკური ზრდა - 5.1% იყო. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა, 2010 წლიდან მოყოლებული, საშუალოდ 6.1%-ს შეადგენდა, თუმცა, 2013 წლიდან მისი ტემპი დამუხრუჭდა.

კომენტარები