ავღანეთი

ქაბულში სარაკეტო თავდასხმა მოხდა, დაშავდა 10 ადამიანი

Reuters

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში სარაკეტო ჭურვებით თავდასხმა მოხდა. აფეთქებისას სულ მცირე 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 4 ბავშვი. თავდასხმა ავღანეთის დამოუკიდებლობის დღეს დაემთხვა.

შეტევა ქალაქის "მწვანე ზონაში" მოხდა, სადაც ბევრი საელჩო და ნატოს ოფისია განლაგებული.

თოთხმეტი სარაკეტო ჭურვი ორი ავტომობილიდან გაისროლეს. თავდამსხმელთა ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერის ინფორმაციით, ორი მთავარი ეჭვმიტანილი დაკავებულია.

ბოლო პერიოდში განახლდა სამშვიდობო მოლაპარაკებები ავღანეთის ხელისუფლებასა და თალიბანს შორის. გასულ კვირას სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებისთვის ავღანეთის მთავრობამ თალიბანის წევრი პატიმრების გათავისუფლება დაიწყო.

წლის დასაწყისში აშშ-მ და თალიბანმა ავღანეთის სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ხელშეკრულების მიხედვით, აშშ-ს ჯარმა ავღანეთი მომდევნო 14 თვის განმავლობაში უნდა დატოვოს. გარიგება ავღანეთში მიმდინარე 19-წლიანი ომის დასრულებას ითვალისწინებს.

 

კომენტარები