არჩევნები 2020

რუსთავი 2: ქართული ოცნების 52% გადაწყვეტილი ამომრჩევლიდანაა, გადაუწყვეტელი 42.8% იყო

speakerstones

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მათ მიერ დაკვეთილ კვლევაში გადაუწყვეტელი ამომრჩეველი 42.8 %-ია.

მთელი დღის განმავლობაში ტელეკომპანია ამბობდა, რომ Survation-ს თავისი მეთოდოლოგია აქვს და კომპანიამ მხოლოდ იმ ამომრჩევლის ხმები დათვალა, რომლებმაც გადაწყვეტილი აქვთ ხმას ვის აძლევენ და ორგანიზაცია არ ითვალისწინებს იმ ადამიანების, რომლებიც პასუხს არ ცემენ რამდენჯერმე დასმულ კითხვას.  

მათივე ცნობით, კვლევა 15-დან 24 ივლისის პერიოდსა და 1200 რესპოდენტია გამოკითხული. 

კვლევის მიხედვით, კითხვაზე "საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას", გამოკითხულთა 52% ქართულ ოცნებას ასახელებს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას -19%, ევროპულ საქართველოს - 8 %, პატრიოტთა ალიანსსა და ლელოს ხმების 5-5% აქვთ, ახალ საქართველოს - 4%, სხვა - 7%.

კვლევის შედეგებს არ ეთანხმებიან ოპოზიციაში და აცხადებენ რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა განზრახ დაიმალა. ევროპული საქართველოს წევრის სერგი კაპანაძის თქმით, კვლევით გამოდის, რომ ქართულ ოცნებას 29 % უჭერს მხარს და არა - 52. 

"ეს კვლევა რომ გამოქვეყნებული შემდეგი ფორმით, რომ გამოიკითხა 1200 ადამიანი, 42%-მა უარი თქვა პასუხზე ან არის ჩამოუყალიბებელი. ხოლო დანარჩენების 52 პროცენტი მხარს უჭერს ქართულ ოცნებას. რაც გამოდის 29 % საერთო რიცხვის, მაშინ ეს კვლევა იქნებოდა გაცილებით უფრო სანდო. სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა და მხოლოდ ბოლო რიცხვი იქნა გამოქვეყნებული, ისე რომ დაიმალა ეს ყველაფერი".- ამბობს კაპანაძე რუსთავი 2-თან საუბარში. 

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, რომან გოცირიძის თქმით, ალოკაციის მეთოდი სპეციალურად იქნა გამოყენებული, სრული სურათის დასანახად აუცილებელია გადაუწყვეტელ ამომრჩეველთა რიცხვის ცოდნა. 

კვლევის შედეგებით კმაყოფილია მმართველი გუნდის წევრი მამუკა მდინარაძე. ის ამბობს, რომ რეალობასთან მიახლოებული შედეგებია. მისი თქმით, ქართულ ოცნებას სინამდვილეში 60%-მდე რეიტინგი გვაქვს. 

კომენტარები