ევროპული საქართველო

კანდელაკი: მთავრობამ უსაფრთხო ქვეყნებიდან 16 ტურისტული ჩარტერული რეისი დაბლოკა

ტაბულა

8 აგვისტოს ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი, ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას მიერ 7 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც "საქართველოში 300-მდე ტურისტია ჩამოსული". კანდელაკის განცხადებით, ბოლო პერიოდში საქართველოს მთავრობამ დაბლოკა ტურისტებით სავსე 16 ჩარტერული რეისი უსაფრთხო ქვეყნებიდან, ლიტვიდან და ესტონეთიდან.

"გვსურს საზოგადოების, განსაკუთრებით კი იმ ჩვენი თანამოქალაქეების ყურადღება, რომელთა შემოსავალი დამოკიდებულია ტურიზმზე, გავამახვილოთ კონკრეტულ და ამავე დროს დაუჯერებელ ინფორმაციაზე: ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ დაბლოკა ტურისტებით სავსე 16 ჩარტერული რეისი ლიტვიდან და ესტონეთიდან. ლიტვიდან რეისები უნდა განეხორციელებინა ჩარტერულ აივაკომპანია Get Jet-ს. შეგახსენებთ, რომ ლიტვაც და ესტონეთიც საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა უსაფრთხო ქვეყნებად. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ დაიბლოკა სხვა ჩარტერებიც." – თქვა გიორგი კანდელაკმა.

მისვე თქმით, უსაფრთხო ქვეყნებიდან ტურისტული ჩარტერების დაბლოკვა არარაციონალური, არამეცნიერული და მავნებლური გადაწყვეტილებაა, რომელიც, თუნდაც მცირე შემოსავლის თეორიული შანსის გარეშე ტოვებს ტურიზმზე დამოკიდებულ ათიათასობით ადამიანს:

"ეს ადამიანები იმედის თვალით უყურებდნენ ევროკავშირის ხუთ ქვეყანასთან საზღვრების გახსნას და ელოდნენ ამ ქვეყნებთან დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ფრენების აღდგენას მთავრობა კი მათ ეუბნება რომ შანსიც არ აქვთ".

გიორგი კანდელაკის განცხადებით, ასევე არამიზნობრივი ხარჯი და ფულის ფლანგვაა უსაფრთხო ქვეყნებში ჩარტერების დანიშვნა ბიუჯეტის ხარჯზე – "მიეცათ საშუალება ვიზეარისა და რაინეარისთვის ეფრინათ უსაფრთხო ქვეყნებში - რომელთა რიცხვში, ცხადია, უნდა შევიდეს პოლონეთი, საბერძნეთი, ავსტრია და დანია - გააუქმეთ დისკრიმინაციული კარანტინი და არანაირ ჩარტერებში ფულის ყრა არ გახდებოდა საჭირო. სტუდენტებიც და ემიგრანტებიც თავისუფლად და იაფად შეძლებდნენ მგზავრობას".

-----------

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე აკრძალვა პირველ სექტემბრამდე გაახანგრძლივა. საავიაციო სააგენტომ უკვე გამოსცა შესაბამისი ნოტამი. საქართველოში მარტის შემდეგ ჩაკეტილი საერთაშორისო ტურიზმი პირველი ივლისიდან უნდა გახსნილიყო, თუმცა საქართველოს მთავრობამ რეგულარული ფრენების აღდგენა ჯერ პირველ აგვისტომდე, ხოლო ახლა კიდევ ერთი თვით გადაავადა. მიზეზად მმართველი გუნდი კორონავირუსის საფრთხეს და "მოქალაქეებზე ზრუნვას" ასახელებს. 

შეზღუდვა არ ვრცელდება მხოლოდ იმ სამი მიმართულებით ფრენებზე, რომლებიც აგვისტოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პარიზის შარლ დე გოლის, მიუნხენის და რიგის საერთაშორისო აეროპორტებში შესრულდება. თბილისიდან მიუნხენში ავიაკომპანია Lufthansa იფრენს კვირაში ორჯერ, პარიზში - Air France - ასევე კვირაში ორჯერ. რაც შეეხება რიგას, ავიაკომპანია Air Baltic-ი რეისებს 5 აგვისტოდან 20 აგვისტომდე კვირაში ერთხელ, ხოლო შემდეგ - თუ "ეპიდემიოლოგიური ვითარება საშუალებას მოგვცემს", კვირაში ორჯერ შეასრულებს.

დაბალბიუჯეტიან კომპანიებს - Wizzair-ს და Ryanair-ს ხელისუფლება ჯერჯერობით ფრენის ნებართვას არ აძლევს, რადგან, ეკონომიკის მინისტრის თქმით, დაბალბიუჯეტიან კომპანიებს კვირაში ერთი და ორი ფრენა არ აწყობთ". ნათია თურნავა ამბობს, რომ Wizzair-ს და Ryanair-ს ათზე მეტ მიმართულებაზე სურთ ფრენა, რისთვისაც, მისი აზრით, საქართველო და მსოფლიო ახლა მზად არ არის და "როდესაც ვიქნებით ამისთვის მზად, მსოფლიო და ის ქვეყნები როდესაც იქნებიან მზად, საიდანაც ისინი იფრენენ, დავუშვებთ ამ ფრენებს".

საქართველო იმ ქვეყანათა სიაში შევიდა, რომლებსაც ევროკავშირმა საზღვრები პირველი ივლისიდან გაუხსნა, თუმცა საქართველოს მთავრობა უპირობოდ მხოლოდ ევროკავშირის ხუთი ქვეყნის მოქალაქეებს შემოუშვებს. გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეუძლიათ, თუმცა იმავე ქვეყნებიდან ჩამოსულმა საქართველოს მოქალაქეებმა ორკვირიანი კარანტინი უნდა გაიარონ.

კომენტარები